29 juillet 2016

თევზები : დიდები და პატარები

ჟურნალი "ანაკლია" N° 1 
ივლისი 2016

მიღებული აზრია თითქოს, ქართველებს ზღვის შიში გვაქვს. საუკუნეების მანძილზე ნავიც არ გაგვიკეთებია, არათუ გემი, არ გვყოლია ფლოტი და, შესაბამისად, საზღვაო ფორტი ანუ ციხესიმაგრე. თავად სიტყვების ზღვარი და საზღვარი ფუძე არის ზღვა, რომელიც სხვა ერებისთვის ღია კარია ჰორიზონტისკენ, თავისუფლებისკენ, ჩვენთვის კი ლიმიტის ერთ-ერთი სინონიმი, წითელი ხაზი, რომლის იქით გადასვლა არ შეიძლება.

ამ მოსაზრებებს ალბათ თავისი ობიექტური ახსნა აქვს. თუმცა, შეუძლებელია, ყველაფერი ქართველთა ბოლო დროს ყბადაღებულ ჩაკეტილობასა და სიზარმაცეს დავაბრალოთ.

ჰიპოთეტური მიზეზი ათასგვარი შეიძლება იყოს. მაგალითად, ასეთი საქართველოში მტერი ძირითადად ხმელეთით შემოდიოდა. ამიტომ ისეთი ფორტების ანუ საზღვაო ციხესიმაგრეების აშენება, როგორსაც ხმელთაშუა ზღვაზე, ატლანტის ოკეანეზე, ბრიტანულ სანაპიროებზე ვხვდებით, საჭიროებას არ წარმოადგენდა. ან კიდევ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას მდიდარი ფლორა და ფაუნა არ აიძულებდა, მაინცდამაინც ზღვაში ეძება საკვები. თანაც, სანაპიროს უმეტესი ნაწილი ან მიუვალი იყო, ან ჭაობიანითუმცა მსგავსი მოსაზრებები სულ სხვა, მეცნიერული კვლევის საგანია.

ის, რომ საქართველოს არ გააჩნია ისტორიულიად დიდი სანაოსნო და, ზოგადად, საზღვაო ტრადიციები, არ ნიშნავს, რომ მათი შექმნა დღეს არ შეიძლება. მით უმეტეს, ეს მოსაზრება არც ისე სამართლიანია და ამას ფოთის, ბათუმის, სოხუმის პორტებიც მოწმობს. ფოთის გემთმშენებელი ქარხანა, რომელიც უნიკალურ წყალქვეშა ფრთიან კატარღებს კომეტასა“ და კოლხიდას“ აწარმოებდა და, რა თქმა უნდა, ანაკლიის გრანდიოზული პროექტიც, სრულიად ახალი მასშტაბის საზღვაო ტრადიციებს ჩაუყრის საფუძველს. მხედველობაში მაქვს ზღვის კულტურის აღორძინება ქართულ ზღვისპირა პროვინციაში, სოფლებში. დიდ თევზებს ყოველთვის პატარები დაჰყვებიან თან. მათ, დიდებსა და პატარებს, ერთნაირად მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრიათ ზღვის ფლორისა და ფაუნის ჰარმონიაში. ზღვისპირა რეგიონის სიცოცხლისთვის, მისი კულტურულ-სოციალური და ეკონომიკური განვითარებისათვის, ერთნაირად მნიშვნელოვანია დიდი და პატარა პორტები.   

ჩემი აზრით, ქართულ ზღვისპირა სოფლებსა და მათ მოსახლეობას მნიშვნელოვანი წახალისება, სრულიად ახლებული მიდგომა სჭირდებათ იმისათვის, რომ ისინი მართლაც სრულყოფილ ზღვისპირა დასახლებებად გადაიქცნენ.
ძალიან გაგიჭირდებათ საქართველოს ზღვისპირა სოფლებში თუნდაც ერთი პატარა მეთევზეთა პორტის პოვნა, დაახლოებით ისეთის, როგორიც თავის დროზე ფრანგმა მსახიობებმა აღმოაჩინეს და მისგან ცნობილი ტურიზმისა და მსოფლიო ჯეთსეტის ცენტრი სენტროპე შექმნეს, სადაც სამუდამოდ დასახლდა ბრიჯიტ ბარდო. მას კი მთელი მსოფლიოდან მიბაძეს სხვა ვარსკვლავებმა. სენტროპეს დღემდე შენარჩუნებული აქვს პატარა პორტის სახე და სწორედ ამით იზიდავს მილიონობით ადამიანს.
ასეთი პატარა სოფელი-პორტები უამრავია მთელ მსოფლიოში თავისი პატარა სასტუმროებით, მეთევზეთა რესტორნებით, სადაც იაფად, ახლადდაჭერილ ზღვის თევზს მოგართმევენ, ადგილობრივი ღვინით ან ლუდით.
მართლაც სევდიანია, როდესაც ზიხარ კვარიათის სანაპირო რესტორანში, მიირტმევ იქვე გორაკებზე შეფენილ საოჯახო მეურნეობაში მოშენებულ ზეთში შემწვარ კალმახს და უყურებ თუ როგორ იჭერენ იქვე, ზღვაში, შენგან სულ ორას-სამას მეტრში თურქი მეტევზეები დიდი რაოდენობით თევზს. 

