31 mars 2011

სექსი , დროგი და სიცარიელე 1







Sex And Drugs& Rock Roll – Ian Dury and the Blockheads
თუ ზომიერად გულახდილნი ვიქნებით, თავისუფლად შეგვიძლია არსებობის უფლება მივცეთ ერთ მორცხვ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს საკუთარი ზრდასრული ინციატივით ჯერ არც ერთი რევოლუცია არ მოუხდენია.
სხვადასხვა ცნობილი მიზეზების გამო, ჩვენ, ყოველთვის იმდენად ვიყავით დაკავებული საგარეო პოლიტიკით, რომ შიდაეროვნული პოლიტიკური სტრუქტურის ჩამოსაყალიბებლად ერთხელაც ვერ მოვიცალეთ… ან არ დაგვაცადეს ( ეს უკანასკნელი ისევ საგარეო პოლიტიკაა).
უნდა ითქვას, რომ შიდა ნაციონალურ პოლიტიკურ სტრუქტურებზე ფიქრი შედარებით ახალი ფენომენია კაცობრიობის გრძელ, უკეთეს შემთხვევაში, ფეოდალურ ისტორიაში. ის ფართო მასშტაბით მე-19 საუკუნეში დაიწყო, თავის ზენიტს ნავთობით აქოთებულ გასულ საუკუნეში მიღწია, და რელიგიების ომების გრძელ ეპოქას ფაქტიურად წერტილი დაუსვა – თავად რელიგია გადააქცია იდეოლოგიად, უფრო სწორად მისი მტვრიანი იდეოლოგიური სტრუქტურა სინათლეზე გამოიტანა, და ამით ფაქტიურად, ბებერ რელიგიებს არა მარტო აქტუალობა შეუნარჩუნა, ახალი სიცოცხლეც შთაბერა.
იდეოლოგიების ომს სხვანაირად რევოლუციებსაც უწოდებენ. თუ მესამე მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული " მერკანტილური რევოლუციების" ისეთ წვრილმან პაროდიებს არ ჩავთვლით, როგორებიც საქართველოში განუწყვეტლივ ხორციელდება ბოლო ორი ათეული წლის მანძილზე – გასულ საუკუნეში მომხდარი ნებისმიერი მეტნაკლებად მნიშვნელოვანი რევოლუციის მთავარი მამოძრავებელი ძალა, ადრენალინი, დროშა – იდეოლოგია იყო. საქართველო რამდენიმეჯერ აღმოჩნდა თავისდაუნებურად ჩათრეული ასეთ უზარმაზარ გეოპოლიტიკურ რევოლუციებში. განსაკუთრებით 1917-ში, როდესაც პირველად გახდა უნებლიე ბენეფიტორი სხვების მიერ დაღვრილი სისხლისა. მეორედ კი 1992 წელს საბჭოთა იმპერიის რღვევის დროს.
www.kalmasoba.comმართალია, ჩონგურზე დამღერებული ხალხური პოლიფონიური პოლიტიკური მითოლოგიის მიხედვით, პირველი რევოლუცია სტალინმა მოახდინა, მეორე კი ზვიად გამსახურდიამ… მაგრამ თუ ფანდურს მცირე ხნით გვერდით გადავდებთ და გავბედავთ, ბოროტ სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ, დავინახავთ, რომ საქართველომ, თითო შაურით ორჯერ შემთხვევით მოგებული ჯეკ პოტის გეოპოლიტიკური კაზინოდან გამოტანა ისევე ვერ შეძლო , როგორც გასულ წელს ერთმა საბრალო თბილისელმა მოთამაშემ თავისი მოგებული მილიონი ლარისა რომელიღაც სამორინედან…უბრალოდ არ მისცეს, მორჩა და გათავდა.
ხომ გაგიგიათ, ქარის მოტანილს, ქარი წაიღებსო. საქართველო კი თავად მიაქვს და მოაქვს ქარს უკვე 200 წელიწადია. ვერაფრით ვერ მოვინელეთ გიორგიევსკის ტრაქტატი, ტყუილი, რომელმაც უწონო, მოფარფატე შემოდგომის ყვითელ ნაზ ფოთლად აქცია ჩვენი ქვეყანა… ისე გვიკვირს, და ვბრაზობთ, თითქოს ჩვენს უმანკო სმენას ჯერ არ სმენია, რომ კაცობრიობის ისტორია ტყუილზე და ღალატზეა აგებული. თითქოს ჩვენ თავად არ ვიყოთ ეშმაკი და ცბიერი ხალხი, თითქოს სწორედ ამ ვირეშმაკობას არ გადავერჩინეთ, თითქოს მხოლოდ ერთმანეთს ვღალატობდით, თორემ მეზობელ ქვეყნებს…აჰ, რას ბრძანებთ… " მაგას რავა ვიკადრებდით, ჩემო ბატონო!..." .
თითქოს ამდენი საუკუნის მანძილზე ღვთიშობელს მართლაც სხვა მეტი საქმე არაფერი ჰქონდა, მაზოხისტური მოთმინებით ედევნებინა თვალი, თუ როგორ აწამებენ მის "გამორჩეულად ყველაზე საყვარელ შვილებს" – თურქები, სელჯუკები, რუსები, ამერიკელი სექტანტები და მიშისტები… ბოლოსდაბოლოს ჩვენს ბედკრულობაზე ამდენი ტირილის ნაცვლად ადგებოდა და მართლა რეალურად დაგვეხმარებოდა – ცოტა გონებას მაინც მოგვცემდა…
ჩვენი ყოფის დამადასტურებელი პატარ-პატარა უდღეური არგუმენტები კი ყოველთვის ჩვენს უკან, რამდენიმე ათეული, ხანდახან ასეული წლით ჩამორჩენილები მოჩანჩალებენ საწყლად. ამიტომ ჩვენი იდეოლოგია ყოველთვის ვადაგასული ინფეტამინი იყო – ჩვენი "ეროვნული ფსიქიკის" ქიმიას ვერ, ან უკეთეს შემთხვევაში სულ ოდნავ, მხოლოდ იმდენად ცვლიდა, რაც საკმარისი იყო იმისათვის, რომ ჩვენთვის განკუთვნილ მოედანზე გასასვლელის ძებნაში ბრმად და ზანტად გველასლასა.
ეს ვადაგასული სტიმულატორი თავისუფლების იდეა იყო, რომელსაც საქართველო 200 წელი ყლაპავდა ყოველდღიურად მართლაც ვადაგასული პერვიტინივით, სანამ 1992 წელს არ აღმოაჩინა, რომ ნარკოტიკის ეს თითქოსდა ულევი მარაგი მოულოდნელად გაუთავდა. შემდეგი ათი წელი როგორღაც აქა–იქ შემორჩენილი თავისუფლების იდეის ნარჩენებით გაჰქონდა თავი… ვარდების რევოლუციად წოდებული ცვლილებების შემდეგ შემდეგ კი ჯოჯოხეთური "ლომკა" დაეწყო : 200 წელი თავისუფლებისადმი ლტოლვის სუსტი აბებისაგან დეზინტოქსიკაცია საოცრად მტკივნეული, სასტიკი პროცედურა აღმოჩნდა.
დღეს საქართველო "პოსტ–ლომკისათვის" დამახასიათებელ ისეთ ღრმა აბსოლუტურად უიდეო დეპრესირებულ სიცარიელეშია, როგორშიც ის არასოდეს ყოფილა თავისი შეგნებული არსებობის მანძილზე.
2
www.kalmasoba.comქართულ იდეოლოგიურ ვაკუუმში ერთადერთი ინსტიტუცია, რომელსაც იდეოლოგია გააჩნია, არის მართლმადიდებლური ეკლესია. ამასთან, მისი იდეოლოგიას სულ ცოტა 20 საუკუნის ისტორია და გამოცდილება აქვს - სულიერი, პოლიტიკური, კულტურული, სამხედრო…როგორიც გნებავთ.
ქრისტიანობა, მისი არსებობის სათითაოდ ყველა ოცივე საუკუნეში ერთ ერთი ყველაზე პოლიტიზირებული რელიგია იყო . პოლიტიკა – ბრძოლაა, ბძოლა კი დინამიკა, ანუ პროგრესი … შესაძლოა სწორედ ამიტომაც გვეჩვენება ქრისტიანული ქვეყნების ცივილიზაცია ყველაზე პროგრესულად.
მაგრამ ბრძოლა ქრისტიანობის დროშით , საკმევლის არომატიანი ადრენალინით, თითქოს წარსულს ჩაბარდა. დღევანდელ ლაიკურ ცივილიზაციაში, რელიგია და სახელმწიფო ერთმანეთს მხოლოდ განუვითარებელ, ისეთ ქვეყნებში უპირისპირდება ერთმანეთს, სადაც სახელმწიფო ვერაფრით აკმაყოფილებს მოსახლეობის ელემენტარულ ფილოსოფიურ შიმშილს, ვერაფერს სთავაზობს უკეთესს ვიდრე რელიგიაა.
საქართველო სწორედ ერთ ერთი ასეთი ქვეყანაა.
