19 novembre 2016

მეხუთე ელემენტი. ტარა.

ჟურნალი ანაკლია N 2 ნოემბერი 2016

ხოლოდ მაშინ შევძლებთ, რეალურად დავამკვიდროთ გარემოს დაცვის  კულტურა, როდესაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ირწმუნებს, რომ  დედამიწის ეკოსისტემას საზღვრები არ გააჩნია, ის ერთნაირად გვეკუთვნის ყველას, ერთნაირად გვაცოცხლებს ან გვკლავს. ჩვენ მასზე, როგორც ერთ დიდ, დაავადებულ, კოროზიებით დასერილ მატრიცაზე ვართ მიერთებულნი. იმისდა მიხედვით, თუ რითი ვკვებავთ მასვიკვებებით ჩვენც. ამიტომ ჩვენც ავად ვართ...

პლანეტის საერთოობის გააზრების შედეგად შეგვიძლია ავტომატიზმამდე მივიყვანოთ ისეთი ყოველდღიური, დიდი დანაშაულის ხარისხში აყვანილი პატარა საყოფაცხოვრებო უპასუხისმგებლობებთან ბრძოლა, როგორიც არის გარემოს დაბინძურება, განსაკუთრებით, ბიოლოგიურად არადეგრადირებადი  ნაგვით, მწვანე საფარის განადგურება, იშვიათი ჯიშის ცხოველების მკვლელობა... მხოლოდ მაშინ შეიძლება მიხვდე, რომ საკუთარი სახლის წინ მდინარეში მოსროლილი პლასტმასის ერთი ბოთლი უბრალოდ პატარა უკულტურობის გამოხატულება კი არა, პლანეტისთვის ნასროლი გიგანტური ბირთვული მოლოტოვის კოქტეილია, დანაშაულია კაცობრიობის წინაშე.
მარტივად რომ ვთქვათ: არ არის საკმარისი, ზღვის პრობლემამ შეგაწუხოს მხოლოდ ზაფხულში ქობულეთისა და ბათუმის დაბინძურებულ პლაჟზე, უნდა გაწუხებდეს აგრეთვე ინდოეთის ოკეანის დაბინძურება და ჩრდილოეთ პოლუსზე ყინულის საფარის კლება... მხოლოდ მაშინ შეიძლება გარკვეულ  ეკოკულტურაზე საუბარი.

21-ე საუკუნის ადამიანის ცივილიზებულობის ხარისხის შეფასების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი გახლავთ გლობალური ეკოლოგიური პრობლემების გაგებისა და ინდივიდუალური გაზიარების ხარისხი, რომლის მიხედვით შეიძლება დავადგინოთ, რამდენად რეალურად წარმოადგენს ესა თუ ის პიროვნება 21-ე საუკუნის ნაწილს.

დედამიწის ეკოსისტემის ნაწილად თავის აღქმა, ამ სისტემის ჰიგიენაზე ისეთივე ზრუნვა, როგორც საკუთარზე, არის სწორედეკოკულტურა“, რომელიც შორეულ მომავალში ჩვენი საუკუნის კულტურული იდენტობის მთავარ ისტორიულ ინდიკატორად დარჩება. დღეს კი ყოველი ჩვენგანის ინდივიდუალური გადასაწყვეტია, მიაკუთვნებს თუ არა თავს ამ საუკუნეს.
შესაძლოა ვინმემ თქვას (როგორც ხშირად გვჩვევია ქართველებს): „მსოფლიო თავის ეკოსისტემას როგორღაც მიხედავს, ჩვენ საკუთარისთვის ვერ მოგვივლია, სჯობს, ჯერ ჩვენსაზე ვიფიქროთო“. გარკვეული თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მართალიც იქნება.

