15 avril 2011

სექსი, დროგი და სიცარიელე 2

“მოკალი მღვდელი!”

                                              

Паук и мухи


Дили-бом!... Дили-бом!...
Стоит церковь-божий дом,
А в том доме — паучек,
Паучек-крестовичек,
Паучек семи пудов, —
"Все от праведных трудов".
Нахлобучивши клобук,
Ухмыляется паук
И трезвонит целый день:
Делень-день!.. Делень-день!...
Паук весело живет,
Паутиночку плетет,
В паутину ловит мух:
Молодаек и старух,
Молодцов и стариков —
Богомольных мужиков.
Мухи жалобно жужжат,
Пауку несут деньжат!
Все, что нажили горбом.
Дили-бом!... Дили-бом!...
Ой вы, братцы-мужики,
Горемыки-бедняки!
А давно уж паука
Взять пора вам за бока:
Ваши души он "спасал" —
Вашу кровушку сосал
Да кормил жену и чад —
Паучиху, паучат,
И пыхтел, осклабив рот: —
Ай дурак же наш народ!
                             
(Демьян  Бедный 1921  )



პოსტსაბჭოთა სულიერი "გოლოდომორის"  მომდევნო პირველივე ათწლეულში  გახდა ნათელი, რომ თუ ძალიან მალე რაიმე არ შეიცვლებოდა,  უპატრონოდ მიგდებულ, მასტიმულირებელი ეროვნული იდეისთვის განკუთვნილ  ქართულ ცარიელ ფილოსოფიურ სივრცეს,  ეკლესია დაეპატრონებოდა…

სიბნელისა და კრიმინალური ტერორის 90–იანმა წლებმა თვიდან, თითქოს  ახალი შემოქმედებითი სტიმული მისცა საზოგადოების ერთ ნაწილს, განსაკუთრებით არტისტებსა და შარლატანებს... მაგრამ არასაკმარისი – ვადაგასული « პერვიტინივით« სუსტი. ისიც თავისუფლებისადმი ძლიერი, თითქმის ტოქსიკომანური დმოკიდებულების წყალობით , რომელიც წლების განმავლობაში გროვდებოდა საბჭოთა საქართველოში… ამიტომ არტისტები რამოდენიმე წელიწადში ისევ საბჭოთა კონფორმისტებად და ნიჰილისტებად დაიყვნენ, შარლატანებმა კი ფრთები გაშალეს, პოლიტიკურ, ინტელექტუალურ და რელიგიურ ელიტებადდ ჩამოყალიბდნენ!

70–80 იან წლებში ეს "ფილოსოფიური სივრცე" ცუდად გაბერილ, წითელ ბუშტს წააგავდა, რომელსაც დღესასწაულის შემდეგ ხან საწოლის ქვეშ წავაწყდებით ხოლმე, ხან კარადის მტვრიან თავზე– სანამ საბოლოოდ არ დაიჩუტება, როგორც ეს 1991 წლის დეკემბერში სახელმწიფო გადატრიალებისას მოხდა .





სულ ცოტა ხნით ადრე,  ამ ნახევრად დაჩუტული  ფილოსოფიური ბუშტის შევსებას  ეროვნული მოძრაობა შეეცადა, თავისი პრიმიტიული  ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტური იდეებით.  ცოტა ხნით მოახერხა კიდეც – საქართველო ორი-სამი წლის განმავლობაში აბსოლუტურად ნაციონალისტურ–შოვინისტურად ეგზალტირებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მაგრამ ჩვენსავით პატარა და გაპარტახებულ ქვეყანაში,  ულტრამემარჯვენე ძალების ხელისუფლებაში დიდხანს ყოფნა აბსოლუტურად ალოგიკურია – ნაციონალისტური
იდეის პრინციპული, პოლიტიკურად დაცვა საერთაშორისო კონტექსტში ძალიან ძვირი და უკომპრომისო  « სიამოვნებას » წარმოადგენს, რომლის უფლებას, საკუთარ თავს მხოლოდ დიდი და ძლიერი, ან პატარა და ბრიყვი  პოლიტიკოსების მიერ მართული ქვეყნები აძლევენ.  სწორედ ამიტომ ცუდად გაბერილი ქართული  ბუშტი უიმედოდ და უიდეოდ დაცარიელდა, 
ნაციონალისტების შემდეგ ყველაზე ძლიერად მასში კრიმინალებმა ჩაბერეს – რაღაც უმყრალესი სული – დასავლურ მაფიის ყაიდაზე მოდერნიზებული  საბჭოთა ქურდული გაგების, ანჰიდრიდისა და  თბილისური აბსოლუტური იდიოტიზმის  სულიერ – ქიმიური  ტოქსიკური ნარევი,  რომელმაც  მიკროსკოპული ხვრელები გაუჩინა ბუშტს.  
მისი გადარჩენა ედუარდ შევარდნაძემ შესძლო,  –  კორუფციის არნახული « დემოკრატიზაციის » სრულიად ინოვაციური მეთოდით – ხანძარი აფეთქებით ჩააქრო!

