16 avril 2015

სიმართლის უფლება და მედია - საბოტაჟი




"პრესა მეოთხე ხელისუფლებას წარმოადგენს საფრანგეთში, რომელიც უტევს ყველას, თუმცა მას არასდროს არავინ უტევს". - ონორე დე ბალზაკი, 1840წ.
 "მე, მოსახლეობის წუხილს გეუბნებით, რომ ყველა რეგიონში, სადაც ჩავდივარ, მოსახლეობა მეუბნება, გააჩუმეთ ეს ტელევიზიებიო". - ირაკლი ღარიბაშვილი, 2015წ.

სავარაუდოდ, ქართველ ჟურნალისტთა ძალიან დიდ ნაწილს, საკუთარი პროფესიის პირველ სამ კონსტიტუციურ ხელისუფლებასთან (საკანონმდებლო, აღმასრულებელი, იუსტიცია) ალუზია პირდაპირი მნიშვნელობით ესმის და ძალაუფლებისათვის დამახასიათებელ კარიკატურულ მორჩილებასა და ხელშეუხებლობის უფლებაზე აქვთ პრეტენზია. ვერც გაამტყუნებ -ისინი ხედავენ საზოგადოების, განსაკუთრებით მათ რესპოდენტთა ინტელექტუალურ სიმხდალეს და ცდილობენ თავიანთი შანსი -მოპოვებული პატარა მორალური ძალაუფლების დროის რაც შეიძლება ხანგრძლივ მონაკვეთში შენარჩუნებისა -ხელიდან არ გაუშვან.
მათ უმეტესობას სრულიად არ ახსოვს, რომ ჟურნალისტიკა პირველ რიგში თავის თავში ინფორმაციის ადრესატამდე უცვლელი სახით მიტანას გულისხმობს და არა მისი უკვე ინტერპრეტირებული ვერსიის კიდევ ერთ სუბიექტურ ინტერპრეტაციას.
ამ უკანასკნელს, ჩვენში მედიდურ და ძალიან სერიოზულ სიტყვას -ანალიზს უწოდებენ, დასავლურ პრესაში კი ედიტორიალს ეძახიან. მას ბეჭდურ მედიაში სპეციალური კოლონა, ან გვერდი ეთმობა, რომელსაც საზოგადოების მიერ აღიარებულ გამორჩეულ ჟურნალისტებსა და კალმის ოსტატებს უთმობენ.
ყველაფერი ძალიან მარტივია -მომხდარის შესახებ ინფორმაცია საბაზისო მოცემულობაა, რომელიც იმისთვის უნდა გაგაჩნდეს, რომ მისი ანალიზი შეძლო. ქართული მედიის ყველაზე დიდი თავისებურება სწორედ ეს არის -მოვლენის შესახებ არა - რეალურ, არამედ ინტერპრეტირებულ ინფორმაციათა ნაზავის ანალიზის მცდელობა. უფრო სწორად მისი იმიტაცია, რომელიც ყოველთვის დიდი ან პატარა კონფლიქტით მთავრდება.
ბრძოლა ინტერპრეტაციათა რეალობად გასაღებისთვის ქართული მედიის ალფა და ომეგაა, რომელსაც, ზოგადად, არ შეიძლება რაიმე საერთო გააჩნდეს ჟურნალიზმის დეონტოლოგიასთან.
ალბათ გაგიჭირდებათ დაასახელოთ ერთი რომელიმე ქართული მედიასაშუალება -სატელევიზიო არხი, რადიო, ბეჭდური ან ინტერნეტმედია... რომლის რეპუტაცია საშუალებას იძლევა მას უსიტყვოდ, იმდენად ენდოთ, რამდენადაც საერთოდ შესაძლებელია, რომ ადამიანი ენდოს მედიას. ჩემი მახსოვრობის საწიერში მსგავსი მედიასაშუალება არც არასდროს ყოფილა... და ეს ძალიან, ძალიან ცუდია ზოგადად სახელმწიფოსთვის. კითხვა ინფორმაციის სანდოობის შესახებ ისევე არ უნდა ისმებოდეს, როგორც კითხვა არჩევნების დროს ხმების გაყალბების შესახებ.