პლაჟზე კალმახი იგივეა, რაც უშგულში ლანგუსტები და ოკეანის ხამანწკები.  გასტრონომია მხოლოდ მაშინ არის საინტერესო, როდესაც ის გეოგრაფიული მდებარეობის შესაფერისია.
სოფლის პატარა პორტები სიცოცხლეს და განუმეორებელ მომხიბვლელობას სძენს ზღვისპირა დასახლებებს. გაცილებით მეტს, ვიდრე ხმაურიანი ბუნგალოები, თურქული საშაურმეები და ჩინური გასაბერი ლეიბებითა და ბურთებით ფასადდაფარული უშნო მაღაზიები,  რომლებითაც სავსეა ქართული სანაპირო. 

ზღვა დასაქმებისა და შემოსავლის წყაროა, რომელიც თვალწინ გვაქვს და არ ვიყენებთ. თუ არ ჩავთვლით ზაფხულში, ორი თვის განმავლობაში, ტურისტული სეზონის პერიოდში, დროებით, არაკვალიფიციური  მომსახურების სფეროში თვითდასაქმებულ მოსახლეობის ნაწილსმაგალითად, მოხარშული სიმინდის ბიზნესით“ დაკავებულ აჭარულ ოჯახებს.
არის სხვა თემებიც, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო გახდეს ზღვისპირა რეგიონებისათვის, დიდი როლი შეასრულოს საქართველოს ზღვის ტურიზმის მრავალფეროვნების გაზრდასა და განვითარებაში ერთ-ერთია  საიალქნო სპორტი და მისი ინფრასტრუქტურა.

საქართველოში დღეს არათუ მცირე და საშუალო იალქნიანი ხომალდების ნავსადგომი,  ერთი მცირე იახტის მისაბმელი ადგილიც კი არ გვაქვს, რაც ძალიან დასანანია. ჩვენს ქვეყანას აქვს დიდი პოტენციალი, მოხვდეს იმ ათასობით საზღვაო მოგზაურის მარშრუტში, რომლებიც მსოფლიოს ოკეანეებსა და ზღვებს სერავენ. საქართველო  განსაკუთრებით საინტერესოა, როგორც ხმელთაშუა ზღვის ზოლის ბოლო წერტილი. იახტების მარშრუტი, ფაქტობრივად, თურქული კომპანიების მიერ კონტროლდება, რადგან შავ ზღვაზე, იალქნიანი იახტების მისაღები სათანადო ინფრასტრუქტურა, მის გარდა, მხოლოდ ბულგარეთს აქვს.

აგრეთვე: შესაბამისი  საკანონმდებლო ცვლილებები რეალურს გახდის საქართველოს შავიზღვისპირეთის შანსს, კონკურენცია გაუწიოს ხმელთაშუა ზღვის უახლოეს მეზობლებს და უცხოელისათვის ფინანსურად მომხიბვლელი გახადოს ჩვენთან აშენებული მცირე ზომის იალქნიანი მცურავი ხომალდების სადგომები იაფი პარკირებისა და სხვადასხვა პროფილაქტიკური მომსახურებისათვის მოგეხსენებათ, ასეთი ხომალდები დროის დიდ ნაწილს პარკინგ-პორტებში ატარებენ, რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.
მაგალითად, კანარის კუნძულებზე სექტემბრის ბოლოდან დეკემბრის პირველ რიცხვებამდე 72 დღის განმავლობაში, იახტის გაჩერება ჯდება 1560 აშშ დოლარი. გადასახადში შედის საუცხოო მომსახურება წყლის და ელექტროენერგიის ჩათვლით. ჩემი აზრით საქართველოს თავისუფლად შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ამ ფასს. მით უმეტეს, ასეთი პორტები, როგორც წესი, ნებისმიერი დასახლების კულტურულ და ტურისტულ ცენტრად იქცევა ხოლმე. რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო მომხიბვლელს გახდის დღეს ძროხების სასეირნოდ ქცეულ ქართულ რივიერას.