"სახელმწიფოში", რა თქმა უნდა, პოლიტიკოსებთან ერთად ინტელექტუალური და არტისტული ელიტაც იგულისხმება. მაგრამ ამ უკანასკნელთა სასიცოცხლო სივრცეზე კონსტიტუციურად, ფუნქციონალურად პასუხისმგებელნი მაინც მმართველი პოლიტიკოსები არიან, რადგან ეკონომიკიდან დაწყებული კულტურით დამთავრებული ნებისმიერი მნიშვნელოვანი სფეროს ორგანიზება და მართვა, სწორედ სახელმწიფოსა, და შესაბამისად მისი აღმასრულებელი ფუნქციონერების პასუხისმგებლობის არეალში შედის. კულტურა კი, რომელიც მნიშვნელოვან წილად განსაზღვრავს, არეგულირებს სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთობას, ისეთივე მნიშვნელოვანი კომპონენტია სახელმწიფოს არსებობისა, როგორც, ეკონომიკა– ანუ "პური, ჩვენი არსობისა"…
პასუხისმგებლობის ამ მძიმე, მაგრამ ტკბილ ტვირთს რომლის საზიდად პოლიტიკოსები და ფუნქციონერები დაუნდობლად იბრძვიან მთელი ცხოვრება– დამატებით "პრემიად" ადამიანების მართვის ფერად-ფერადი აბრეშუმის სადავეები მოჰყვება…
მესამე ქვეყნების თავისებურება სწორედ იმაშია, რომ ეს აბრეშუმის სადავეები განუწყვეტლივ ბრიყვებს უპყრიათ ხელთ, რომელთა შეზღუდულ გონებას კომპლექსურად მუშაობა უჭირს, ამიტომ ისინი ძირითადად საკუთრებად ქცეულ აბრეშუმის წითელ–ყვითელ ლენტებზე არიან ფიქსირებულ–ჩაბღაუჭებულნი. რელიგიური იერარქიას კი, უმეტეს შემთხვევაში, ერთგვარი საფრთხობელა მაკრატლის როლი აკისრია – მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია გადაჭრას ეს მართვის სადავეები. ამიტომ მმართველ ძალას მისი ეშინია და სძულს. თუმცა არ იმჩნევს, რადგან ბუნებით მხდალია.ასეა რადიკალური ისლამის ყველა ქვეყანაში. ასეა ბევრ კათოლიკურ ქვეყანაში, თითქმის ყველა მართლმადიდებლურ ქვეყანაში… საქართველოშიც, რა თქმა უნდა… შესაძლოა უფრო მეტადაც, ვიდრე სხვა ქრისტიანულ ქვეყნებში.
3
www.kalmasoba.comადამიანს არსებობის ყველა ეტაპზე, ფიზიოლოგიურის გარდა, ყოველთვის აწუხებდა თავისი განვითარების შესაბამისი ფილოსოფიური შიმშილი - ყველაზე პრიმიტიული პრეისტორიული აზრიდან დღემდე თავისი სამყოფი ფილოსოფიური ულუფა საკვებთან და წყალთან ერთად ყოველთვის ჭირდებოდა იმ პატარა თავისუფალი სივრცის შესავსებად, რომელიც ღმერთმა კუჭის ანალოგით შექმნა სულიერი საზრდოსათვის, რომელიც საციცოცხლოდ საჭირო, აუცილებელ ენერგიას ისევე იძლევა, როგორც საკვები და წყალი.
სწორედ ამ "ფილოსოფიური კუჭით" ხდება რეგულარულად " სულიერი საზრდოს" მიღება, გადამუშავება და საჭირო, სიცოცხლის გაგრძელებისათვის აუცილებელი მასტიმულირებელი ენერგიის მიღების შემდეგ, გადამუშავებული მყრალი ნარჩენების გამოიყოფა ჩვენი ცხოვრების წესის სახით … ეს ცარიელი სივრცე, ისევე როგორც კუჭი ბევრი სხვადასხვა ტიპის საზრდოთი შეიძლება შეივსოს – რელიგია სწორედ ერთ ერთი ასეთი ბაზობრივი საკვებია, რომელიც სოციალური კუთვნილების მიუხედავად ფაქტიურად ნებისმიერ ადამიანის ფილოსოფიურ კუჭს კვებავს ათასწლეულების მანძილზე, თვით ყველაზე ბრიყვების ან ყველაზე ბრძენებისაც კი. სწორედ ამ უხილავი ფილოსოფოური "ფაბრიკის" წყალობაა კაცობრიობის ევოლუცია.
პრინციპში, ჩვენი ცივილიზაცია ჩვენივე სიბრიყვესთან განუწყვეტელი და ხანგრძლივი ბრძოლის შედეგია. რაც ამ ფილოსოფიური ფაბრიკის მიერ გადამუშავებული ბუნებრივი სტიმულატორის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევოლუცია ძალიან ნელი პროცესია. როგორც ცნობილია, 27 მილიონი წლისთავზე ტვინის შესაძლებლობების სულ რაღაც 15%-ს ვიყენებთ, სატრაბახო ბევრი არაფერი არაფერი გვაქვს. ამ ტემპებით თუ გავაგრძელებთ, დაახლოვებით მილიარდ ორას ორმოც მილიონ წელიწადში ჩვენი გონებრივი შესაძლებლობების 50 % პროცენტის გამოყენებასაც შევძლებთ… ქართველები ალბათ ერთი ორი წლით ადრე მივაღწევთ ამ ღისშესანიშნავ თარიღს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ, არამედ იმიტომაც, რომ მზიას, ზეზვასა და ჩვენი დროის ზეზვას – "მიშას" სამშობლო ვართ და ეს ერთგვარი სტიმულატორია, რომელიც სხვა ერებს არ გააჩნიათ… თუმცა არც ის იქნებოდა ურიგო, ჯერ იმ 15%-ის პროცენტის გამოყენება რომ გვესწავლა ხეირიანად, თორემ ეჭვი მაქვს, 27 მილიონი წლის განმავლობაში სიმწრით ნაგროვებ ამ საცოდავ პროცენტებს, მუთაქაში გამოკერილი გამოუსადეგარი ტკიცინა წითელი თუმნიანებივით ვინახავთ შავი დღისათვის, რომელიც უკვე კარგა ხანია დაგვიდგა. ჩვენი სიძუნწის წყალობით სიცოცხლეშივე ზეზვებად გადავიქცევით ჩვენი ფილოსოფიურად დამშეული შვილებისათვის… მართლაც, რა არის სულ რაღაც 27 მილიონი წელიწადი მარადისობასთან შედარებით?…
თავის დროზე ზეზვაც ისევე ფიქრობდა, თავისი 3%–იანი ტვინით, თავისებურ პრიმიტიულად, მაგრამ ზუსტად იმ რთულ ონტოლოგიურ საკითხებზე , რომლებზეც ჩვენ ვფიქრობთ ჩვენი 15 %–იანი ტვინით. ძირითადად ფიქრობდა ეკონომიურ, სოციალურ პრობლემატიკაზე და სექსზე. განსაკუთრებით, როდესაც ძალიან მოშივდებოდა. ფიქრობდა, თუ როგორ გაეუმჯობესებინა თავისი სოციალური პირობები, ვისთვის გაეჩეხა ამისი გულისათვის თავი, როგორ მოეწონებინა საკუთარი გონიერებით თავი მზიასათვის, რომელსაც თვალი გამუდმებით სხვისკენ ეჭირა… საღამოს, თუ ძალიან არ შიოდა, და მზიაც ჯერ კიდევ გვერდში ეწვა, სექსის შემდეგ ვარსკვლავებს გახედავდა, და უკვირდა, ცდილობდა, გამოეცნო, რატომ ბრწყინავდნენ, ან საიდან მოხვდნენ ცაში… თუმცა, ამაზე მაინცა და მაინც ბევრს ვერ ფიქრობდა, ნადირობითა და სექსით დაღლილს მალე ჩაეძინებოდა ხოლმე… და ეს სცენა 27 მილიონი წელია უკვე გრძელდება… სწორედ ამიტომ მოუცლელმა ადამიანმა დღემდე არ იცის, ვინ დაკიდა ცაში ვარსკვლავები, და მერე სად წავიდა… ერთად ერთი რაშიც ასე თუ ისე გაერკვა და დღემდე ყველაზე მეტად აინტერესებს, ისევ სექსი და ნადირობა, ანუ ეკონომიკაა. 15%–იანი გონებისათვის ესეც არ არის ძალიან ცუდი… ვარსკვლავებზე ხანდახან დღესაც ფიქრობს… თუმცა, როგორც ყოველთვის ძალიან იშვიათად, ამიტომ მისი ფილოსოფიური სუბსტანცია, მისი ღმერთი – არასრულყოფილია – ხეირიანად ვერაფერზე ვერ იძლევა პასუხს. სამაგიეროდ ის ფიზიოლოგიურია: ადამიანი ფილოსოფიური შიმშილით, შემეცნების ბიოლოგიური მოთხოვნით მოევლინა ამ ქვეყანას. ამიტომ ამ სუბსტანციას ისევე ვერ გაურბის ვერსად, როგორც "პურს, წყალს და სექსს არსობისა" .