მარტივი მაგალითისთვის ფრანგული პრესის ორი გაზეთის მოტანა შეიძლება -მემარჯვენე "ფიგარო" და მემარცხენე "ლიბერასიონი". ამ ორ ყოველდღიურ გამოცემას თავისი ტრადიციული მკითხველი ჰყავს: "ფიგაროს" მკითხველი არასდროს იყიდის "ლიბერასიონს" და პირიქით. მაგრამ თუკი მას შემთხვევით თვითმფრინავში ან ექიმის მოსაცდელში წააწყდა, არავითარ შემთხვევაში არ შეიტანს ეჭვს მისთვის არასასურველ გაზეთში გამოქვეყნებული ინფორმაციის ნამდვილობაში, რადგან ინფორმაციის სანდოობა არის ერთადერთი, რაც გამოცემის რეპუტაციას ქმნის, რომლის გარეშე ნებისმიერი გამოცემა გაკოტრდება. ზემოთ ხსენებული ედიტორიალი კი, რომელსაც შეიძლება ან დაეთანხმო, ან არა, მხოლოდ ნუგბარია ნამცხვარზე, რომელსაც ადამიანი თავისი გემოვნებით ირჩევს და მას სუბიექტური გამოხატვის თავისუფლება ჰქვია.
არაანგაჟირებული, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი მედიასაშუალება საქართველოში თითქმის არ არსებობს, ან თუ არსებობს, მისი გავლენა, სამწუხაროდ, მიზერულია. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ვკითხულობთ, ან ვისმენთ სრულიად შესაძლებელია ტყუილი, ფეიკი, "მოდელირებული ქრონიკა", ან სულ ცოტა -რომელიმე პოლიტიკური გემოვნების ჯგუფის ინტერპრეტაცია აღმოჩნდეს... იმისათვის, რომ სიმართლე შეიტყო, რამდენიმე წყაროს გადამოწმება და წაკითხულიდან საშუალო არითმეტიკული სიმართლის გამოყვანაა საჭირო... ამიტომ ჩვენს ქვეყანაში ადმიანებმა მხოლოდ ვარაუდით თუ იციან, რა ხდება მათ თავს -საკუთარ ქვეყანაში, ქალაქში... დანარჩენ მსოფლიოზე და საერთაშორისო კონტექსტზე კი კიდევ უფრო ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ.
ჟურნალიზმის შეფასების კრიტერიუმი საქართველოში ერთადერთი და სრულიად ღირსშესანიშნავია -თავისუფლების ხარისხი!..
მედიის თავისუფლება თავისთავად, რა თქმა უნდა, დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური საყრდენია და ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტოტალიტარული პროპაგანდის ტრადიციებში ჩამოყალიბებული მედიისთვისაა. ოღონდ პრობლემა ის გახლავთ, რომ მედიის თავისუფლების ხარისხი საქართველოში აბსოლუტურად უკუპროპორციულია ინფორმაციის ნდობის, ღირსების ხარისხისა -დიახ, ჩვენ მართლაც გვაქვს თავისუფალი მედია, მხოლოდ თავისუფალი ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან და ამ ფსევდოთავისუფლების მსხვერპლი პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობაა. შემდეგ კი თავად ჟურნალისტის პროფესია, რომელმაც თავისუფლების არც ფასი იცის და არც გამოყენება, ამიტომ მის ხელში ეს ყბადაღებული "მეოთხე ძალაუფლება" იგივეა, რაც გაბრაზებული ბავშვის ხელში გადატენილი კალაშნიკოვი.
უნდა ითქვას -მედიის თავისუფლების მახინჯი ინტერპრეტაციის ჩამოყალიბებას, დიდად შეუწყო ხელი საერთაშორისო რეიტინგებმა, რომელშიც საქართველო უკვე კარგა ხანია ინარჩუნებს რეგიონალური ლიდერის პოზიციას... მაგრამ რა ასახვას ჰპოვებს ეს მედიის ხარისხზე? ვითარდება თუ არა რეალურად ქართული ჟურნალისტიკა, საეჭვოა.