რაც არ უნდა პაროდოქსალურად ჟღერდეს, კორუფცია ერთად ერთი ძალა აღმოჩნდა, რომელიც შეძლებდა  ჯაბა იოსელიანის “ პრაკოლებიანი”   საქართველოს რეალურად გამოყვანას კომიდან. მან როგორღაც დააწება იდეოლოგიური ბუშტის ნანემსრები, და კორუფციის ტკბილი ქარიშხალი შთაბერა მას – მომდებნო წლები  საქათველოს ისტორიაში თავისუფლად შეიძლება კორუფციის რენესანსად მოვიხსენიოთ. თუმცა უნდა აღინიშნოს, ამ პრიმიტიული პოლიტიკური წყობის იდეოლოგია არც თუ ისე ღრმაა იმისათვის,  ფილოსოფიური ბუშტი დირიჟაბლივით გაბეროს, და  არც ისე ორიგინალური, რომ პრეზიდენტი შევარდნაძე ინოვაციისათვის ნობელზე წარვადგინოთ …

სწორედ იმ წლებში, ბოლონიაში აღმოვჩნდი, პარფიუმერიისა და კოსმეტიკის მსოფლიოში ყველაზე ცნობილ სალონზე , სადაც წარმოდგენილი იყო კომპანია, რომელშიც 1994–95 წლებში ვმუშაობდი კომერციულ ატაშედ. ფირმის პატრონი ჩემზე გაცილებით უფროსი, ერთობ ნატანჯი კაცი იყო – ფრანგული საშუალო ბიზნესის ბნელ და გაუვალ ლაბირინთებში ხან სად იჭედებოდა და ხან სად… ახლო და მეგობრული ურთიერთობა გვქონდა და საკმაოდ ბევრი ვიცოდი მის შესახებ. მაგალითად ის, რომ რამოდენიმე წლის წინ, მისმა უახლოესმა მეგობარმა და მოწილემ ისე მოაწყო ყველაფერი, რომ არა მარტო გააკოტრა – ერთი წლით ციხეშიც კი ამოაყოფინა თავი. ამის შემდეგ ფაქტიურად ცხოვრების ნოლიდან დაწყებამ მოუწია. 

ამ ამბავს – «ჭეშმარიტების მომენტში», ანუ საღამოს ვისკის ტრდიციულ აპერიტივზე იხსენებდა ხოლმე. როდესაც შევიტყვე, რომ მისი მოღალატე მეგობარი დღეს ჩვენი კოლეგაა და ჩვენზე ბევრად უკეთესი ფირმა აქვს, საერთოდ გული მომიკვდა – ჩემი პატრონი – არ შემდგარი მონტე კრისტო, ხომ, ციხიდან ისევ უბრალო მეზღვაურ ედმონდ დანტესად დაუბრუნდა ფრანგული საშუალო ბიზნესის იგივე ბნელ ლაბირინთებს … 

და აი ბოლონიაში, სალონის გახსნის მომქანცველი დღის შემდეგ საღამოს, სასტუმროს ბარში საკმაოდ დიდი კაპანია შევიკრიბეთ. ტელევიზიით საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს ველოდით. იმ დღეს ფრანსუა მიტერანის 14 წლიანი სოციალისტური «ერა« დასრულდა. ბარში შეკრებილი ჩვენი კოლეგები, კლიენტები, მომწოდებელი ფაბრიკანტები ისეთი სიხარულით შეხვდნენ მემარჯვენე ჟაკ შირაკის გამარჯვებას, როგორც გერმანელები რამოდენიმე წლის წინ ბერლინის კედლის დანგრევას.

მემარცხენე «ტირანიის» დაცემა ფრანგმა საქმოსნებმა და მათმა ოქროს როლექსიანმა არაბმა კლიენტებმა შამპანიურით აღნიშნეს … მთელი საღამო ერთად გავატარეთ. ნაშუაღამევს ისევ იგივე ბარში შევიკრიბეთ – ბოლო ჭიქის დასალევად. 

ჩემი პატრონი ერთ ყველაზე აქტიურ მოქეიფესთან ერთად ხელიხელ გადახვეული მომიახლოვდა და გამაცნო. 

– იცი ვინ არის? მეუბნება ბედნიერი შევარდისფრებული სახით. არა მეთქი, თავაზიანად გავუღიმე. 

– წორედ ის ჩათლახია, მე რომ ციხეში ჩამაყუდა… სიტყვა «ჩათლახი» რაღაც «დედმამისშვილური» სიყვარულითა და სინაზით წარმოთქვა.

საშინელ ხასიათზე დავდექი. მაშინვე გავეცალე და ბართან ჩამოვჯექი და ორმაგი ვისკი შევუკვეთე. კიდევ უფრო განვმარტოვდი ჩემს მთვრალ მარტოობასთან 

პატრონმა ეტყობა რაღაც იგრძნო. მოვიდა და გვერდით მომიჯდა…

–ამ გარეწარს საერთოდ როგორ ელაპარაკები, არ გრცხვენია მეთქი? 

ცოტა კი დაიმორცხვა, მაგრამ აქეთ შემომიტია. აბა მთელი ცხოვრება გაბუტული ხომ არ ვიქნები, ეს გადაშლილი ფურცელიაო… 

ამ გადაშლილი ფურცლების «კანცელარიულმა« უგემოვნო ბანალობამ სულ წყობიდან გამომიყვანა. 

საერთოდ ფირმაში «მორალი« ჩემს ფუნქციებში 
 შედიოდა. პრინციპში,  არავის დაუვალებია. მე თვითონ, საკუთარი ინციატივით ავიღე ჩემს თავზე ეს ფუნქცია. წინააღმდეგობა არავის გაუწევია. უნდა ითქვას, ვერც კი შეამჩნიეს…

– ამ ნაბიჭვრის გამო ორი წელი ცხარე ცრემლით რომ მატირებდი, მაშინ არ იყო გადაშლილი ფურცელი?

– მაშინ არ იყო. ეხლა არის. რა განერვიულებს? ვინმე ამაზე უკეთესი გგონია? ყველა ადამიანი ერთნაირად გარეწარია…

– ყველა არ არის გარეწარი. მე ადამიანები მიყვარს, არ შეიძლება ყველა გარეწარი იყოს. 

– აბსოლუტურად ყველა გარეწარია. – უკვე აღარ იცინოდა. აღარც ვარდისფერი იყო – ყველა!