რელიგიები, მოგვიანებით კი იდეოლოგიები სწორედ ამ ფილოსოფიურ–ფიზიოლოგიური შიმშილის დასაკმაყოფილებელი ზოჰჯერ მადის აღმძვრელი, ზოგჯერ კი დამპალი და მყრალი საკვებია, რევოლუციები და კონფლიქტები კი ამ საკვების გადამუშავებული მყრალი ფეკალური ნარჩენები.
ნებისმიერი რელიგია თავისებური კონსტიტუცია, ანუ წესია, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანების იმ კლანმა, რომლებიც ამ წესს აღიარებს. ანუ ის წმინდა სოციალური ფენომენია და მას ჩემი აზრით თავად ღმერთთან ბევრი არაფერი აქვს საერთო.
გარდა ამისა ის იძლევა პასუხს ყველა იმ ბაზისურ ფილოსოფიურ კითხვაზე, რომელიც ნებისმიერ ადამიანს, პრეისტორიულიდან მოყოლებული დღევანდელი ქართველი გუგულების ჩათვლით ხანდახან, მარტოობისას უჩნდებათ ხოლმე: ვინ შექმნა სამყარო, სასრულია თუ არა ის, არსებობს თუ არა სული, და უკვდავია თუ არა ის და ა.შ…
რელიგიას ყველა ამ კითხვაზე აბსოლუტურად კონკრეტული დოგმატური,"კონსტიტუციურად გამართული" პასუხები აქვს. ამდენად "დაკავებული"" ადამიანისათვის ის მშვენიერი საშუალებაა, რომ მარტოობისას თავში შემოხეტებულ ამ მარადიულ კითხვებს მოკლე, სწრაფი და ჩაპაევის "მაქსიმკას" ტყვიებივით ჩაწიკწიკებული პასუხები გასცეს, გამზადებული დოგმები სახეში აგაფაროს, გაგანადგუროს.
რელიგია სულიერ ბაზაზე შექმნილი ორგანიზებული სოციალური ინსტიტუციაა. სწორედ ამიტომ ის ადამიანებს ერთმანეთთან უფრო აერთიანებს, ვიდრე ღმერთთან… კიდევ უფრო ხშირად კი აცილებს მათ ერთმანეთს. ზუსტად ისე, როგორც იდეოლოგიები: ადამიანების უმრავლესობა სხვისი ღმერთის სიძულვილში ბევრად უფრო დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით ერთიანდება, ვიდრე საკუთარი ღმერთის სიყვარულში.
ასეთები ყოველთვის უმრავრავლესობაში არიან.
ასეთები ყოველთვის დარწმუნებულნი არიან.
ზუსტად იციან, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს, რომ სამყარო სწორედ მან შექმნა და სხვა არავინ. რომ სული უკვდავია, რომ შენ აუცილებლად ჯოჯოხეთში მოხვდები, რომელიც ასევე, რა თქმა უნდა, ზუსტად იცის, რომ არსებობს (სადღაც სამოთხემდე არ მისული, ხელ მარცხნივ მეორე… არა, მესამე შესახვევში… და მერე პირდაპირ ქვევით უნდა დაუყვე... დიდი კოცონისაკენ!…)
რელიგია კაცობრიობის მიერ შექმნილი ყველაზე ძველი, სულ პირველი ადრენალინი, წესი, ფორმულების კრებული, – სხვა უკეთეს სამყაროში მოხვედრის შანსია... შანსი – აზარტია, აზარტი კი ინფეტამინი, რომელიც ყოველთვის აღგზნებულ მდგომარეობაში გამყოფებს, წაგების პერსპექტივის დიდი ალბათობის პირობებშიც კი.
დიდმა ფრანგულმა რევოლუციამ, ამ პირველყოფილ ღვთაებრივ კონსტიტუციებს ახალი გამაძლიერებელი ძალიან აქტიური კომპონენტი – დემოკრატიზირებული პატრიოტიზმი დაუმატა. მისი წყალობით დროგი, სახელად სამშობლო, რომელიც მანამდე მხოლოდ მაღალი წრის ფეოდალებს ჰქონდათ თავიანთთვის დარეზერვებული, დღევანდელი კოკაინივით ხელმისაწვდომი გახდა ხალხთა ფართო მასებისათვის (კოკაინს ჯერ კიდევ ათი წლის წინ ვარსკვლავებისა და პოლიტიკოსების დროგს ეძახდნენ სიძვირის გამო. კოლუმბიიდან მისი წარმოების აფრიკის კონტინენტზე გავრცელებამ კოკაინის "ელიტარულობას" ბოლო მოუღო).
პატრიოტიზმი, ახალ უძლიერეს ადრენალინად იქცა. რომლის ქრონიკული მოხმარების მასობრივად გავრცელების შემდეგ, ადამიანები სიცოცხლეს არ იშურებენ ათასგვარი სისულელის გამო… განსაკუთრებით სხვის სიცოცხლეს…
სამშობლოს "აბებმა", ტრიუმფით დაიპყრო ადრენალინის როგორც შავი, ასევე ლეგალური ბაზარი – ჰიმნებით, დროშებით, გილიოტინებით , ზარბაზნების გუგუნით, დელაკრუათი, სვასტიკით, ჩაქუჩითა და ნამგლით, შეშლილი " წითელ ხალიანი" იაპონური ბრმა თვითმფრინავებით,აგრეთვე ორი ატომური სოკოთი რომელმაც "ამომავალი მზე" ჩააქრო და უკან ზღვაში ჩააბრუნა…
ტექნოლოგიურად პროგრესირებადმა პატრიოტულმა ინკვიზიციამ ბოლო სამ საუკუნეში აშკარად გადააჭარბა საკუთარ იდეას – დღეს ვერავინ გეტყვით დაბეჯითებით, მართლაც ღირს თუ არა სამშობლო ამდენ სისხლად... ჩვენს სისხლად, თორემ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სხვის სისხლად რომ ღირს, ამაში ეჭვი არავის გვეპარება.
მეოცე საუკუნეში პატრიოტიზმმა ფაქტიურად განდევნა რელიგია ადამიანის "ფილოსოფიური სივრციდან" ან უკეთეს შემთხვევაში პატარა საცოდავი კუთხე დაუტოვა. შექმნა იდეოლოგიები, და მათი საშუალებით საბოლოოდ დაიმკვიდრა თავი – თვითონ გადაიქცა რელიგიად. ტრადიციული რელიგიები კი ფაქტიურად რიტუალებიან კოსტუმირებულ ტურისტულ სანახაობად აქცია.
XX საუკუნის დასაწყისიდანვე, ეფექტის გასაძლიერებლად თავად სამშობლოს იდეას დასჭირდა დამატებითი იდეოლოგიურად ძლიერი "პრეპარატები" – კომუნიზმი, ფაშიზმი, ნაციზმი, დემოკრატია, სოციალიზმი… ღმერთების ომი საბოლოოდ დამთავრდა, ბევრად უფრო სასტიკი იდეოლოგიების ომების მე–20 საუკუნე დადგა. მათ, იდეოლოგიებმა და ომებმა მთელი სივრცე დაიკავეს.
რელიგიებიც – თავის მხრივ თავად გადაიქცნენ იდეოლოგიებად, სხვანაირად ვერ გადარჩებოდნენ. და ხელსაყრელი მომენტის მოლოდინში რაღაც ნახევრად მიძინებულ აჩრდილებად იქცნენ…
დღეს ისინი თითქოს რევანშს იღებენ: რელიგიების გავლენის აღზევება აშკარაა თითქმის მთელს პლანეტაზე.
ჩემი აზრით ეს სწორედ გასულ საუკუნეში, მათ მიერ განვლილი იდეოლოგიური "თრენინგის" შედეგია. "მთვლემარე აჩრდილებს"არასოდეს დავიწყებიათ რომ – რელიგიისა და პატრიოტიზმის ალიანსი დიდ შესაძლებლობებს იძლევა ადამიანების პოლიტიკურად მანიპულირებისათვის.
სწორედ ასეთი "ანგარიშით ქორწინების" ერთ ერთი გამოვლინებაა ულტრამემარჯვენეთა აღზევება დღევანდელ ევროპაში, აგრეთვე რელიგიური ლიდერების გავლენის ექსტრაორდინარული ზრდა მართლმადიდებელ ევროპაში – მათ შორის საქართველოში.
რელიგიური და პატრიოტული გრძნობებით ამომრჩევლის მანიპულირების მასტერკლასი სულ ცოტა ხნის წინ ნიკოლა სარკოზიმაც ჩაუტარა კრიზისით შეშინებულ ფრანგ ამომრჩეველს.