ქართული მედიაბესტსელერები იგივე დარჩა, რაც თხუთმეტი წლის წინ -ისტერიული "რეაქცია" თავისი შვილობილი "იმედის კვირით" და ბრეჟნევივით უალტერნატივო "არჩევანი" -რომლებიც მხოლოდ სახელებს და დეკორს იცვლიან დროდადრო. ტრაგიკულობამდე უნიჭო იუმორისტული შოუები... ერთი და იგივე ფორმატი. ტელევარსკვლავები, რომლებსაც უკვე წლებია ერთი საათიც არ უმუშავიათ საკუთარ თავზე, მეტიც, ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ ეს შესაძლოა სჭირდებოდეთ... არავითარი ცვლილება, არავითარი ნიშანი სულ მცირე პროგრესისა, ძვრისა თუნდაც საკუთარ თავში… ყველა დანარჩენი მედიასაშუალება ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა, სამწუხაროდ, სწორებას სწორედ ამ უბადრუკ ტელეელიტაზე აკეთებს: დიდი და პატარა, ნაციონალური თუ რეგიონალური არხები, რადიო, პრესა. ეს არის თავისუფლება ნიავის გარეშე. რომელსაც სასარგებლო არავისთვის არაფერი მოაქვს, ზიანი კი რამდენიც გნებავთ.
სწორედ ამ მახინჯი თავისუფლებით სარგებლობს საყოველთაო კრიტიკისა და ქართველი ინტელექტუალი მკითხველისგან ერთგვარი მარგინალიზაციის "მსხვერპლი" -"ასავალ-დასავალი", რომელიც წერს და აქვეყნებს ყველაფერს, რაც და ვისზეც მოეპრიანება. კაცმა რომ თქვას, ვერც გაამტყუნებ, როგორც იტყვიან, რაც აკრძალული არ არის, ნებადართულია.
უნდა ვაღიაროთ, რომ თავისუფლების ხარისხით "ასავალ-დასავალი" ქართული მედიის ნამდვილი ფლაგმანია. არანაირი კომპლექსები არ გააჩნია. მისი კრეატიულობის ხარისხს თუ არ შევეხებით, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ ქართული "შარლი ებდოა", მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ საბრალო "შარლის" გამუდმებით აჯარიმებენ, "ასავალ-დასავალს" კი, როგორც ცნობილია, ყველაზე მაღალი რეიტინგი და სრული კარტბლანში აქვს ზემოთ ხსენებული ტოკშოუებისგან ინფარქტამდე მისული ჩვენი დაქანცული, საბრალო, მარტოხელა გულებისკენ.
ეს გრძელსახელიანი, მერცხალივით თავისუფალი გამოცემა ნამდვილ ფენომენად, ერთგვარ წარმატების რეფერანსად იქცა ქართული მედიის იმ მოკრძალებული ნაწილისთვის, როგორიცაა, მაგალითად, უამრავი ცრუპენტელა ინტერნეტგამოცემა. მათ იციან, რომ წარმატება აქვე, სულ ერთი ხელის გაწვდენაზეა, მხოლოდ სინდისის ბოლო ძაფი გაკავებს რომ მისწვდე... მისი გადაჭრა კი რა პრობლემაა! ამიტომ ისინი არც ძალღონეს იშურებენ, არც სისასტიკის აქლემივით გადანახულ ულევ რეზერვს, რომ როგორმე პატარა ჰაერის ბუშტებივით ამოაღწიონ რეიტინგის თავისუფალ ჭაობში, გასკდნენ და სულ ცოტა ხნით პატარა, მყრალი სუნი დატოვონ საკუთარი არსებობის დასტურად.