– ეგ შენ იცნობ მხოლოდ გარეწრებს… 

–აბა ვინ არ არი ? ერთი მაინც მაჩვენე…

– მე. მე არა ვარ! –ვუთხარი დამცინავად და ამაყად – კიდევ რამდენიმეს გაგაცნობ, თუ გინდა, პარიზში რომ დავბრუნდებით…

– ცოტა უფრო ჭკვიანი კაცი მეგონე. დაიმახსოვრე, ადამიანები ერთნაირები არიან… – ეს უკვე ძალიან სერიოზული და ცივი სახით მითხრა. ცოტა ხანს კიდევ შევეცადე დამერწმუნებინა, რომ ჩვენს კარტეზიანულ ეპოქაში მორალი ჯერ კიდევ ღირს რაღაცად… ხურდა ფულად მაინც . 

როდესაც ჩუმი გაბრაზების ნიშნები დაეტყო, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ ჩემი ვისკიანი მორალისტობით მასი სამყაროს სულიერ სტატუს კვოს ვარღვევდი…

ეს ადამიანები წლების განმავლობაში, მეგობრობენ , ხშირად ოჯახებით. დასასვენებლად ერთად დადიან, ცდილობენ ბავშებმა იმეგობრონ…ხელს უმართავენ ერთმანეთს, მერე ღალატობენ, აკოტრებენ სახლკარს აყიდინებენ ერთმანეთს, სასამართლოებში არბენინებენ… … განიცდიან, ჭაღარავდებიან, ბავშვები კერძოდან მუნიციპალურ კოლეჯებში გადაჰყავთ… ბოლოს რაღაც ფურცელებს გადაშლიან ხოლმე, გადააკეთებენ, ზოგს საერთოდ ამოხევენ …მერე ისევ ერთად იკრიბებიან ბოლონიაში, სასტუმრო აემილიას ბარში, ცოტა მეტად გაჭაღარავებულნი, ვიდრე წინა შეხვედრისას, ცოტა მეტად გატეხილები, პატარა ან დიდ ინფარქტ გადატანილები, ახალი ცოლებით, საყვარლებით… ისევ მხნედ სვა
ენ თავიანთ აპერიტივს, ერთმანეთს მხარზე ხელებს უტყაპუნებენ, თვალს უკრავენ, მეგობრულად მუჯლუგუნებს ჰკრავენ… იციან, რომ ცხოვრება ერთი ცუდი, ორთოგრაფიული შეცდომებით დაწერილი წიგნია, რომლის გაცრეცილ ფურცლებზე დაჯღაბნილ მათ პატარა სევდიან ისტორიას უკან არასოდეს არავინ გადმოფურცლავს, არავის არა აქვს საქმე არც ხელუხლებელ, არც ამოხეულ და არც ჩაწეპებულ ფურცლებთან… და საერთოდ, თავად წიგნთან, რომელიც არა თუ სხვებს, მათ შვილებსაც კი არ აინტერესებთ…უფრო მეტიც – ამ წიგნის მიმართ ინტერესი თავადაც დაკარგული აქვთ. ამიტომაც ხევენ, შლიან და აწეპებენ ახალ ფურცლებს ასე ადვილად. 

შეიძლება ვისკის ბრალი იყო? ... გულწრფელად შემეცოდნენ. კორუფცია ამ ხალხის « ფილოსოფიური სივრცის« ერთადერთი შესაძლო შემავსებელი სუბსტანცია იყო, რომელიც მათ სიცოცხლის საშუალებას აძლევდა. მივხვდი, რომ ყველაზე კომიკური და უცხო ამ კორუმპირებულ ჰარმონიაში, თავად მე ვიყავი. არაფერი არ მაკავშირებდა მათთან... არა იმიტომ რომ მათზე უკეთესი, ან უარესი ვიყავი… ეს უბრალოდ არ იყო ის ბარი, სადაც მე, ნაშუაღამევს, ჩემი ვისკი უნდა დამელია… 
ამიტომაც ჩემი, როგორც უცხო სხეულის  გარიყვა ბუნებრივად მოხდა … ძალიან მალე უმუშევარი დავრჩი, ჩემი გასკდომამდე გაბერილი  ფილოსოფიური ბუშტით…



შევარდნაძის ეპოქის დევიზივი –სამი მარტივი სიტყვა იყო: «აქ ყველა გასვრილია… » 

ეს «საყოველთაოდ გასვრილთა« პოლიტიკური ჰარმონია იყო! დიდი ამორალური ეპოქა – სოდომი და გომორი, ბნელი, ცივი, შემაძრწუნებლად არასექსუალური, ეროტიულზე რომ არაფერი ვთქვათ… ამ ეპოქაში ლიბერლმა მორალისტებმა მონარქიული კარიერა გაიკეთეს. ისინი, ჩემგან განსხვავებით არ აღმოჩნდნენ უცხო სხეულები ქართული «პოლიტიკური ბარის დახლთან»… 2003 წელს ეგრეთ წოდებული ვარდების «რევოლუციაც« კი მოაკვარახჭინეს » და როგორც ყველა წესიერ რევოლუციონერს შეეფერება, ახალი ცხოვრების შენება მკაცრი რეპრესიებით დაიწყეს…

მხოლოდ ერთი რამ ვერ გაითვალისწინეს, რომ ახალი ცხოვრების შენებას პროექტი სჭირდება, პროექტი კი კონტურებიანი იდეაა, რომელიც მათ არც გააჩნდათ და ახალიც ვერ შექმნეს. პირიქით, ქართულ ფილოსოფიურ გუდაში დარჩენილი ბოლო ნამცეცები საგულდაგულოდ გამობერტყეს და მისი არსებობის შესახებ საერთოდ დაივიწყეს. 