– პრეზიდენტს, სრულიად "მოულოდნელად" გაახსენდა და საკუთარ "აღრენილ" ამომრჩეველსაც შეახსენა, რომ საფრანგეთი კათოლიკური ტრადიციების ლაიკური კომუნაა და აქ ჩამოსულებმა პატივი უნდა სცენ კომუნის მიერ დადგენილ ცხოვრების წესს.
ჩემი აზრით, ამ განცხადებით ქართველი ხალხის უანგარო და მგზნებარე მეგობარი,ნიკოლა სარკოზი მომავალი, 2012 წლის საარჩევნო კამპანიისათვის, ულტრამემარჯვენე ნაციონალური ფრონტზე პირველი ხმების აწაპვნას შეეცადა, ისევე, როგორც თავისი პირველი კამპანიისას.
უნდა ითქვას, რომ ულტრამემარჯვენე რიტორიკით ამომრჩევლის მანიპულირება ფრანგი მემარჯვენეების ტრადიციული მანევრია, რადიკალ მემარჯვენეებთან მათი დაპირისპირება ერთგვარი ფრანგული პოლიტიკური ფოლკლორია. ისინი არჩევნების წინ განუწყვეტლივ იყენებდნენ ულტრამემარჯვენეთა "მოდელირებულ", შემსუბუქებულ ლოზუნგებს. ამით ამომრჩეველთა იმ ნაწილის გადმობირებას ახერხებენ, რომელსაც გამუდმებით სინდისი ჰქეჯნის ნაციონალური ფრონტის მიმართ სიმპათიების გამო – ამომრჩეველთა ამ კატეგორიას თითქმის მთელს ევროპაში შეხვდებით, რომელიც საარჩევნო ჯიხურში თავს ზუსტად ისე გრძნობს, როგორც "პიპ–შოუს" სარკიან კაბინაში – სადაც სრულ თავისუფლებას აძლევს საკუთარ დაგუბებულ გარყვნილ ფანტაზმს. და მერე არასოდეს არ მოყვება რას აკეთებდა სინამდვილეში ბნელ ჭუჭყიან კაბინაში. ასეთი მორცხვი ამომრჩევლის დამალული პოლიტიკური პერვერსია დიდად ფასობს წინასაარჩევნო პერიოდში. მათ წინ პილიტიკოსები ზუსტად ისევე უჩვენებენ თავიანთ სხეულის სხვადასხვა ნაწილებს, როგორც როგორც პიპ შოუს ჰარდ–სტრიპტიზორი სარკის იქით მყოფ აღგზნებულ ანონიმს, მის ნებისმიერ ფანტაზმს აკმაყოფილებს, კიდევ უფრო მეტი ვულგარობით,უხამსობით ვიდრე ამას ყველაზე პერვრი "ამომრჩეველი" ითხოვს.
ფრანგ ულტრა მემარჯვენეთა "ფიდელ კასტრო", ჟან მარი ლეპენი სწორედ ამ წინა საარჩევნო ეშმაკობების გამო ვერ იტანდა გამორჩეულად მემარჯვენე გოლისტებს, თვით მემარცხენეებზე მეტადაც კი, და მათ ქურდ–ბაცაცებად, აფერისტებად თვლიდა.
პირველი საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ნიკოლა სარკოზიმ თავისი ექსტრემიზმის ზღვარზე მისული გაბედული რიტორიკით ულტრამემარჯვენეთა მხდალი ნაწილის სრული შემადგენლობა გადაიბირა. ჩემი აზრით, გასულ წელს რუმინელი და ბულგარელი ბოშების წინააღმდეგ მიმართული სკანდალური რეპრესიები, სწორედ მათთვის მიცემული იმედების მინიმუმის შესრულების იძულებითი ნაბიჯი იყო.
დღეს სარკოზის რეიტინგი ისეთი დაბალია, როგორც არასოდეს, ყოველდღიური გამოცემა "პარიზიენის" გამოკითხვით მას ულტრამემარჯვენე ციკლოპის ბიოლოგიურმა და პოლიტიკურმა მემკვიდრემ, მარინ ლეპენმა გაუსწრო, რომელიც სულ ახლახანს აირჩიეს მამამისის ნაცვლად პარტიის ლიდერის პოსტზე.
საზოგადოებრივ არხზე, პირველივე პოლიტიკური ტელე დებატებში ჟურნალისტ არლეტ შაბოსთან –ცხადი გახდა, რომ ქალიშვილი მამაზე მეტად საშიშია, რადგან ის არ არის შებორკილი წინა თაობებისათვის დოგმებად ქცეული ლამის ფაშიზმის ზღვარზე მყოფი იდეოლოგიით.
ჩემი აზრით, მარინ ლეპენი სწორედ იმ მეთოდს იყენებს, რაც ჯაბა იოსელიანმა გამოიყენა, როდესაც საქართველოში გავრცელებული ტრადიციული ორთოდოქსალური ქურდული გაგება დასავლურ მაფიოზურ ჰიბრიდულ სტრუქტურად, ძალად აქცია, რომელშიც, როგორც პოეტი ნიკო გომელაური იტყოდა " ყველაფერი მოსულა". მიუხედავად ამისა, საბაზო კონცეფცია მაინც ულტრამემარჯვენე (ქურდული) დარჩა. უნდა ითქვას, რომ ასეთი ათვლის წერტილით, პირველ ქართველ " ლიბერალად", " პოლიტიკურ პოსტმოდერნისტად" სწორედ ჯაბა იოსელიანი შეგვიძლია ჩავთვალოთ, მან სხვა თუ არაფერი, ქურდული მენტალიტეტის მოდერნიზაცია მაინც შეძლო უფრო პროგრესულ, მაფიოზურად.
დასავლურ "ლიბერალურ – მაფიოზურ –კრიმინალურ" კონცეფციაში პოლიტიზირებულ კათოლიციზმს უზარმაზარი ადგილი უჭირავს. ის როგორც წესი მემარჯვენეა და გააფთებით ებრძვის ყველაფერ მარცხენას (ამის მაგალითი 70–80 იანი წლების იტალიაა, სადაც მაფია ძირითადად სწორედ მემარცხენე პოლიტიკოსებს დაუპირისპირდა, რასაც საზარელ მკვლელობათა მრავალწლიანი სერია მოჰყვა.).
მოსალოდნელია, რომ რელიგიური და პატრიოტული თემებით სპეკულიაცია, ამომრჩევლის მანიპულირება 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოვებასთან ერთად უფრო და უფრო მოიმატებს ფრანგულ მარჯვენა პოლიტიკურ ფლანგში. რადგან ძალიანაც რომ მოინდომონ, მემარცხენეები ამ მინდორზე სათამაშოთ, არ დაიშვებიან – ისინი სულ სხვა " ქვეჯგუფში" თამაშობენ საკუთარ ანტიკაპიტალისტ ექსტრემთან.