ფაქტია, რომ თავისუფალი კონკურენციის პირობებში ქართულმა მედიამ ხარისხის გაუმჯობესება ვერ შეძლო, რაც კურიოზულად ეწინააღმდეგება ლიბერალიზმის თითქოსდა ათასჯერ გადამოწმებულ პრინციპებს. კონკურენცია შედგა მხოლოდ ზემოთ ხსენებულ ფორმატში და ის უკვე წლებია გრძელდება. ხოლო გოგი გვახარიას "წითელი ზონა" ისევე უალტერნატივო ხმად მღაღადებლისა "ტელეჯოჯოხეთსა" შინა დარჩა, როგორც თხუთმეტი წლის წინ, "ფსიქოს" ეპოქაში. ვერც უკეთესი და ვერც უარესი ქართულ ტელესივრცეში ვერავინ გააკეთა.
ქართული მედიის კრიტიკისას ჟურნალისტთა პროფესიონალიზმი მთავარ მიზეზად სახელდება ხოლმე. ძნელია არ დაეთანხმო. თუმცა ალბათ შესათანხმებელია -რას ვგულისხმობთ ამ სიტყვის უკან? თუკი სერტიფიცირებულ პროფესიონალიზმზე ვსაუბრობთ, ქვეყანაში, სადაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არსებობს, ვიწრო პროფესიული დიპლომი სრულიად არ არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჟურნალისტის პროფესიით იმუშაო.
გაცილებით მნიშვნელოვანია ზოგადი განათლება, კულტურა და, რაც მთავარია, სიმართლის, ღირსების ფასი, რომელსაც ვერავითარი დიპლომი ვერ შეცვლის. ქართველ ჟურნალისტთა უმეტესი ნაწილი კი, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, ნამდვილად არ ტოვებს განათლებული, კულტურული ადამიანის შთაბეჭდილებას.
დიდი ხანია შევეჩვიეთ, რომ რეპორტაჟებს ყველაზე სერიოზულ თემებზე აკეთებენ სრულიად გამოუცდელი, სულ ახლახან დიპლომირებული ჟურნალისტები, რომლებსაც მოცემული თემის გასაშუქებლად სითამამის გარდა, ფაქტობრივად არავითარი სხვა ინსტრუმენტი არ გააჩნიათ. ისინი ხშირად ისე მოდიან და მიდიან პროფესიიდან, რომ გამოცდილების დაგროვებას ვერც ასწრებენ. ქართული ჟურნალისტიკა არის იშვიათი და სამწუხარო გამონაკლისი, რომელშიც არ არსებობს "დიდი რეპორტიორის" ცნება, რადგან ჟურნალისტი, რომელიც ასე თუ ისე რაიმე წარმატებას აღწევს, ხშირად ან პოლიტიკაში გარბის, ან ბიზნესში, უარეს შემთხვევაში შიდასარედაქციო ვარსკვლავი ხდება და მიკროფონით ქუჩაში გასვლას არ კადრულობს. პერმანენტული ცვლა ბავშვურად მოტიტინე რეპორტიორთა სახეებისა და გვარებისა, რომელთა დამახსოვრებასაც ვერ ახერხებ, ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზია იმ უნდობლობისა და ერთგვარი ნიჰილისტური ირონიისა, რაც ქართულ საზოგადოებას ჟურნალისტებისა და ზოგადად მედიის მიმართ გააჩნია.
რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ იქნება სამართლიანი ქართული მედიის მთელი პრობლემების ჟურნალისტებისთვის გადაბრალება, თითის მხოლოდ მათი მიმართულებით გაშვერა. ჟურნალისტების ძირითადი არმია მხოლოდ ჯარისკაცია, რომელიც იბრძვის ისე, როგორც მას მედეასაშუალებების მფლობელები და მენეჯერები ავალებენ. სწორედ ისინი არიან პასუხისმგებელნი მედიის იმ დაბალ ხარისხზე, რომელიც რეალურად გაგვაჩნია.