2003 წლიდან მოყოლებული ქართული იდეა ძალიან დაემსგავსა ქართული საბჭოთა სოფლის მახინჯ, უიდეო და უპროექტო «პლაშატკიან» და თუნუქის მტრედებიან არქიტექტურას, რომელსაც ისევე შეხვდებით კახეთში, როგორც ცხელ იმერეთში. წვიმიან აჭარაში ან თოვლიან სვანეთში, კლიმატის, ადგილობრივი არქიტექტურული ტრადიციისა და სოციალური კუთვნილების მიუხედავად… ასეთ სახლებში ერთადერთი კრიტერიუმი «ბიჭის« ჰიპოთეტურ ქორწილში სტუმრების ტევადობით განისაზღვრებოდა… ჩემი თვალით მინახავს ბავშვობაში ჩემი სოფლელი «შობელძაღლი« მეგობრების მამები, როგორ ზომავდნენ ფართო ნაბიჯებით გაჯით ახლად გალესილ უზარმაზარ ცივ ოთახებს და არარსებული ქორწილის არარსებულ სტუმრებს ითვლიდნენ! 

2003 წელი - ქართული დეკადანსის, სველი გაჯით გალესილი სრული იდეური სიცარიელის დასაწყისია. რომელსაც მომზადებული მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესია შეხვდა და ადამიანების სულებზე სრული «ბლიცკლიკი« განახორციელა.

საამისოდ საჭირო სტიმულატორი, თუ გნებავთ «პერვიტინი« 90-იანი წლების განმავლობაში დააგროვა. როდესაც ქვეყანაში მართლმადიდებლური ფარისევლობის ვირუსის კონცენტრირებული ძლიერი კერები, დეზინფექციასა და მკურნალობას ჯერ კიდევ ექვემდებარებოდა...


სამწუხაროდ, მაშინ საქართველოში ინტელექტუალურად გამბედავი და პრინციპული ადამიანები არ აღმოჩნდნენ: მათ კონფორმისტულ დუმილში ქართული თეატრის სცენა ნელ-ნელა დაბნელდა და ბოლოს კარგა ხნით  ჩაქრა. 

მოგვიანებით, როდესაც სცენა ისევ  აინთო, იქ ფელინისეული  მართლმადიდებლური მოდების პერფომანსი ვიხილეთ… აგრეთვე ახალი დროების არქიტექტურული  დომინანტი – სიმბოლო: ქალაქის ეზარმაზარი მოოქროვილი ჭაღივით განათებული  სამების ეკლესია – რომელმაც თანამედროვე ქართულ არქიტექტურაში «გრანდიოზომანიას« მისცა დასაბამი,  ამის საუკეთესო მაგალითი მეორე, ამჯერად უკვე საერო დომინანტი – სიმბოლო: პრეზიდენტის სასახლეა!  


ჩემი აზრით, ეს ორი ანტაგონისტი შენობა ერთი არქიტექტურულ კომპლექსს წარმოადგენს და ის სრულად სიმბოლიზირებს დღევანდელ ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოებას.
ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან, საქართველოში ისედაც  ფართოდ გავრცელებული ულტრამემარჯვენე განწყობის თავისი აქტივისაკენ მოსამართად,  ხელისუფლებაში მოსულმა «პროევროპულმა«  ვარდისფერმა მესიამ და მისმა მოციქულებმა, აგრეთვე  ექსსტიქაროსნების «მაფიამ«  აბსოლუტურად ბრიყვული და უპასუხისმგებლო  თამაში დაიწყო რელიგიითა და  წინაპრების ძვლებით – ხან ბაგრატის, ხამ სამების ტაძარში… რევოლუციონერ «დემოკრატებს» (მაშინ ლიბერალიზმზე, და მით უმეტეს ლიბერტარიანიზმზე ჯერ არავინ საუბრობდა), ტელევიზიით გამოსვლისას ზურგს უკან ხატების მთელი კოლექცია ჰქონდათ გამოფენილი.
შემდეგ  დაანგრიეს ეკლესია, დააკავეს ექსტრემისტი მღვდელი ბასილ მკლავაშვილი.
ამ სკანდალური «შეცდომების» გამოსასწორებლად ხელისუფლება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე   ინდულგენციების შესყიდვას გაასმაგებული  რაოდენობითა და ენთუზიაზმით შეუდგა .

საქართველოს ჰყავდა ეკონომიკის მინისტრი, რომელის «მოვალეობაში» იერუსალიმიდან აღდგომაზე ცეცხლის ჩამოტანა შედიოდა და ამის კეთილი შურით შურდა პარლამენტის დღევანდელ თავმჯდომარეს - დავით ბაქრაძეს. ტელევიზია გადმოსცემდა «ბიბლიურ» სიუჟეტებს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანზე, რომელიც თურმე სანამ ლტოლვილების კრეჭას დაიწყებდა, ეკლესიის თხებს მწყემსავდა...  გიგი უგულავას სტიქაროსნულ წარსულზე, რომელსაც   ქალაქის თავმა ზურაბ წერეთელთან ერთად ნოსტალგიური ბრჭყვიალა «მამალო« – უნიკალურად პრაქტიკული  წმინდა გიორგი მიუძღვნა – ეს ერთად ერთი წმინდა გიორგია მსოფლიოში, რომელიც ნებისმიერ მომენტში საშობაო ნაძვისხეთ შეგიძლიათ გადააკეთოთ ერთი თვით,  მერე კი ისევ წმინდანად გადმოაკეთოთ…

2009 წელს ძმებმა გაჩეჩილაძეებმა მთელი სტადიონი მეამბოხე მრევლი დააყენა თავზე პატრიარქს. სამების ტაძარში სტიქაროსანი ფუნქციონერებისა და  «მოყვარული» რევოლუციონერების დამუხტული შეხვედრის ამსახველი კადრები  თავისუფლად შეგვიძლია ქართული სატელევიზიო ნეო–სოცრეალიზმის მწვერვალად მივიჩნიოთ – ამ დღეს ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ აბსოლუტური ტრიუმფი იზეიმა –  მან, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი კეთილი ნების წყალობით საქართველოს სამოქალაქო ომი ააცილა… ამ დღეს პოლიტიკოსების მისაღები გადაწყვეტილება ეკლესიამ მიიღო. და ამის მოწმე ფაქტიურად საქართველოს მთელი მოსახლეობა გახდა. 