თითქოს ბავშვის მიერ დახატული საქართველოს ქაოტური, პოლიტიკური რუქა ფაქტიურად არ იყოფა კლასიკურ მარჯვენა და მარცხენა ფლანგებად. ამიტომ მისი ფიგურატიული პარტიები (შესაძლოა რესპუბლიკელების გამოკლებით?) ფაქტიურად, ზუსტად სარკოზისა და ლეპენის თამაშს თამაშობენ – ცხადია, საკუთარი განვითარების შესაბამისი არადელიკატურობით: ამომრჩეველის სიმპათიის მოსაპოვებლად სწორედ მათ საკრალურ გრძნობებზე თამაშობენ: სამშობლოზე და რწმენაზე.
ცხადია, აქ მათი უპირობო და უზენაესი პარტნიორი მხოლოდ ეკლესიაა. და ისიც ისევე არ ამბობს უარს ამ როლზე, როგორც არ იტყოდა უარს პოლიტიკურად უფრო მეტი ლეგიტიმურობის მოპოვებაზე საფრანგეთის კათოლიკური ეკლესია, ფრანგ პოლიტიკოსებს მისთვის ამისი საშუალება რომ მიეცათ.
რელიგიები ყოველთვის ზუსტად იმდენ ძალაუფლებას იღებენ, რის საშუალებასაც მათ სახელმწიფო აძლევს. სახელმწიფო, კი (განსაკუთრებით არაზრდასრული), როგორც წესი, კორუმპირებული, უპრინციპო და კონფორმისტი ინსტიტუციაა. ამ ორ, ერთმანეთის არც ისე მოყვარულ მარადიულ "მეზობელს" შორის დამოკიდებულება ძალიან წააგავს გაქნილი საქმოსნისა და "ქურდის" ჩვენთვის სამწუხაროდ ნაცნობ ურთიერთობის სქემას: დასაწყისში, ყოველთვის საქმოსანია დავალებული "კეთილი" ქურდისგან, რომელიც მას საკუთარი ინციატივით "უანგაროდ" იცავს ათასგვარი წვრილმანი განსაცდელისგან. მაგრამ ერთ დღეს, საქმოსანს აუცილებლად მოსთხოვენ საპასუხო სამსახურს. თანაც ამ დღეს, ის სულაც არ იქნება "ქურდთან" მეგობრობის აფიშირების ხასიათზე… და აქ ის აუცილებლებლად ამ უკანასკნელის მონა ხდება.
როგორც უკვე აღვნიშნე, დიდი რელიგიები მეოცე საუკუნეში თავად იქცნენ იდეოლოგიებად, ხოლო მათი "ქურუმები" პოლიტიკოსებად. მეოცე საუკუნე რელიგიების ერთგვარი მოდერნიზაციის "თრენინგი"იყო.
გამონაკლისს ცხადია არც მართლმადიდებლური ეკლესია – მისი ქართული, და, მით უმეტეს, რუსული შტოები წარმოადგენენ.
სწორედ ამ იდეოლოგიური გამოცდილების დამსახურებით, როგორც კი შანსი მიეცა, სულ რაღაც 30 წელიწადში, თითქოს მიწასთან გასწორებული მართლმადიდებლური ინსტიტუცია დღეს ფაქტიურად ნომერ პირველ პოლიტიკურ ძალად მოგვევლინა საქართველოში - ის ფაქტიურად სრულად აკონტროლებს ამომრჩევლის განწყობა–სიმპათიას. უფრო მეტიც, ეკლესია რომ არჩევნებში მონაწილეობდეს, დღეს საქართველო რაღაც მართლმადიდებლური "საკუთარი თავის" ვატიკანისა და აიათოლას ირანს შორის გაჩხერილ ჰიბრიდ ქვეყანად გადაიქცეოდა – ჰიპოთეტური "მართლმადიდებლური რევოლუცია" აუცილებლად წარმატებით დამთავრდებოდა... და მადლობა ღმერთს, თუ ის არ ხდება, ეს მხოლოდ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის კეთილ ნებაზე მეტყველებს. ეს კი სრული ანომალიაა, როდესაც ეკლესიის კეთილ ნებაზე ასეთი გრანდიოზული საკითხია დამოკიდებული.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში რელიგიას სრულად აქვს შევსებული მოსახლეობის სააზროვნო ფილოსოფიური სივრცე, სადაც ის აბსოლუტური მონარქი – სრული მონოპოლისტია – უსამართლობა იქნებოდა, დაგვედანაშაულებინა ეკლესია ამ ძალაუფლების რაღაც აკრძალული მეთოდებით მოიპოვებაში და საქართველოს პატრიარქი აიათოლას ჰომეინისათვის შეგვედარებინა. როგორც ამას ბევრი ფიქრობს.
მართლმადიდებლურმა "იდეოლოგიამ" მხოლოდ უპატრონო ეკლესიასავით მიგდებული, დაცარიელებული, დამშეული ფილოსოფიური სივრცე დაიკავა ვარდების რევოლუციის შემდეგ, რომელის შევსებაც სხვა ვერც ერთმა ინსტიტუციამ ვერ შეძლო საქართველოში – ვერც პოლიტიკურმა, ვერც ინტელექტუალურმა, ვერც არტისტულმა… 2000-იანი წლები აბსოლუტური სულიერი და ინტელექტუალური სიცარიელის წლებია საქართველოს ისტორიაში. ყველაზე არაკრეატიული დეკადანსი. სწორედ ეს სიცარიელე შეავსო ეკლესიამ, და დღეს მას, ცხადია, არ სურს, შევიწროვდეს, რომ "ყომარში" დაუნანებლად წაგებულ სააზროვნო სივრცეში "საქმოსანი" სახელმწიფოც შეუშვას.
გასულ საუკუნეში ეს სივრცე, ასე თუ ისე, ნაწილობრივ მაინც ყოველთვის რაღაცით იყო შევსებული.
მაგალითად ისევე როგორც რუსული კოლონიალიზმის მთელ პერიოდში, საბჭოთა ეპოქის იმ წლებში, რომელშიც მე მომიწია ცხოვრება, ქართველთა მასტიმულირებელი ადრენალინს – იდეას, რომელიც ჩვენს " ფილოსოფიურ კუჭს" კვებავდა, თავისუფლება ერქვა. მხოლოდ ის 80-იანი წლების ბოლოს, სსრკ-ს აგონიისას ის ნაციონალისტურ–პატრიოტულ, ულტრამემარჯვენე მარაზმში გადაიზარდა და თითქმის მაშინვე მოკვდა.
მძიმე წლები იყო. ქვეყანაში სულიერი " გოლოდომორი" მძვინვარებდა, ხარისხიანი " საზრდო" ყველას არ ჰყოფნიდა… მაგრამ შავ ბაზარზე მაინც იშოვებოდა ვადაგასული და უგემური "პროდქტი", რომელიც ასე, თუ ისე საკმარისად კალორიული იყო, იმისათვის, რომ 1991 წლამდე გაჭირვებით, სულ წუწუნითა და ვაი–ვიშით, მაგრამ მაინც მოგვეთრია ეს ცოცხალმკვდარი ბებერი ქალი – მძიმე საქართველო.