სწორი კონცეფციისა და მენეჯმენტის პირობებში ქართველ ჟურნალისტებს არავისზე ნაკლებად არ შეუძლიათ იმ სტანდარტით მუშაობა, რომელიც მათ რეგიონალური თავისუფლების ხარისხით კი არა, პროფესიული ხარისხით შეფასების საშუალებას მოგვცემდა... მით უმეტეს -პროფესიული ღირსება თავისთავად მოიცავს თავისუფლების სრულიად საკმარის და გონივრულ ხარისხს.
მედიაპოლიტიკის, თუ გნებავთ კონცეფციის შექმნაც კი, აბსოლუტურად ყველა დონეზე, ყველა საფეხურზე საჭირო და მნიშვნელოვანია. აუცილებელია კანონმდებლობის დონეზე სიცრუის ტირაჟირებისათვის, უსაფუძვლო ბრალდებისა და ცილისწამებისთვის, რომ დაზარალებულ მხარეს საშუალება ჰქონდეს რეალური და მნიშვნელოვანი კონპენსაცია მოითხოვოს და არ დაკმაყოფილდეს ცილისმწამებლის მსუბუქი გაკიცხვით მოსამართლის, ან მედიამონიტორის მიერ. სერიოზული ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში, რედაქცია თავად გამოიყვანს სიცრუის ფასს, დაითვლის შემოსავალსა და გასავალს, დაფიქრდება უღირს თუ არა სხვისი რეპუტაციის, ნერვებისა და ჯანმრთელობის ხარჯზე საკუთარი რეიტინგის მრიცხველის ტრიალი.
მხოლოდ მას შემდეგ, რაც "მედიის თავისუფლება დამთავრდება, სადაც ჩვენი ნერვული სისტემა და ღირსება იწყება", შეიძლება ვისაუბროთ მისი ხარისხის გაუმჯობესებაზე. თუმცა, რა თქმა უნდა, ქაოსური თავისუფლების ორგანიზების სურვილი სულაც არ ნიშნავს რეპრესიებისა და ცენზურის მოთხოვნას. სწორი კანონმდებლობა მხოლოდ მოცემულობა, საძირკველია, რომ მასზე არა პოტიომკინის სოფლის მსგავსი, არამედ მართლაც სოლიდური, გამძლე მედია აშენდეს; სადაც ყველაფერს თავისი განსაზღვრული ადგილი ექნება; სადაც ინფორმაცია არ აღიქმება მხოლოდ შიდა პოლიტიკური მანიპულაციებისა და ინტრიგების ყოველდღიურ სერიალად, რადგან ინფორმაცია არის თანაბრად ყველა კატეგორიის ახალი ამბავი თუ ხედვა და არა რომელიმე პრივილეგირებული სფერო.
ჩვენ ხშირად ირონიით ვუყურებთ ჩვენს შორეულ წინაპრებს: მიუხედავად იმისა, რომ ზღვის პირად ცხოვრობდნენ, ნავიც კი არ გააკეთეს, რომ სხვა ქვეყნების სანახავად გაეცურათ… რაიმე ახალი ენახათ.
მედია სწორედ ის ნავია, რომელიც ბოლოსდაბოლოს მოვიპოვეთ. მხოლოდ საიმედოდ მივაბით ცხრა კლიტით ნაპირზე ჩარჭობილ -ჩაბეტონებულ ბოძს და დღესაც არსად მივცურავთ. გვაინტერესებს მხოლოდ შიდა დუღილი და არა ის, თუ რა ხდება იქ, სადაც ჩვენ არ ვართ. ვკმაყოფილდებით შემთხვევით შემოხეტებული სოვდაგრებისა და ჯამბაზების ჩამოტანილი ბრჭყვიალა მძივებით, დევრიშების ნამღერი ტკბილი, ჯადოსნური არაკებით…
დღევანდელი ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში მედია ბევრად უფრო ეფექტური სანავიგაციო საშუალებაა, ვიდრე ნებისმიერი გემი თუ თვითმფრინავი. ქართული მედია თითქოს მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით აშუქებს დროდადრო უცხოეთის ახალ ამბებს. განსაკუთრებით მძაფრ-სიუჟეტიანს, სტიქიური უბედურებებით გაჯერებულს. კულტურა ძირითადად პარიზის ან მილანის ფეშენვიკის ფრაგმენტებით შემოიფარგლება… ქართული არხები არ აკეთებენ ექსკლუზიურ რეპორტაჟებს. გაგიჭირდებათ დაასახელოთ ერთი ქართული დოკუმენტური ფილმი მაინც, რომლის ქართული ობიექტივი საშუალებას მოგცემთ იმოგზაუროთ და შეიცნოთ რაიმე ახალი თქვენივე ენაზე; თქვენი, ქართველი და არა "დისქავერის" სტანდარტული საშუალო მაყურებლის თვალით დაინახოთ, დააკვირდეთ იმას, რაც უცხო ქვეყნებში, უცნობ ადამიანებში გაინტერესებთ.