ლოგიკურია, თუ ადამიანს საკუთარი სახლის წინ ქუჩის სისუფთავე არ აღელვებს, მას გლობალური დათბობის პრობლემა მხოლოდ სატელევიზიო სტატისტიკური ინფორმაციის სახით შეეხება. მაგრამ ჩვენ არც არავინ გვთხოვს ავსტრალიის გარემოს პრობლემების გადაწყვეტას. ჩვენ გვთხოვენ, მხოლოდ საქმის კურსში ვიყოთ, თუ რა ხდება ავსტრალიაში და ისიც იმიტომ, რომ სხვანაირად ჩვენი ეკოპრობლემები ისეთივე იზოლირებული აღმოჩნდება მსოფლიო სისტემისგან, როგორც ზოგადად საერთო კულტურა, რომელიც ასე აკლია დღეს საქართველოს. ჩვენ გვჭირდება ვიცოდეთ მსოფლიო ოკეანის  პრობლემები იმისთვის, რომ მივხვდეთ, რამდენად საჩქაროა შავი ზღვის იმ ერთი ციცქნა ნაწილის პრობლემების მოგვარება, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის. რადგან ზღვა ისეთივე ჩვენია, როგორც უშბა, თეთნულდი, მყინვარწვერი. მხოლოდ სამწუხაროდ ჩვენ მას არ ვიცნობთ; ზღვა თითქოს ჩვენი გერი, მხოლოდ აგვისტოს ხვატში გაგრილების საშუალებაა, რომლის დაბინძურება შესაბამისად მხოლოდ ზაფხულის ორ ყველაზე ცხელ თვეში გვაწუხებს, და ჩვენში ყველაზე კულტურულები სოციალურ ქსელებში დანაგვიანებული პლაჟების ფოტოების გამოქვეყნებით ერთგვარ მოქალაქეობრივ ანგარიშს ვასწორებთ სამშობლოსთან. 

მხოლოდ მერე, სექტემბრიდან მომავალი წლის ივლისამდე, ვეღარავინ ამჩნევს იმავე სანაპიროზე გამორიყულ იმავე ნაგავს, რომელსაც ბევრად მეტი ზიანი მოაქვს ჩვენთვის, ვიდრე უბრალოდ ორკვირიანი საარდადეგებო ბინძური დისკომფორტი. ეს ბიოლოგიურად არადეგრადირებადი ნარჩენები   პირდაპირი მნიშვნელობით ანადგურებენ შავ ზღვას, მის ბიომრავალფეროვნებას. ბოლო დროს ჩვენ მივეჩვიეთ, ყველაფერზე საზოგადოებას მოვთხოვოთ პასუხი, მის მოქალაქეობრივი კულტურის ნაკლებობას გადავაბრალოთ ყველა პრობლემა.



ეს უსამართლობაა: შეუძლებელია, მოზარდი გაკიცხო მათემატიკის. ფიზიკის, ქიმიის არცოდნის გამო, თუ მისთვის ბავშვობაში გამრავლების ტაბულაც კი არ გისწავლებია; გაკიცხო და დასცინო, რომ არ წაუკითხავს გოეთე და პრუსტი, თუ მისთვის გამართული წერა-კითხვა არ გისწავლებია.  სახელმწიფომ უნდა შექმნას მინიმალური კონტექსტი იმისთვის, რომ მოქალაქემ დამოუკიდებლადაც შეძლოს თავისი მოქალაქეობრივი კულტურის (ცივილურობას რომ ეძახიან) პროგრესირებამხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი, საქართველოშიც გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც თავიანთ ცოდნას, ენერგიას, მატერიალურ მდგომარეობას მოახმარენ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა პრობლემის მოგვარებას და აღარავის გაუჩნდება საყვედურნარევი შენიშვნის მიცემის სურვილი, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის მიხედვის შესახებ, რადგან ადამიანები მიხვდებიან, რომ პლანეტა მხოლოდ ერთი გვაქვს და მისი განადგურების შემდეგ, წასასვლელი აღარსად გვექნება.

სამწუხაროდ, მსოფლიოში არც ისე ბევრია ქვეყანა, რომლებშიც ეს ეკოკულტურა ასე თუ ისე შედგა და ეს ზოგადად ყველაზე ცივილიზებული ქვეყნებია, თუნდაც ეს ტერმინი ბევრს აღიზიანებდეს და დისკრიმინაციულად ეჩვენებოდეს. ყველაფერს ალბათ დრო სჭირდება, რომელიც სულ უფრო და უფრო ცოტა გვრჩება. თუმცა დროსაცროგორც წესიადამიანის ძალისხმევის გარეშე თავისით არაფერი მოაქვსსამაგიეროდ, მიაქვს ბევრი რამყველაზე ძვირფასი. მიაქვს ისევ ჩვენივე უმოქმედობის, შურის, სიხარბის წყალობით. ჩვენ კი დროს და მის დაუნდობლობას ვაბრალებთ საკუთარ უგუნურებას.