განა შეიძლება იყოს რაიმე უფრო მეტად მასტიმულირებელი ვიდრე თავისუფლების უტოპიური იდეა? განა ამ უტოპიით სტიმულირებული ხელოვნება არ არის კაცობრიობის ისტორიით დახუნძლული ქარავანი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, დროში ვიარსებოთ. განა პირველი გამოქვაბულის მხატვარი ღმერთი არ არის? ის ხომ მილიონი წლის წინანდელი თავისი რეალობის ამოკაწრული ფრაგმენტის თანამონაწილეს გვხდის… ისევე, როგორც ბოლო 20 წლის ქართული ხელოვნება გვხდის თავისი რეალობის თანამონაწილედ მხოლოდ სიცარიელით და ამით რაღაც პარადოქსულ, სამწუხარო ისტორიულ ღირებულებას, მტკიცებულებას წარმოადგენს ჩვენი ეპოქის დეკადანსისა.
ახალ თავისუფალ საქართველოში ღირებული, ფაქტიურად, არაფერი შექმნილა, ისეთი, რომლითაც ჩვენთვის ასე სასიცოცხლოდ და კომიკურად აუცილებელ ნაციონალურ-ეგზიბიციონისტულ შიმშილს ცოტათი მაინც დავიკმაყოფილებდით. არადა ჩვენი თავისუფლება უკვე ორ ათეულ წელს ითვლის – საქართველოს გასაბჭოების პირველი, სისხლიანი ტერორის 20 წელიწადი ბევრად უფრო კრეატიული, ავანგარდული იყო, ვიდრე - ჩვენი თავისუფალი დროება… საკვირველია, და ძალიან საინტერესო შესადარებელი მონობისა და თავისუფლების პირველი ოცწლეულები კრეატიულობის თვალსაზრისით… ოჰ! რა თქმა უნდა, გვეტყვიან, რომ მაშინ სხვა ხალხი გადმოჰყვა ბოლშევიკურ ბადეს, სხვა წარსულით, სხვა აღზრდით, შემოქმედებითობით, სხვა ისტორიით, ქართული სულით… შეიძლება... მხოლოდ ნურც იმას დავივიწყებთ, რომ არც ისინი მოსულან თავისუფალი აყვავებული ზეციური საქართველოდან – რუსული იმპერიიდან გადმოჰყვნენ ბოლშევიკ "მეთევზეთა" ბადეს, ჩვენ კი ეროვნულ– განმანთავისუფლებელ მღვრიე წყალში მოთევზავე "ბოლშევიკების" ცუდად დაკემსილ ბადეს გადმოვყევით საბჭოთა იმპერიდან... ზოგმა გარღვეული ბადიდან ოკეანისკენ მოვუსვით, ჩვენი მტკვარზე და რიონზე ნასწავლი პროვინციული "მკლავურით" ...
შემოქმედებითმა საქართველომ ეს პერიოდი რუსეთისაგან განსხვავებით, ნახევრად მძინარე მდგომარეობაში გაატარა, და გამოფხიზლება მხოლოდ მაშინ დაიწყო, როდესაც ბოლშევიკური კონსტრუქცია უკვე საბედისწეროდ შეირყა. მან ვერ მოასწრო ძალიან მნიშვნელოვანი ბოლო კულტურული გარდამავალი ეტაპის, ერთგვარი რეაბილიტაციის პერიოდის გავლა და სრულიად თავისუფალი, მხოლოდ ძალიან ნაადრევად ნამშობიარები, უპატრონოდ მიგდებულ ნაყოფად დაიბადა ხელახლა – ბნელი ანდერგრაუნდიდან პირდაპირ გაშლილ მინდორში ... დედა მშობიარობას გადაჰყვა, და ჭიპლარის გადამჭრელიც არავინ აღმოჩნდა ახლომახლო.
ეს უდღეური ნაყოფი როგორღაც მაინც გადაურჩა სიკვდილს… როგორც კი ორიოდე კბილი წამოეზარდა, ჭიპლარი რომელიც დედის გახრწნილ გვამს აკავშირებდა, როგორღაც თავად გადაღრღნა... კარგა ხანს საკუთარ განავალში ამოთხვრილი მტვერში და ჭუჭყში დაფორთხავდა, მისი კუთვნილი ფილოსოფიური სივრცის გარშემო, ჭიაყელებითა და პეპლებით იკვებებოდა… მაგრამ შიგ თოფიანი დარაჯები არ უშვებდნენ … ერთხელ, დარაჯებს ერთმანეთთან ჩხუბი მოუვიდათ, და სროლა სროლით, გინებითა და აყალმაყალით სადღაც გადაიკარგნენ.
…ფრთხილად შეაბიჯა დიდ სიცარიელეში… მიიხედ – მოიხედა, და აღელვებული იქვე ჩამოჯდა სულის მოსათქმელად… მაგრამ ვინ დააცადა. საიდანღაც ვარდების " რევოლუციის" ბადეს გადმოყოლილი სათვალეებიანი გუგულები მოქანდნენ და სულ გრძელი ნისკრტის ჩხვლეტითა და კრიახით გამოაგდეს იქიდან, როგორც წარსულის გადმონაშთი…
ადამიანმა გუგულებმა "ქართველი" ფილოსოფიური კუჭი საგულდაგულოდ დაასუფთავეს, კარგად გამორეცხეს, დიდი ბოქლომი დაადეს და მისი ახალი ბინადრების, ახალი ადამიანების ძერწვას შეუდგნენ, მხოლოდ ძერწვის ნიჭი არც ერთს არ აღმოაჩნდა… ამიტომ გამზადებული " სექენდ ჰენდ" ფერად–ფერადი კაცუნა და ქალუნა – იდეები შემოიტანეს უცხოეთიდან. ყველაზე ამაზრზენი, ყველაზე, უშნო, და სლიკინა, კაფკას "გრეგორი ზამზები": ევროპელი პატარა ფუნქციონერის მანერებით, პატარა მტკიცე პრინციპებით, ჩიტივით იდიოტურად მოძრავი თავით, აგრესიული კორექტულობითა და სტილით, ერთ კვირიან თრენინგზე ათვისებული ხელების ენერგიული ფშვნეტით, ამინდის პროგნოზის წამყვანივით გადაჯვარედინებული ფეხებით, სუპერმარკეტის სექციის მენეჯერის სულ ერთი ციცქნა ცივილურობით… ეს არის ყველაზე შემაძრწუნებელი პერსონაჟი, რაც დასავლურმა ცივილიზაციამ შექმნა – პატარა ქათამი ფუნქციონერის გაფხორილი, მოკრიახე, თვალებ ბრიალა ცოცხალი ამბიცია!
(გაგრძელება გამოქვეყნდება)