პრესა, თითქოს კიდევ უფრო იაფი საშუალებაა დღევანდელი ვირტუალური ექსკლუზიური ნავიგაციის სამყაროში. სამწუხაროდ, ბეჭდვითი მედიის როლი საქართველოში სულ უფრო და უფრო კნინდება, მცირდება, ქრება. ჟურნალისტის პროფესიაში კი წერის კულტურას დაახლოებით იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც სოლფეჯიოს -მუსიკოსისთვის. სწორედ ამ კულტურის მძაფრი დეფიციტი იგრძნობა ქართულ მედიაში. როდესაც ტელეჟურნალისტებს უყურებ, ხვდები, რომ მათ უმეტესობას ერთი ნორმალური სტატიის დაწერაც კი გაუჭირდება. ბეჭდვითი მედია რომ სერიოზული და პრესტიჟული რამ არის და მის განვითარებას ხელისშეწყობა სჭირდება, ამას, სამწუხაროდ, ვერც წინა და ვერც დღევანდელი ხელისუფლება ვერ აცნობიერებს. პრესის წონა მთელ მსოფლიოში ჯერ კიდევ ძალიან მაღალია. დაბეჭდილი რამდენიმე სიტყვა გაცილებით სერიოზულად აღიქმება, გაცილებით დიდხანს ძლებს, ვიდრე ტოკშოუში წამოსროლილი და უსასრულო ვიდეოარქივად ქცეული ბარბარიზმებითა და აგრესიით გაჯერებული მთელი მონოლოგი. ქართული პრესა აშკარად კრიზისშია, მას ხელისშეწყობა და წახალისება სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ნელ-ნელა საბოლოოდ გარდაიქმნება ელექტრონულ მედიად და ეს ძალიან დიდ და ცუდ გავლენას იქონიებს არა მარტო მედიაზე, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოების ზოგად კულტურაზე.
ხელისუფლება ვალდებულია, შექმნას გონივრული კონტექსტი, რომელშიც კარგ და ხარისხიან  ჟურნალისტიკას არსებობის მეტი შანსი აქვს, ვიდრე ყვითელს. ამასთან, რა თქმა უნდა, მისი როლი არ არის ჟურნალისტიკის ხარისხის დადგენა, როგორც ამას დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები გამუდმებით აკეთებენ. თუმცა, იქნებ არც გაემტყუნებათ, რადგან მედიაკრიტიკა საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს. ჟურნალისტები თვლიან, რომ ერთმანეთის მიმართ საჯაროდ გამოთქმული შენიშვნა არაეთიკურია და ამით თავიანთ ერთგვარ კლანურობას უსვამენ ხაზს... ხოლო არაჟურნალისტის კრიტიკას არაკომპეტენტურად მიიჩნევენ და "ვერ მიიღებენ"... ისე კი, "კვალიფიციური კრიტიკის" საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. პირიქით, "ძალიან სჭირდებათ" და ა.შ. ალბათ საჭიროა ქართული ჟურნალისტიკის მაღალ ბურჟუაზიას ოდესმე ვინმემ აუხსნას, რომ კვალიფიციურ კრიტიკას დამსახურება სჭირდება, რომ ყველა მედიას ისეთი ხარისხის კრიტიკა აქვს, როგორსაც იმსახურებს. მით უმეტეს, როდესაც გამუდმებით ჩაგჩიჩინებენ, რომ მედია ბიზნესია, რომელიც ძირითადად ცუდ გემოვნებაზე და კიჩზე კეთდება. ალბათ ასეც არის. მხოლოდ არ შეიძლება ეს კიჩი და ცუდი გემოვნება ქვეყანაში ითვლებოდეს რეფერანსად, რომელსაც იმის ფუფუნება აქვს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გააჩნდეს; არცთუ მდიდარ და არცთუ პროფესიონალ კერძო არხებთან შედარებით თავისი უამრავი პოტენციური უპირატესობით მედიატენდენციები პოზიტიურისკენ შემოაბრუნოს.
სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლის განმავლობაში საზმაუწყებელი, პირველად თავისი არსებობის მანძილზე, რეალურად განთავისუფლდა სახელმწიფო კონტროლისგან, ხოლო მისი გადაცემების ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა. პირველ რიგში, ეს მის საინფორმაციო გამოშვება "მოამბეს" შეეხება, რომელიც ქართული ტელევიზიის ისტორიაში, შეიძლება ითქვას, პირველი გაწონასწორებული და ასე თუ ისე სანდო საინფორმაციოა. სამწუხაროდ, არ ვარ დარწმუნებული, რომ მას ბევრი უყურებს. ესეც კიდევ ერთი უცნაური ნაციონალური ფენომენია: ჩვენ ძალიან ვღელავთ, განვიცდით, ვჩხუბობთ, როდესაც საზმაუწყებლის დირექტორს ან მის მოადგილეებს ხსნიან ან ნიშნავენ დაკავებული პოსტებიდან, სამეურვეო საბჭოს არჩევნებზე იმდენს ვნერვიულობთ, ისე გვიხარია, გვწყინს, ისე ვულოცავთ ან ვლანძღავთ არჩეულებს, როგორც შესაბამისად ოჯახის წევრებსა და მოსისხლე მტრებს… სრულიად ვულგარული მანერით გამუდმებით ვაყვედრით, რომ ისინი ჩვენი ჯიბიდან ფინანსდებიან, ვახსენებთ რომ მხოლოდ დაქირავებულნი არიან და ა.შ. მერე კი უცებ ყველაფერი გვავიწყდება. გადავრთავთ სხვა არხებზე და აზრადაც არ მოგვდის, რომ ჩვენი ჯიბიდან გადახდილი "მოამბეს" ყურება უფრო მეტად ნიშნავს მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვას, ვიდრე "ჩვენი ჯიბიდან დაფინანსებული" მთელი ეს საკადრო აჟიოტაჟი. თუ ჩვენ მართლა ვაფასებთ ჩვენ მიერ გადახდილ თითოეულ თეთრს, უნდა გვესმოდეს, რომ საზმაუწყებელს გადასახადების გადამხდელის მიერ გამუდმებული კონტროლი კი არა, მხარდაჭერა სჭირდება და ეს მხარდაჭერის გამოხატვა პულტის ღილაკზე თითის უბრალო დაჭერითაა შესაძლებელი. აქვე უნდა ითქვას, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი აქვს, მოქალაქეთა დიდი ნაწილი სწორედ აღნიშნული სოლიდარობისა და ნდობის გამო უყურებს საზმაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებას, რადგან სჯერა მისი პოლიტიკური გემოვნების მიუკერძოებლობის.