მოსახლეობას კი ძლიერები უყვარს, მან პოლიტიკური ძალა ეკლესიაში იგრძნო.  ამიტომ დღეს საქართველოში ყველაზე სერიოზულ პოლიტიკურ ძალას სწორედ ეკლესია წარმოადგენს და პირველ რიგში ამაზე პასუხისმგებელი მხდალი  და პოლიტიკურად კორუმპირებული ხელისუფლებაა, მეორე რიგში კი ასევე არანაკლებად მხდალი კორუმპირებული ოპოზიცია.

დღეს ისე, როგორც არასდროს  ეკლესიას  ხელთ უპყრია ძალაუფლება, რომელიც თავად «პროევროპელმა» პოლიტიკოსმა–"ცეხავიკებმა"  ისევე მიართვეს ძღვნად, როგორც როგორც ოდესღაც  პარტიასა და მის ცეკას.

ჩვენი "არატრადიციული" და ექსტრაორდინალურად ცვალებადი  იდეოლოგიური ორიენტაციის ხელისუფლების პირობებში, საქართველო გაცილებით მეტ სიბნელეშია, ვიდრე შევარდნაძის პერიოდში. ეს  უკვე რელიგიური  პანდემიაა, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, ინტელექტუალური კარანტინი და სერიოზული მკურნალობა ესაჭიროება. დრო, როდესაც ამ ვირუსთან ბრძოლა არტისტული მათრახით შეიძლებოდა, რამოდენიმე წლის წინ დამთავრდა. ქართველმა ინტელექტუალებმა და არტისტებმა ის თავიანთი ტრადიციული  კონფორმიზმით შენიღბეს და მხოლოდ დღეს, სულ ეხლახანს  მორცხვად გამოაძვრინეს თავიანთი პატარა სათამაშო წკეპლები და შურდულები… და «გმირულად«  გაბედეს ეკლესიის წინააღმდეგ გალაშქრება… მხოლოდ აბსოლუტურად არაფრისმომტანი მეთოდებით – რომლებსაც  უფრო საბჭოური «მხილების«  ფუნქცია აქვთ ვიდრე მოსახლეობის «ოპიუმისაგან« დეზინტოქსიკაციის. აქვე აღსანიშნავია, რომ ეს როლი თავად ყოფილ «ტოქსიკომანებს« – ასე ვთქვათ, დაცემულ ანგელოსებს  – ყოფილ სტიქაროსნებსა და სემინარისტებს აქვთ აღებული საკუთარ თავზე, რაც მოსახლეობის სანსიბილიზაციისათვის თითქოს  სულაც არ არის ცუდი იდეა. მაგრამ იოსებ ჯუღაშვილზე მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, ქართველები  გენეტიკური უნდობლობითა და  შიშით ვუყურებთ ყოფილ სემინარისტებისა და სტიქაროსნების საზოგადო, განსაკუთრებით პოლიტიკურ  მოღვაწეობას. ეს ჩვენში იოსების საკმევლით გაჟღენთილ ბავშვობის მისტიურ  სუნს აღვიძებს.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს «დაცემული ანგელოსები«  საოცრად "არა–სექსი"  ხალხია.  მძიმედ დაავადებულ საქართველოს კი დღეს მთლად მერლინ მენსონი თუ არა, «მადონა«  მაინც სჭირდება… უფრო მეტად,  ვიდრე ეს ერთი კვირის წვერიანი, კარგად ნაკითხი ინტელექტუალები, რომელთა "მამხილებელი"  წერილები ფეისბუკზე აღფრთოვანებას ისევ საკუთარ წრეში თუ იწვევს, რელიგიურ აგრესიის კოცონზე კი მხოლოდ დასხმული  ზეთის ეფექტს ახდენს.


ნიშანდობლივია, რომ «დაცემული სტიქაროსნების მაფია«  ძირითადად ხელისუფლების მხარეზეა  პოლიტიკურად ანგაჟირებული, რაც ინფეცირებულთა შორის კიდევ უფრო  აძლიერებს უნდობლობას...  მით უმეტეს, მათი მკურნალობის მეთოდი, ჩემი აზრით სრულიად  არაეფექტურია, და ის ძალიან წააგავს ფსიქიატრიაში ელექტროშიკით მკურნალობის აბსოლუტურად არაადამიანურ მეთოდს, რომელსაც ბევრი ფსიქიატრი «კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს«  უწოდებს.
 




მკურნალობის ამ  მეთოდის ფესვები, რომელსაც დღეს ელექტროკონვულსიას უწოდებენ  გასული საუკუნის დასაწყისიდან მოდის, როდესაც ექიმ ფსიქიატრებს მენტალური პათოლოგიების სამკურნალო ქიმიური თერაპიისათვის,  არაეფექტური ოპიუმის,  მის ბაზაზე წარმოებული ბარბიტურიკისა და ბრომის გარდა  პრაქტიკულად არაფერი გააჩნდათ. ისევე, როგორც ქართველ ინტელექტუალებს თავიანთი ინერტული და არაეფექტური, არასრულყოფილი ცოდნა… არასრულყოფილი – რადგან ცოდნას მხოლოდ წაკითხული წიგნებისა, მოსმმენილი ოპერებისა და ნანახი ფილმების რაოდენობა არ განსაზღვრავს. ცოდნა ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის სინთეზია გამოცდილებასტან და ამ სინთეზის გამოყენების უნარი, რადგან ის პირველ რიგში მხოლოდ ინსტრუმენტია, რომელიც თავისუფლების მოპოვებაში გეხმარება, მისი არასწორი გამოყენება კი პირიქით ცოდნის უიმედო, სამუდამო ტყვეობაში გაქცევს – როგორც ოპიუმი…

ელექტრო კონვულსია პირველად იტალიელმა ფსიქიატრებმა, ჰუგო კერლეტიმ და ლუკინო ბინიმ გამოიყენეს 1938 წელს .