პ.ქ.
13 მარტი 2011

30 mars 2011

ცხოვრება  სუბტიტრებით
(ჟურნალი "ლიბერალი" 22 მარტი 2011)


სუბტიტრების მომხრეთა მთავარი არგუმენტი, თითქოოსდა ეს მოსახლეობაში უცხო ენების, კერძოდ კი ინგლისური ენის გავრცელებას შეუწყობს ხელს, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ საქართველოში კულტურისა და განათლების საკითხებით, ისევე როგორც ბევრ სხვა დარგში – საბჭოთა კომისრების მსგავსი  შემთხვევითი ადამიანები არიან დაკავებულნი.

როგორც ცნობილია, ჩვენს დროებით ოკუპირებულ  სამშობლოში კულტურა სტრატეგიული სფეროა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელოვნების დარგები პირველ რიგში სახელმწიფო ინტერესებს უნდა ემსახურებოდნენ. წვრილვაჭრული  ინგლისური ენის ცოდნა კი  ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ტანკი,  ტყვიამფრქვევი და ბრიყვული პატრიოტულ–მილიტარისტული ჰიმნები.

ქართული კულტურის  აღგზნებულ « კომისრებს«  როგორც ჩანს არასოდეს სმენიათ იმის შესახებ, რომ კინო, პირველ რიგში ხელოვნების დარგია, და ის  უცხო ენის  სწრაფად შესასწავლ ვიდეო–მეთოდში ერევათ.

ევროპის ქვეყნების უმეტეს ნაწილში ,  სუბტიტრებით ფილმს ძირითადად, გარკვეულად მომზადებული მაყურებელი უყურებს.  კინოთეატრის სალაროსთან ყოველთვის მითითებულია თუ რომელ დარბაზში გადის დუბლირებული და რომელში ორიგინალური ვერსია.

ტელევიზიით – ასეთ ფილმებს მხოლოდ სპეციალურ სინეფილურ  კერძო არხებზე, ან ხაზგასმულად კულტურაზე ორიენტირებულ ისეთ არხზე  თუ ნახავთ როგორიც არის  გერმანულ–ფრანგული "არტე"… , ნაციონალური არხებით სუბტიტრებიანი ფილმები ევროპის უმეტეს ქვეყანაში თითქმის არასოდეს გადაიცემა. და ამას თავისი ლოგიკა აქვს:  ნაციონალური არხები საშუალო მოქალაქეზეა გათვლილი, რომელსაც ყველა სოციალური და ინტელექტუალური ფენა მიეკუთვნება. მათშორის ისინიც, ვისაც კითხვის, მხედველობის, ასაკის, კონცენტრაციის ან სულაც განათლების პრობლემა აქვს. მათი იგნორირება დისკრიმინაცის ტოლფასი იქნებოდა.