ჩემი აზრით, საზოგადოებრივ მედიას საქართველოში განსაკუთრებული ადგილი უნდა ეჭიროს. ის არა მარტო აუდიოვიზუალურ პროდუქციას უნდა სთავაზობდეს საზოგადოებას. კარგი იქნებოდა მაუწყებელი ნაბეჭდ პროდუქციას -ყოველდღიურ გაზეთს გამოსცემდეს, რომელსაც ასევე ექნებოდა ამბიცია გამხდარიყო ბეჭდვითი მედიის რეფერანსი, ტონის მიმცემი. ამასთან, კვირაში ერთხელ თემატური ჟურნალი-დამატებები უნდა იბეჭდებოდეს, ლიტერატურისა და ხელოვნების, ისტორიის, მეცნიერების შესახებ და, რაც მთავარია, ეს შეძლებისდაგვარად იაფი უნდა იყოს. საზოგადოებრივი ბეჭდური მედია, რა თქმა უნდა, მაუწყებლის ბიუჯეტის გაზრდასაც მოითხოვს და მის რესტრუქტურიზაციასაც. დარწმუნებული ვარ ეს არ იქნება ყველაზე უსარგებლოდ დახარჯული საზოგადოების ფული და ენერგია.
უფლება არ გვაქვს, ერთგვარ ინფორმარციულ-კულტურულ გეტოში მცხოვრებ ადამიანებს მოქალაქეობრივი თვითშეგნება მოვთხოვოთ. ველოდოთ, რომ ამ ადამიანებმა დამოუკიდებელი, მანიპულაციებისგან თავისუფალი გადაწყვეტილებები მიიღონ თავიანთი ქვეყნის გეოპოლიტიკურ და ფასეულობათა მომავალზე მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ასეთი განათლებული და კეთილშობილი, კოხტად დავარცხნილ-ჩაცმული ყოჩაღი "ცნობადი სახეები" და მათთან დაახლოებული იღბლიანები ასე ვფიქრობთ.
ჩვენ უნდა დავამთავროთ საქართველოში ტელედებატები და დავიწყოთ დისკუსიის ეპოქა. რადგან დებატი, დისკუსიის ყველზე რთული ფორმა, უმაღლესი პილოტაჟია, რომელიც ვერაფრით ვისწავლეთ. უბრალოდ გამოვტოვეთ, გადავახტით, როგორც უნივერსიტეტში ჩაწყობილ საგანს. შედეგად ჩვენს კამათში ჭეშმარიტების ნაცვლად გამუდმებით სიძულვილისა და დაბნეულობის მახინჯი ნაყოფი იბადება... საჭიროა, დრო უკან გადავახვიოთ, გამოტოვებულ საგნებს ჩავუჯდეთ… მერე იქნებ მართლაც მიეცეს შანსი ძნელადაღსაზრდელი შვილების თავნებობითა და უსაქციელობით გატანჯულ და დაღლილ ბებერ საქართველოს, დროდადრო პლედში გახვეულმა ტელევიზორის წინ მშვიდად ჩასთვლიმოს ხოლმე ისე, რომ წამყვანის სრულიად შემაძრწუნებელმა კივილმა გულისგახეთქვამდე დასტრესილი არ წამოახტუნოს საყვარლად ჭრაჭუნა მოქანავე სავარძლიდან.

P.K.16Mars 2012 Paris
P.S. ჟურნალი "ლიბერალი" 16.04.2015    ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნი ქართული მედიის ერთერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი მომხმარებლები ვართ. ჩვენთვის  მედია ერთგვარი სარკეა, მისი საშუალებით გვესმის, ვხედავთ, ვუსმენთ, განვიცდით  სამშობლოს. როგორც ჩანს ხშირად არასწორად.  ჩვენ გვეუბნებიან, რომ ქართული მედია ევროპული რეიტინგების თანახმად რეგიონში მოწინავეა , თუმცა ამავე ევროპულ მედიასთან მისი იდენტიფიცირება გვიჭირს. მედიამომხმარებელთა ამ უჩინარ უზარმაზარ  არმიას იშვიათად ეკითხება ვინმე აზრს...  ვერაფერს გააწყობ! მაგრამ,  ჩვენ ვარსებობთ, ძალიან ბევრნი ვართ და ყოველ ჩვენთაგანს ჩვენი სუბიექტური აზრი გააჩნია ქართული მედიის შესახებ.