ჩვენი ცხოვრების ჰიგიენის სინქრონიზება დედამიწის ეკოსისტემის ჰიგიენასთან ყოველდღიური, ყოველწუთიერი საზრუნავია და ყოველივე ზემოთ თქმულის ერთ-ერთი საუკეთესო დასტური გახლავთ ფრანგული იალქნიანი ხომალდის – „ტარას“ ამბავი, რომელიც 2005 წლიდან სერავს მსოფლიო ოკეანეს ყველა მიმართულებით და იკვლევს მას.

ტარა

ამა წლის 28 მაისს იალქნიანი ხომალდიტარა“ თავისი მუდმივი ადგილსამყოფელიდან, ბრეტანის პატარა პორტ ლორიენტიდან გავიდა ახალ ექსპედიციაშიწყნარი ოკეანის მარჯნის რიფის გამოსაკვლევად, მასზე კლიმატური ცვლილებებისა და ადამიანის მიერ მისი ექსპლოატაციის ფაქტორის  ზემოქმედების  შედეგების  შესასწავლად. ხომალდი  ორი წლის განმავლობაში წყნარ ოკეანეს რამდენჯერმე გადასერავს ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე და დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე. ის დაახლოებით ასი ათას კილომეტრს გაივლის. შევა 30 ქვეყანაში, გააანალიზებს 40 არქიპელაგს.  აიღებენ დაახლოებით 40 ათასი სინჯს.  შეადარებენ მონაცემებს...

გემზე მუდმივადმყოფება ექვსი მეზღვაური და მრავალპროფილიან მეცნიერთა შვიდკაციანი ჯგუფი. მათ კოორდინირებას უწევს საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო კვლევების ცენტრი და მონაკოს სამეცნიერო ცენტრი. მონაცემებზე სხვადასხვა ქვეყანაში იმუშავებს 18 ლაბორატორია და სამეცნიერო ინსტიტუტი.
ამ ორი წლის განმავლობაში გემზე მონაცვლეობით იმუშავებს 70 მეცნიერი  რვა  ქვეყნიდან.

ექსპედიციაში მონაწილეობას მიიღებს ექვსი არტისტი.
ყველი მათგანი გემზე გარკვეულ პერიოდს გაატარებს. ისინი შექმნიან ნამუშევრებს, რომლებიც შემდეგ გამოიფინება პარიზში, ბასტილიის მოედანთან ახლოსტარას“ გალერეაში, რომელიც ეკუთვნის ცნობილ ფრანგ დიზაინერს ანეს .- (Agnes B.) ის გახლავთტარას“ დამფუძნებელი მისივე კომპანიის გენერალურ დირექტორ ეტიენ ბურჟუასთან ერთად, სწორედ ანეს .- შეიძინა ეს ხომალდი, რომელიც მანამდე ეკუთვნოდა ცნობილ ბრიტანელ გარემოს დამცველს, პიტერ ბლეიკს. ამ უკანასკნელმა თავისივე შექმნილი გარემოს დაცვის პროგრამის ფარგლებში ამ შხუნით მთელი მსოფლიო მოიარა, სამწუხაროდ მისი თავგადასავალი 2001 წელს ბრაზილიის ამაზონიაში დასრულდა ტრაგიკულად: პიტერ ბლეიკი მეკობრეებმა მოკლეს.

ანეს . არტისტების მიმართ ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული მგრძნობელობით. მან 1994 წელს პარიზში გახსნა ცნობილიდღის გალერეა“ (la galerie du jour), სადაც იფინებოდნენ იმ დროის ცნობილი ალტერნატიული არტჯგუფები – „ბაზუკა“ Les Tétines Noires (შავი საწოვარა), ძმები რიპულინები და სხვა... ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ ანეს - თავის მიერ დაფინანსებულ გარემოს დაცვის კონცეფციაში, ექსპედიციებში არტისტების მონაწილეობა შეიტანა.

გალერეატარაში“ იფინება ყველაფერი, რაცტარას“ ექსპედიციებში შეიქმნა, აგრეთვე ის ნამუშევრები, რომელთა შინაარსი ახლოს არისტარას“ კონცეფციასთან.