ამ იდეამდე ისინი  ღორებზე დაკვირვებამ და
ექსპერიმენტების სერიამ  მიიყვანა – მათ შეამჩნიეს, რომ ღორები, ელექტროშოკის მიღების შემდეგ გაცილებით მშვიდად არიან დაკვლის პროცესში… იტალიელმაა ფსიქიატრებმა ექსპერიმენტები ძაღლებზე გააგრძელეს. ბოლოს, 1938 წელს მათი ხელმძღვანელობით იტალიელი მეცნიერების ჯგუფმა შიზოფრენიით დაავადებულ ადამიანზე ჩაატარა პირველი ექსპერიმენტი, ისე, რომ პაციენტისაათვის თანხმობა არც უთხოვია.

ამ დღიდან დაიწყო ათვლა ელექტრო შოკის გამოყენებით ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა.
თუმცა, უნდა ითქვას,  1947 წლამდე სწორედ ელექტრო შოკის გამოყენებით განხორციელებული  ექსპერიმენტების წყალობით   ფსიქიატრიამ უდიდესი ნაბიჯი გადადგა წინ .

ელექტრო შოკის  მეთოდი  ძირითადად დეპრესიისა და მელანქოლიის სამკურნალოდ გამოიყენება,  დღეს ის სრული ანესთეზიის ქვეშ კეთდება. მაგრამ იმ შორეულ 30–40 იან წლებში განხორციელებული პროცედურები, რომელთა სუნი, ჩემი აზრით  აშკარად ასდის ქართველი ინტელექტუალების  შოკური თერაპიის ექსპერიმენტებს, ძირითადად ბარბაროსული და პაციენტის  უფლებების ფეხქვეშ გათელვა გახლდათ.

თავად პროცედურა მარტივია,  ავადმყოფის  ტვინის გავლით  100 დან 200 ვოლტამდე მოკლე ჩართვა ხორციელდება. ტვინში ფაქტიურად ერთგვარი ელვა წარმოიქმნება, რომელიც ავადმყოფს ხელოვნურ ძლიერ  ეპილეტიკურ შეტევის მდგომარეობაში აგდებს. მკურნალობის კურსი 4-დან 20 პროცედურას ითვალისწინებს, არაუმეტეს 3–ჯერ კვირაში.

  


ეს ტვინში გამავალი ელვა მთლიანად სპობს ჟანგბადის მარაგს და  ტვინის მკვებავ ელემენტებს, რაც კომატოზურ მდგომარეობას იწვევს. ანადგურებს ტვინის ყველა ნორმალურ ფუნქციას. თანამედროვე კომპიუტერული ტერმინოლოგია რომ ვიხმაროთ ,   ახდენს ტვინის გადაფორმატებას.

ადამიანის ტვინი სხეულის წონის მხოლოდ 2% –ს შეადგენს. თავისი მაღალი დონის მეტაბოლიზმის გამო – ტვინი სხეულის ჟანგბადის 20% –ს მოიხმარს.
ელექტროშოკის დროს ტვინის მეტაბოლიზმი 400% ით იმატებს, შესაბამისი პროპორციით იმატებს ჟანგბადისა და მკვებავი ელემენტების საჭიროებაც. იმისათვის, რომ ტვინმა ელექტროშოკის დროს სიცოცხლე შეინარჩუნოს ტვინში სისხლის მიწოდებამაც შესაბამისად 400%-ით უნდა მოიმატოს – რაც ნიშნავს არტერიული წნევის 200% ით გაზრდას… ესეთი  ექსტრემალურად მაღალი წნევა ტვინში პატარა და ხანდახან დიდი სისხლძარღვების დაზიანებას, სკდომას იწვევს. რაც ხშირად ხდება სიკვდილის მიზეზი, უშუალოდ ელექტროშოკის პროცესში, ან მოგვიანებით.

ტვინში მკვებავი ელემენტებისა და ჟანგბადის ჭარბი კონცენტრაციის აუცილებლობა, იწვევს ამავე ელემენტების ნაკლებობას ნერვიულ სისტემასა და სხვა ქსოვილებში – მათ კვდომას.
ელექტროშოკი ტვინის ქიმიური შემადგენლობის სტრუქტურის ცვლილებას იწვევს. რაც ხდება მიზეზი მახსოვრობის, დროსა და სივრცეში ორიენტაციის უნარის დაკარგვისა. ის ხშირად თვითმკვლელობისაკენ უბიძგებს პაციენტს… როგორც მაგალითად ერნესტ ჰემინგუეის შემთხვევაში –  დიდმა ამერიკელმა მწერალმა ელექტროკონვულსიური თერაპიით  მკურნალობის კურსის დამთავრებიდან ერთ კვირის  შემდეგ მოიკლა თავი…

ანტონენ არტოს 9 წელი «აწამებდნენ« ელექტროშოკით ოკუპირებიული საფრანგეთის დამშეულ ფსიქიატრიულ კლინიკებში, მას 58 სეანსი ჩაუტარდა!  
არტოს პარიზში დაბრუნების აღსანიშნავად, ანდრე ჟიდისა და ანდრე ბრეტონის მიერ ორგანიზებულ საღამოზე, ხალხით გაჭედილ  პარიზის ერთ ერთ თეატრში, 50 წლის  შეშლილი და ნაწამები დიდი პოეტი სულ ცოტა 80 წლისას ჰგავდა… ამ დროს არტო პარიზის გარეუბნის, ივრი სუღ სენის ფსიქიატრიულ კლინიკაში ცხოვრობდა… თავისუფალი გადაადგილების უფლებით…. ერთ წელიწადში  ანტონინ არტო გარდაიცვალა...