 განსაკუთრებით სასაცილოა სერიალების სუბტიტრებით ჩვენების იდეა, სერიალების  ერთად ერთი აზრი არის სწორედ იმაში, რომ მას ადამიანებმა "ცალი თვალით" უყურონ , მეორეთი კი სახლის საქმე აკეთონ,  ეკრანზე არ იყვნენ მიჯაჭვულნი , როგორც რომელიმე დიდი შედევრის ყურებისას, უბრალოდ დაისვენონ, განსაკუთრებული დაძაბვის გარეშე.  ქართველი დედა ხომ ცალი ხელით აკვანს არწევს, მეორეში კი პულტით სერიალიდან სერიალზე  რთავს ტელევიზორს!

ის კატეგორიის მაყურებელი, რომელიც სულაც არ აინტერესებს « წითელ ზონაში« ნაჩვენები ძველი შავ–თეთრი შედევრები  , ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, ნაციონალური არხების ზირითად პუბლიკას წარმოადგენს, ამ სწორედ ამ პუბლიკის დაკარგვის საშიშროების წინაშე დააყენებს ეს კანონი ნაციონალურ არხებსა და დისტრიბუციას.  ოკუპანტის  ენასთან მებრძოლი კულტურის კომიტეტის პატრიოტულ–სტრატეგიულმა წამოწყებამ, შესაძლოა სწორედ რუსული მაუწყებლობისათვის სასარგებლო შედეგები გამოიღოს.

ამასთან. თუ  მაინც, შევთანხმდებით, რომ კინოფილმების რაღაც  ნაწილი მაინც, უდავოდ ხელოვნებას მიეკუთნება, იძულებულნი ვიქნებით ანგარიში გავუწიოთ მათი ჩვენების  ხარისხის პარამეტრებს, მათ შორის თარგმანსაც.

ვისაც ერთხელ მაინც უმუშავია ფილმის თარგმანზე, დამეთანხმება, რომ სუბტიტრების კუთებისას ხშირად ფაქტიურად დიალოგის მხოლოდ რეზიუმე ითარგმნება, რადგან ხაზების სიგრძე, რაოდენობა, მათი ეკრანზე გამოჩენის დრო მკაცრად ლიმიტირებულია .  სწრაფი დიალოგის სუბტიტრებში გადატანა ფაქტიურად შეუძლებელია. დრო რომელიც საჭიროა ტექსტის წასაკითხად და მის აღსაქმელად ხშირად ჩამორჩება გამოსახულების ცვალებადობის სისწრაფეს ეკრანზე. განსაკუთრებით მძაფრ სიუჟეტიან სცენებში.

ამიტომ სუბტიტრებს მხოლოდ მაღალი კინემატოგრაფიული ღირებულების  ფილმების თარგმანისას   აქვს აზრი, რომელშიც მსახიობის თამაში, ხმა და  დიქცია ერთნაირად მნიშვნელოვანია.

არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი – ფილმის ხმოვანი დუბლიაჟი იძულებულს ხდის სადისტრიბუციო კომპანიებსა და ტელეარხებს დაასაქმოს მსახიობები, ახალი კანონი კი ფაქტიურად პროფესიას კლავს და ისედაც უმუშევარ მსახიობებს შემოსავლის საშუალებას ართმევს.
არა, და – როგორც ცნობილია, ქართველი პარლამენტარები უმუშევრებზე დარდისგან  ღამეებს თეთრად ათენებენ …  დღისით კი, როგორც ჩანს თავადვე სპობენ სამუშაო ადგილებს… დუბლიაჟი საკმაოდ შემოსავლიანი ბიზნესია და მასში უამრავი ხალხია დასაქმებული მთელს მსოფლიოში .


დღეს ნებისმიერ საშუალო სიმძლავრის საოჯახო კომპიუტერზე შეიძლება ფილმის სუბტიტრების გაკეთება. და ეს სადისტრიბუციო კომპანიებსა და ქართული ტელეარხების ინკოგნიტო მეპატრონეებისათვის  – ნამდვილი, თუმცა ძალიან საეჭვო.  ჯეკპოტია!  საინტერესოა, რომ არავის უჩნდება  კითხვა, თუ ვის ინტერესებში შეიძლება ჰიპოთეტურად მაინც  შედიოდეს დუბლიაჟის იაფფასიანი სუბტიტრებით ჩანაცვლება, რომ არავის შეაქვს ეჭვი, არანაირ ინტერესთა კონფლიქტში,  იმ შესაძლო ელიტარულ კორუფციელ გარიგებაში, რომელიც პრეზიდენტისა  აზრით საქართველოში კატეგორიულად არ არსებობს.



და ბოლოს ყველაზე მნიშვნლოვანი:
ქართული ენის განვითარება, მხოლოდ  უცხო ენებთან « შეჯვარებით « არის შესაძლებელი და არა მისი იზოლირებით.
ეს როლი რა თქმა უნდა პირველ რიგში ლიტერატურას, თარგმანს აკისრია.  სამწუხაროდ წიგნი დღეს საქართველოში კომატოზურ მდგომარეობაშია, თუ უახლოეს მომავალში მასთან აბსოლუტურად დანაშაულებრივი დამოკიდებულება არ შეიცვალა, შეგვიძლია მის ღირსეულ დაკრძალვაზე ზრუნვა დავიწყოთ, იმედია მკლავზე შავლენტ შებმული კულტურისა და განათლების ზემოთ ხსენებული კომიტეტი დამკრძალავი კომისად მაინც გამოადგება საბრალო ქართულ წიგნს.
კინო ხელს უწყობს   ცოცხალი ენის გახსნილობას, პროგრესირებას. არა ნაკლებად ვიდრე ლიტერატურა.
შორეულ საბჭოთა წლებში ყველა შევეჩვიეთ, რომ უცხოური ფილმი აუცილებლად რუსულად უნდა გვენახა, რადგან ქართულად ძალიან სასაცილოდ ჟღერდა… ისევე როგორც ლიტერატურას, უცხოურ ფილმებსაც სხვა, უცხო ენაზე ვეცნობოდით.

ქართული ენას ბოლო 200 წლის მანძილზე ფაქტიურად არ უმუშავია განვითარებისათვის საჭირო სრული დატვირთვით .  ამის  შედეგად მიღებულ დღევანდელი ქართულ ენას ხშირად ელასტიურობა აკლია. მასზე გაცილებით ძნელად ითარგმნება თანამედროვე ტექსტები,  ვიდრე იგივე რუსულზე. ამიტომაც გვეცინებოდა ბავშვობაში «  შესანიშნავი შვიდეულის «  ქართულ დუბლიაჟზე ( ჩიკო, აბა ტაში შემოჰკარ!), თითქოს ამერიკელი კოვბოებისათვის რუსული ყოფილიყო მშობლიური ენა.
დღეს ქართველი ახალგაზრდები ფრანგულ, იტალიურ, ესპანურ ფილმებს  ინგლისურად უყურებენ…ისინი « ჩიკოს უხერხულად შემოკრულ ტაშზე «  კიდევ კარგა ხანს იხალისებენ,.

ქართულ ენას მეტი კულტურა, მუშაობა,  სიცოცხლე... მეტი « კინო« , ჭირდება,  და არა … ეპიტაფიასავით ამოტვიფული ცივი სუბტიტრები მის სევდიან  შავთ – თეთრ  რეალობაზე.

პ.ქ. 
22 მარტი 2010