გალერეა ორი წლის წინ გაიხსნა და პირველივე გამოფენა დაეთმო პარიზის ცნობილიარტ დეკოს“ უმაღლესი სახელოვნებო სკოლის პირველკურსელების ერთი ჯგუფის ნამუშევრებს პლანქტონების თემაზე. ამაზე ისინი მთელი სასწავლო წლის განმავლობაში მუშაობდნენ (პლანქტონებიოკეანის მიკროსკოპული ორგანიზმები). სწორედ იმ პერიოდშიტარას“ მეათე ექსპედიცია ოკეანის ღრმა წყლებში პლანქტონების პრობლემას იკვლევდა. არაჩვეულებრივი გამოფენა იყო, რომელმაც შემდეგ რამდენიმე გალერეა მოიარა. სწორედ ამ გამოფენაზე გავეცანი ახლოსტარას“ საქმიანობასექსპოზიციაში ჩემი ქალიშვილი, იმ დროსარტ დეკოს“ პირველკურსელი იღებდა მონაწილეობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორობის პრეცედენტი იყო ცნობილ დიზაინერს, მსოფლიო რანგის მეცნიერებსა და მომავალ არტისტებს შორის.

ტარაწყნარი ოკეანის“ ექსპედიციის გენერალურ დირექტორს, რომან ტრუბლეს ჟურნალანაკლიისთვის“ ვესაუბრე:  

რ.ტ.: თავად კონცეფცია მარტივია. არტისტების მონაწილეობა ჩვენს ექსპედიციებში ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მეცნიერების ან სპონსორების.  რადგან ხელოვნება არის უნივერსალური ენა, რომელსაც ყველაზე კარგად შეუძლია მესიჯის მიტანა იმ ადამიანებამდე, ვისაც წარმოდგენა არა აქვთ პლანეტის ეკოსისტემის მდგომარეობაზე. მეცნიერული ტექსტები რთული წასაკითხია. მათ თავიანთი დანიშნულება გააჩნიათ. მხოლოდ ხელოვნების ენას, არტისტულ გამოხატვას შეუძლია მეცნიერული ანალიზის გრძნობებამდე ინტერპრეტირება, ადამიანებამდე მიტანა. 

ხელოვნება კავშირს ამყარებს ადამიანებსა და ზღვას შორის. ასეთი კავშირი კი აუცილებელია. ადამიანმა უნდა იცოდეს, რა მოაქვს ზღვას მისთვის, რა მდგომარეობაშია ის, უნდა ესმოდეს მისი მოვლისა და გაფრთხილების მნიშვნელობა, ხვდებოდეს, რომ ეკოსისტემას ისევ ჩვენივე სასიცოცხლო  ინტერესებისთვის ვიცავთ. ასეთი კომუნიკაციისთვის ხელოვნება საუკეთესო საშუალებაა იმ გზავნილის გასავრცელებლად, რომელიც ჩვენ გვსურს რომ გავავრცელოთ. არტი ყველას ელაპარაკება, განსხვავებული რელიგიის, ეთნიკური წარმოშობის მიუხედავად... 

...ცივილიზაციებს შორის ურთიერთობები ძალიან რთულია. მხოლოდ არტს შეუძლია ამ უხილავი ძაფების გაბმა თავისი ემოციური და არა ტექნიკური ენით. ჩვენ სწორედ ამიტომ ვეპატიჟებით არტისტებს ხომალდზე, რომ ისინი  სრულფასოვანი მონაწილენი გახდნენ ამ სამუშაოსი და მერე ჩვენი გზავნილი გაავრცელონ, რომელიც მათი საშუალებით უამრავ ისეთ ადამიანს შეეხება, რომელსაც არასდროს უფიქრია პლანეტის ეკოსისტემაზე და შესაძლოა არც ანაღვლებს ეს პრობლემა. არტს ჩვენს გემზე სრულიად კონკრეტული და პრაგმატული ფუნქცია გააჩნია. არტისტები ჩვენს ყველა ექსპედიციაში მონაწილეოდნენ. მათი იქ შექმნილი ნამუშევრები შემდეგ  მსოფლიოს ყველაზე ცნობილ გალერეებში იფინებოდა...

პ.ქ.: სულ რამდენი ექსპედიცია განახორციელატარამ“?