                                               ანტონენ არტოს ორი პორტრეტი

საქართველოს მოქალაქის ტვინი უკვე 20 წელიწადია უანესთეზიო «ელექტრო შოკის» ექსპერიმენტალურ და ექსტრემალურ რეჟიმში ფუნქციონირებს. მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით  მეტი შოკი აქვს მიღებული ვიდრე ანტონინ არტოს.  ქართველი მოქალაქე არც ჰემინგუეივით იკლავს თავს… მისი ტვინი თავის ცა – ფირუზ, ხმელეთზურმუხტიან ფსიქიატრიულ თავსესაფარში, როგორღაც ეგუება, გამუდმებით გადაფორმატებას, ჭუჭყიან ხალათიანი მედ პერსონალის , ნაციონალისტების,  ბანდიტებისა და განგსტერების,  კორუმპირებული ფუნქციონერების … ადამიანი გუგულების მიერ.
აი,  ასე მივიღეთ «კლინიკური ქართველი». რომელიც უარეს შემთხვევაში დეპრესიულია. უკეთესში კი მელანქოლიური და ცარიელი, სწორედ არტოსავით დაღლილი, გაწამებული, უკიდურესად ღატაკი, ფსიქიატრიულ თავშესაფარს შეკედლებული თავისუფალი გადაადგილების უბადრუკი უფლებით… ეს სწორედ ის ფილოსოფიური, სოციალური, პოლიტიკური თუ როგორიც გნებავთ სიცარიელეა, რომელსაც ეკლესია დაეპატრონა. და ამ სულიერად გაღატაკებულ ადამიანთა ძალიან დიდი ნაწილისათვისათვის მცირე სინათლის ილუზიად გადაიქცა.
ეს მბჭუტავი სინათლე, ცივი, საშინელებებით, ურჩხულებით  სავსე უსასრულო ბნელი გვირაბის ბოლოს.
იმ ქვეყნიური სამოთხეა, იმ ადამიანებისათვის, რომლებმაც უკვე ნახეს ამ ქვეყნიური რეალური  ჯოჯოხეთი, და მათთვის ამ  სამოთხის ფანტაზმის წართმევა ისე, რომ სანაცვლოდ არაფერი შესთავაზო ჩემი აზრით მართლაც ჯოჯოხეთური, დაუნდობელი სისასტიკე, პერმანენტული ელექტრო შოკია.

ახალი ხელისუფლება და მისი ინტელექტუალური ელიტა,  ბავშვური სულსწრაფობითა და  გაუაზრებლობით შეეცადა ახალი მითოლოგიის, ზევსის,  დიდი და პატარა ახალი ღმერთების შექმნას. თუმცა საამისო სიბრძნე მას არ აღმოაჩნდა.

დაცარიელებული ფილოსოფიური სივრცე,  ვერაფრით  შეავსო. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღემდე, პრეზიდენტიდან დაწყებული მისი  პარტიის რიგითი წევრით დამთავრებული, ვერავინ   აგიხსნით საკუთარი  პარტიის იდეოლოგიასაც კი.

ამიტომ ყველაზე მისაღებად  ექსპერიმენტალური ლაბორატორიის მოსახერხებელი კონცეფცია მოეჩვენათ – სწორედ თავისი აბსურდული შინაარსის გამო: ზუსტად არ ვიცით რას ვეძებთ, მაგრამ გვჯერა: ვინც ეძებს ის იპოვის კიდეც… მართლაც,  გულმოდგინედ, ბეჯითად თუ ეძებს, რაღაცას მაინც იპოვი… აბა ისე როგორ იქნება…
აი ეკლესიამ კი ყოველთვის ზუსტად იცოდა, რასაც ეძებდა და უკვე იპოვა კიდეც…
დღეს ახალი ინტელექტუალური ელიტა გრძნობს საკუთარ  შეცდომას და დაკარგული დროის პოვნას "კლინიკურ ქართველებზე"  შოკური, ანუ «ათეისტურ–კონვულსიური» თერაპიის აგრესიული მეთოდის გამოყენებით ცდილობს. მას უსამართლოდ ეჩვენება, რომ ეკლესია არა მარტო «მის კანონიერად» კუთვნილ სულებს, არამედ ინტელექტუალების  «კუთვნილ»  ადამიანთა გონებასაც დაეპატრონა და ამიტომ გააფთრებით  და მორცხვად  იბრძვის  წართმეული  «ქონების«  დასაბრუნებლად.

ათას ცეცხლ და ინტრიგაგამოვლილ ქართული ბებერი მართლმადიდებლური ეკლესიისათვის კი, აბსოლუტურად უიდეო ქართული პოლიტიკური სპექტრი, თავისი ანგაჟირებული ინტელექტუალებით, ოპოზიციონერებით, არტისტებით, ლაბორანტებითა და წინამძღოლი ვიშნუთი, მხოლოდ უბადრუკი  «მალჩიშკების» ბანდაა და სხვა არაფერი.   ანუ  მათივე ლითურგიულ ტკბილ  ენაზე რომ ვქვათ – გზააბნეული კრავები, რომლებიც წესიერად ჯერ იმაშიც კი ვერ გარკვეულან,     
დედამ იპოვა კომბოსტოში, თუ   მართლა ღმერთმა გააჩინა.

სამოქალაქო საზოგადოების ამ ნაწილს, თითქოს ყველა საშუალება აქვს,  რომ ადამიანის სულებზე «ნადირობის»  ამ კომიკურ შეჯიბრებაში, აბსოლუტური უპირატესობა ჰქონდეს სასულიერო პირებზე.  მიუხედავად ამისა, ძალიან კურიოზულია, მაგრამ ვარდისფერმა საქართველომ – 21-ე საუკუნის პირველ ათწლეული  მართლმადიდებლური ეკლესიის რენესასნსით დაასრულა.