ნებისმიერ ტურისტული პოტენციალის ქვეყანას აუცილებლად სჭირდება თავისი ლეგენდა, რომელიც ტურიზმს იზიდავს.

ჩვენი ასეთი მთავარი საზღვაო ლეგენდა ჰომეროსმა თითქოს სპეციალურად ჩვენთვის შექმნა და მას აბსოლუტურად არასწორად ვიყენებთ. თუ არ ჩავთვლით სახინკლეებისა და დუქნების ანტიკურ, ჰომეროსისეულ დასახელებებს: მედეა, ოქროს საწმისი, აიეტი და სხვა

ამ ლეგენდის კვალდაკვალ, სწორედ ჰომეროსის მიერ აღწერილი მარშრუტით, 1973 წელს საქართველოში ბრიტანელი მოგზაური, ტიმ სევერინი ჩამოვიდა თავისივე აშენებული ხომალდ არგოთი“. ეს იმ წლებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სათავგადასავლო მოვლენა იყო არამარტო საბჭოთა კავშირისათვის. სევერინმა ამ მოგზაურობას კოლხეთსა და საქართველოში მოგვიანებით წიგნიც კი მიუძღვნა იაზონის მოგზაურობა ოქროს საწმისისათვის“.
 
ოქროს საწმისის“ იდეა სრულიად გამოუყენებელია ტურისტული თვალსაზრისით. შესაძლებლობა კი უამრავია.

მაგალითად, საიალქნო ხომალდების თემას თუ გავაგრძელებთ, შესაძლებელია ყოველწლიურად ორგანიზება გაუკეთდეს იაზონისა და ულისეს მარშრუტით საიახტო რბოლასა და კრუიზს, ხმელთაშუა ზღვიდან საქართველოში. დარწმუნებული ვარ,  ერთ-ერთი წარმატებული და ფინანსურად მომგებიანი ტურისტული და სპორტული ღონისძიება შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს ისტორიაში. ეს კრუიზი, სავარაუდოდ, ათასობით საიალქნო სპორტის მოყვარულს მოიზიდავს მთელი მსოფლიოდან. მით უმეტეს, დღეს, ხმელთაშუა ზღვაში სირიის კონფლიქტის გამო, მსგავსი  მოგზაურობები ძალიან შეზღუდულია.

საქართველოში აუცილებლად უნდა არსებობდეს საიახტო სკოლა ნებისმიერი ასაკისათვის, განსაკუთრებით ბავშვებისათვის. სერტიფიცირების უფლებით.

ზღვისპირა ქვეყნებში ბევრი ასეთი საბავშვო საიახტო სკოლაა, სადაც ხშირად ზღვიდან მოცილებული ქალაქებიდან, დედაქალაქებიდან დაჰყავთ სკოლებს უიკენდზე ბავშვები, მათ პირველ ნაბიჯებს ადგმევინებენ ერთგვარი ტაშტივით, პატარა იალქნიანი ნავებით.  ისინი ერთმანეთზე გადაბმულები იხვებივით დაცურავენ ზღვაში, მწვრთნელების მკაცრი კონტროლის ქვეშ. მათ ასწავლიან, აჩვევენ ზღვასთან უფრო მეტ ურთიერთობას, ვიდრე ეს მხოლოდ პლაჟზე ქვიშის კოშკების აშენებაა. ასეთი საზღვაო მოგზაურობები შესაძლოა მათი მომავალი პროფესიის არჩევის საბაბიც გახდეს.

ჩვენ ბოლოს და ბოლოს უნდა ვიქცეთ სრულყოფილ ზღვისპირა ქვეყნად, რაც ნიშნავს ზღვის კულტურის განვითარებას და არა მარტო დიდი სატრანსპორტო გადამზიდავი კომპანიების შემოსვლას. დიდ პორტს არ შეუძლია იარსებოს, თუ იქ მომუშავე ხალხს ზღვასთან  ცოტა უფრო მეტი არ აკავშირებს, ვიდრე ეს უბრალოდ სამუშაო და ბიზნესია.
უნდა შევქმნათ ზღვასთან დაკავშირებული ტრადიციები, რაც ჩვენმა წინაპრებმა ვერ მოახერხეს.

P.K.