რ.ტ.: ცხრა. თითქმის ყველა ოკეანეში. ყოველი მათგანი ძალიან მნიშვნელოვან ეკოლოგიურ პრობლემებს მიეძღვნა. ბოლო ორი ექსპედიცია განხორციელდა ხმელთაშუა ზღვაში, ის ემსახურებოდა მეცნიერულ კვლევას გარემოზე პლასტმასის მავნე ზემოქმედების შესახებრომლითაც ასე დაბინძურებულია მსოფლიოს ყველა ზღვა... 2004 წელს ჩვენ ვიკვლევდით გრენლანდიაში ჯერ კიდევ ხელუხლებელ ფლორასა და ფაუნას, ვმუშაობდით ანტარქტიდაში, სამხრეთ პოლუსზე, ვიკვლევდით კლიმატის ცვლილებების გავლენას ყინულის საფარზე, გარემოს დაბინძურების გავლენას პლანქტონებზე...


პ.ქ.: რატომ გადაწყვიტეთ ბოლო ექსპედიციაში მარჯნის რიფის გამოკვლევა?

რ.ტ.: ჩვენ ვიკვლევთ კლიმატის ცვლილებების გავლენას მარჯნის რიფზე, რომელიც მსოფლიო ოკეანის ფსკერის 0,2 %-ს ფარავს და იფარებს მსოფლიოს ზღვის ბიომრავალსახეობათა 30 %-ს, დაახლოებით 1200 სახეობის ზღვის ბინადარს. მარჯანი დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე ძველი ბიოორგანიზმია მედუზასთან ერთად, მისი ასაკი დაახლოებით 600 მილიონი წელია. მარჯნის რიფის არსებობით მიღებული სარგებელი ყოველწლიურად 30 მილიარდ დოლარს აჭარბებს, ის წარმოადგენს მილიონობით ადამიანისთვის  შემოსავლის ერთადერთ წყაროს. საკვების უზარმაზარ რეზერვს. სამწუხაროდ, მსოფლიო მარჯნის რიფის მხოლოდ 46%-ია ჯანმრთელ მდგომარეობაში, 20 % უკვე განადგურებულია, 15 % სერიოზულად არის დაავადებული და ათ წელიწადში აღარ იარსებებს, 20% კი დაახლოებით ორმოც წელიწადში გაქრება, თუ რამე არ ვიღონეთ.

პ.ქ.: კონკრეტულად რა საშიშროება ელის მარჯნის რიფს?

რ.ტ.:რამდენიმე კვირის განმავლობაშიც კი ზღვის ტემპერატურის ერთი გრადუსი ცელსიუსით გაზრდა შესამჩნევს ხდის მარჯნის ცვლილებას შეუიარაღებელი თვალითაც კიის თეთრდება. ეს კი მარჯნისთვის მომაკვდინებელია.
კლიმატური ცვლილებები იწვევს ინდოეთის ოკეანეში წყლის ტემპერატურის აწევას, რაც თავის მხრივ იწვევს მარჯნის რიფის კატასტროფულად შემცირებას (1998 წელს 20 %). მარჯნის რიფს აგრეთვე ანადგურებს ოკეანის წყლის მჟავიანობის მომატება, რაც გამოწვეულია ატმოსფეროში სხვადასხვა გაზების მოხვედრით. რიფისთვის ასევე ყველაზე დიდ საშიშროებას წარმოადგენს ეგრეთ წოდებულ მარჯნის დიდ სამკუთხედში (ინდონეზია, მალაიზია, ჩინეთის ზღვა და სოლომონის კუნძულები, საფრანგეთს მარჯნის რიფის 5% ეკუთვნის) მოსახლეობის ძალიან სწრაფი და ჭარბი ზრდა, რაც თავის მხრივ ოკეანის ზღვარგადასულ ექსპლოატაციას იწვევს.

პ.ქ.: რამდენად უწყობს ხელსტარას“ ექსპედიცია იმ ქვეყნების ხელისუფლებების, მოსახლეობის, ადგილობრივი დიდი ინდუსტრიების მგრძნობელობის გაზრდას ეკოლოგიის პრობლემებთან მიმართებით?