ფეისბუკზე მთელი გასართობი ვიდეო პროგრამა შეგიძლიათ შეადგინოთ მამაოების ვიდეო «ქადაგება– სკეჩებისა», როგორიც არის, მაგალითად ვიღაც უეჭველად თავისივე ღმერთისგან გონებადაბნელებული მღვდელის პოპულარული ვიდეო, სადაც ის  ამტკიცებს, რომ იაპონიის, ჰაიტისა და  ინდონეზიის ტრაგედიაში  შურისმაძიებელი  ღმერთის «სისხლიანი» ხელი ურევია… და რომ სკოლიდან სახლისაკენ მიმავალი პრაქტიკული იაპონელი 13 წლის გოგონები, გზად ჯიბის ფულს პროსტიტუციით შოულობენ…

თუმცა არანაკლებ უბადრუკი მოსასმენია  განათლებული გუგულების  გესლიანი სისინი – … და  "ესენი"  აკრიტიკებენ ხელისუფლებას?… ამათ უნდა მართონ საქართველო?…»    « ესენი» და « ამათ» არიან ყველა, ვინც მათგან ოდნავ მაინც განსხვავდება.

არ ვიცი, ვერაფრით ვერ მივხვდი, რა უნდათ, რას  აკრიტიკებენ  ქართველი პარანო მამაოები, მაგრამ მე პირადად ნამდვილად ვაკრიტიკებ საქართველოს ხელისუფლებას, მის ოპოზიციას და საზოგადოების ყველა გავლენიან წევრს იმისათვის, რომ ამ «ზეზვებმა და მზიებმა «წერაკითხვის ცოდნის გარეშეც, სრულიად დაუძაბავად  «აწაპნეს« მთელი თაობები  "ცივილიზებურ საქართველოს"!  
ღმერთო! სულ ერი წუთით წარმოვიდგინე, თანამედროვე ქართველ ინკვიზიტორებს დამატებით «წერაკითხვაც«  რომ შეძლებოდათ, რა დღეში ჩააგდებდნენ მის უგანათლებულესობა ქართულ ინტელექტუალურ ელიტასა და პოლიტიკურ სპექტრს.  

მე სრული სერიოზულობით ვთვლი, რომ საქართველოს გაცილებით  მეტი პრობლემა აქვს საერო საზოგადოებაში ვიდრე სასულიეროში. საეროს უკვე აბსოლუტურად ყველა სფერო   წაგებული აქვს… თანაც   პირწმინდათ.  
ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის,  რომ სასულიერო იერარქიასთან შედარებით საეროს თავის არსენალში შეუდარებლად მეტი და ეფექტური «შეიარაღება»  გააჩნია .
თავად განსაჯეთ :
– მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, არმია, პოლიცია…. კანონი, კონსტიტუცია…
გასაოცარია, როგორ ხდება, რომ  როდესაც შენს ხელთ ყველაფერია, რასაც რელიგიური დოგმები კრძალავენ, ყველა ცდუნება  –  ამპარტავნება, სექსი, ოქრო, ცოდნა .სინათლე,  სინათლისათვის თავნაგწირულთა მთელი თაობების ტანჯვაზე დაფუძნებული გამოცდილება, და რაც მთავარია, როდესაც  შენს მხარეზეა  არადოგმატური აზროვნების ლოგიკა… თავად თავისუფლება! – ყველაზე ძლიერი სტიმულატორი, რომელსაც თავად ღმერთებიც კი იყენებენ…  შენ კი მაინც უძლური ხარ ვიღაც თაღლით მღვდელთან, რომელსაც არაფერი არ გააჩნია, არა თუ  საერო –  თეოლოგიური ცოდნაც კი არ გააჩნია … მისი პროპაგანდა ფაქტიურად მხოლოდ აკრძალვების გრძელ და უსასრულო კორტეჟზეა აგებული … და მაინც  «მშიერი კრავები« შენსსკენ კი არა   მისი ცარიელი ხელებისაკენ მიიწევენ… მაშინ ვინ ხარ შენ, თვითონ, თუ არა უბადრუკი კოლაბორაციონისტი, რომელიც ითხოვს, რომ   ეს ბრიყვი მღვდელი კანონმა დასაჯოს, გაკოჭოს, წვერით ათრიოს, დახვრიტოს?… რა არის მაშინ  შენი, პოლიტიკოსის, ინტელექტუალის, არტისტის  ფუნქცია? რა საჭირო ხარ საერთოდ.. ამას ხომ ჩვენ, ბარბაროსები  შენი წაქეზების გარეშე, ისედაც გავაკეთებთ… მოვკლავთ  მღვდელს. და თავად  გავხდებით ღმერთები!  აღარ დაგვჭირდება შუამავლები, არც წვერებიანი და არც გაპარსული, არც განათლებული და არც წერა –კითხვის უცოდინარი,
დიახ,  ჩვენ თავად გავხდებით ღმერთები! და მერე «ღვთაებრივად«  დეპრესირებულნი და მელანქოლიურნი, თავს მოვიკლავთ როგორც…  გაზაფხული კუკიის სასაფლაოზე…

P.S
. ჩემთვის გაზაფხული კუკიის სასაფლაოზე მოდიოდა სააღდგომო პიკნიკის დღეს, უამრავ კიპარისს შორის გაშლილი იასამნებით… და იმავე საღამოს მიდიოდა, უჩინარდებოდა… ტოტებდამტვრეული იასამნებსა და ჰაერში მოფრიალე გაზეთებიანი პეიზაჟში… დღეს კუკიის სასაფლაოზე იასამნები და კიპარისები აღარ არის… ამბობენ 90-იან ცივ წლებში  კუკიელებმა მოჭრესო…

პ.ქ.
25.03.2011


                                 დასასრული იქნება.