რ.ტ: ტარას ერთ-ერთი მთავარი მიზანი ყველაზე სასწრაფოდ გადასაწყვეტი ეკოლოგიური პრობლემების მიმართ სწორედ პოლიტიკოსების, მთავრობების, ეკონომიკის მგრძნობელობის გაზრდაა. 2017 წლის თებერვლიდან, მაგალითად, ჩვენ სამ თვეს გავატარებთ იაპონიის არქიპელაგზე. გამოვიკვლევთ კუროშიოს თბილ დინებას, რომელიც გოლფსტრიმის შემდეგ ყველაზე დიდი საზღვაო დინებაა მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ეს კვლევა დაკავშირებულია მარჯნის რიფის კვლევებთან.
იაპონიასთან უკვე წლებია ვპარტნიორობთ, ჩვენი მთავარი მეცენატისა და ცნობილი სტილისტის ანეს ბ.- წყალობითტარას“ ელჩი იაპონიაში მისი მეგობარი ტაკეში კიტანოა, რაც ჩვენთვის დიდი პატივია.

პ.ქ.: მართლაც დიდი მისია გქონიათ. რა თქმა უნდა, უახლოეს ორ წელიწადში ვერ მოიცლით, მაგრამ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომტარა“ ერთ დღეს შავი ზღვითაც დაინტერესდება და საქართველოშიც შემოივლის? ჩვენ ძალიან გვჭირდება ასეთი ექსპედიციები და განსაკუთრებით საზოგადოების სენსიტიზაცია მთავრობის, ეკონომიკური სამყაროსა და ინდუსტრიალების ჩათვლით.

რ.ტ.: რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით. იმედი მაქვს, ოდესმე მოვხვდებით საქართველოშიც. შავი ზღვა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ზღვაა მსოფლიოში. მასში ყველაზე მეტი ჟანგბადია. ძალიან საინტერესო იქნებოდა  იქ მუშაობა.
თუმცა, ჩვენს ჩამოსვლაზე მთავარი თავად ქართველებისქტიურობაა, მე არასდროს ვყოფილვარ თქვენთან, მაგრამ წარმომიდგენია, რომ ქართულ სამზარეულოში, ისევე როგორც ყველა ზღვისპირა ქვეყნისაში, ალბათ ბევრი თევზია. ელემენტარულია: უნდა გაუფრთხილდნენ ზღვას, რომელიც ამ თევზს იძლევა.


***
აღარ ამიხსნია ბატონი ტრუბლესთვის, რომ ქართული მდიდარი სამზარეულო სწორედ ზღვის თევზის ნაკლებობას განიცდის, რაც სულაც არ არის ახსნა ზღვის მიმართ ჩვენი სრულიად გულგრილი დამოკიდებულებისა:  ჩვენ, ხორცის და განსაკუთრებით მწვადის მჭამელი ხალხი ასევე დაუდევრად ვექცევით ხმელეთს, ფლორასა და ფაუნას... ბინძურ მტკვარში დაჭერილ თევზს დელიკატესად მივიჩნევთ და მას მოხარშულ მდგომარეობაში რატომღაც ცოცხალს ვუწოდებთ, მიუხედავად იმისა, რომ თუ მისუტოფსიას ჩავატარებთ და ქიმიურად გამოვიკვლევთ, ძნელი იქნება ამ საბრალო უშნო თევზისცოცხლად“ მოხსენიება, არათუ მოხარშულ მდგომარეობაში, არამედ მაშინაც კი, როდესაც მოწამლულ მტკვარში გაბრუებული ძლივს დაცურავს.

ტრუბლესთვის მით უმეტეს არ ამიხსნია, რომ ჩვენში ეკოლოგია და გარემოს დაცვისათვის მუშაობა, მხოლოდ პარტიზანობასთან და ეპატაჟთან, ლამის ულტრამემარცხენე ბუნტთან ასოცირდება, რაც ხშირ შემთხვევაში აშინებს ხელისუფლებასაც, ინდუსტრიალებს და საზოგადოებასაცრა თქმა უნდა, პარტიზანი ეკოლოგისტები მთელ მსოფლიოში არიან, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ნაწილია ამ დიდი სამუშაოსი, მოძრაობისა და ბრძოლის, რასაც ჩვენი საერთო პლანეტის გადარჩენა ჰქვია, ექსტრემისტ ეკოლოგისტებს თავიანთი ადგილი და როლი აქვთ. მათ ბევრი კარგი საქმე აქვთ გაკეთებული, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. როგორც რომან ტრუბლე ამბობს, საჭიროა, ყველა ადამიანმა ინდივიდუალურად გაიაზროს ეკოკატასტროფის საშიშროება. მუხედავად იმისა, თუ ვინ არის ის. რომელ სოციალურ თუ კულტურულ ფენას მიეკუთვნება. საჭიროა ახალი ძაფების გაბმა და არა არსებულის დაწყვეტა.
ამ კონტექსტში ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავიატარას“ პარტნიორების სია: ანეს ., მონაკოს პრინც ალბერ II-ი ფონდი, ვეიოლას ფონდი, სერჟ ფერარი, მონაკოს სამეცნიერო ცენტრი, ბრეტანის რეგიონი, საფრანგეთის გარემოს დაცვის ფონდი და ..             ექსპედიციას 55 ფინანსური პარტნიორი ჰყავს, მისი ბიუჯეტი 5 მილიონი ევროა. 

მეხუთე ელემენტი.

საერთოდ, ეკოლოგიაში ინვესტირება ბოლო წლებში პრესტიჟული და, რაც მთავარია, პრაქტიკული ხდება. შესაძლოა ცინიკურად ჟღერდეს, მაგრამ ჩვენი ეპოქა პრაგმატული რეალიზმის ეპოქაა, დიდი ინდუსტრიალები პატარებზე ადრე ბედავენ, რეალობას თვალებში ჩახედონრადგან მათ სჭირდებათ ცოცხალი და ჯანმრთელი მომხმარებელი და არა მოწამლული მტკვრის თევზივით ცოცხალ-მკვდარი. სწორედ ამიტომ იდება უზარმაზარი ინვესტიციები ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტსა და ინდუსტრიაში, მანქანათმშენებლობაში, ტრანსპორტში. გარემოს დაბინძურებით ფულის შოვნა ძალიან სწრაფად წარმავალი, დღევანდელ კვერცხზე ორიენტირებული უპერსპექტივო ბიზნესია, თუმცა, ის ჯერ კიდევ განუზომლად დიდ ზიანს აყენებს პლანეტას, ჩვენ, ჩვენს შვილებს, თავად რეციდივისტი ინდუსტრიალებისა და მათი ოჯახების სიცოცხლესა და მათივე ეკონომიკურ მომავალს. სავარაუდოდ, ეკოლოგიურად მავნე პროდუქტს ახლო მომავალში უფრო და უფრო ნაკლები მომხმარებელი ეყოლება.

საქართველო თავისი 4X4 და მძლავრძრავიანი ლიმუზინებით, უხარისხო საწვავით, სიცოცხლისთვის საშიში ჰაერით დიდ ქალაქებში, მოჭრილი ხეებით, დაბინძურებული მდინარეებითა და ზღვით, გულგრილი მერებითა და აღმასრულებელი ჩინოვნიკებით, მხოლოდ დღევანდელ დღეზე ორიენტირებული საეჭვო ბიზნესით ალბათ ერთ-ერთი ბოლო, ეკოლოგიურად დაბინძურებული ბასტიონი გახდება მსოფლიოს მწვანე რუკაზე და, როგორც ყოველთვის, მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდება, როდესაც ყველა ადგილი დაკავებული იქნება. და მიადგება მომავლის ქართველთა შეშფოთებული დელეგაცია უფალ ღმერთს, მარად შეზარხოშებული შარმიანი ღიმილით და ძღვენით ხელში. ეტყვის, რომ მთელი ეს წლები ერი მის სადღეგრძელოებს სვამდა და უბრალოდ დრო ვერ იპოვეს, ერთხელ უკვე ნაჩუქარი ედემი საკუთარი ნარჩენებისგან დაესუფთავებინათ, და მოინდომებენ, ისევ რაიმე დასცინცლონ,  როგორც მაშინ... გენეზისის ნაბახუსევზე... მაგრამ სამყაროში ყველაფერი იცვლება და ვითარდება, პროგრესირებსღმერთიც კი... ამიტომ სჯობს, დღესვე, ყოველდღიურად მივხედოთ ჩვენს სამ ელემენტს, მიწას, წყალსა და ჰაერს და ნუ მივცემთ მას გასანადგურებლად ჩვენ მიერ შექმნილი მეხუთე ელემენტითნაგვითა და ნარჩენებით აგიზგიზებულ მეოთხე ელემენტსცეცხლს, რომელიც ჩვენვე გაგვანადგურებს.

Paata KOURDADZE  5 Septembre 2016 Paris.