10 novembre 2009

მისტრალი და ქარბორბალა




I
გადატენვის ღილაკი


2009 წლის 28 ქგვისტოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი აღიარების დღეს, რუსეთმა ოფიციალურად დაადასტურა ფრანგული შვეულმფრენმზიდი ხომალდის, ''მისტრალის'' შეძენის ინტერესი. ეს გემი ავიამზიდი "შარლ დე გოლის" შემდეგ ფრანგულ ფლოტში სიდიდით მეორეა და აღჭურვილია არა მარტო ულტრა თანამედროვე, არამედ თითქმის ფუტურისტული ტექნოლოგიით. გემის შეიარაღებაში 16 დესანტური შვეულმფრენი. აგრეთვე დესანტური კატარღებია.


როგორც რუსეთის საზღვაო ფლოტის მთავარსარდალმა განაცხადა, ასეთი გემით საქართველოს 28 საათის ნაცვლად ნახევარ საათში დააჩოქებდა.
მასზე შეიძლება 450 საზღვაო სახმელეთო ჯარის ჯარისკაცი, ან სულაც გენშტაბი განთავსდეს.
ოფიციალურად რუსეთი გემის შეძენას ჩრდილოეთ ფლოტისათვის აპირებს. მაგრამ ფრანგული გემი არ არის გათვლლი ჩრდილოეთის ყინულოვანი კლიმატისათვის. დედამიწის ამ ცივ ზონაში საფრანგეთს ბევრი არაფერი ესაქმება.
ჩრდილოეთიდან საფრთხე არც რუსეთს ემუქრება. უახლოესი ათი წლის განმავლობაში თუკი სადმე სჭირდება რუსეთს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი შვეულმფრენმზიდი , ეს პირველ რიგში თბილი შავი ზღვაა: უკრაინის ყირიმისა და საქართველოს აფხაზეთის მიტაცების პარანოიკული ობსესიის დასაკმაყოფილებლად. ამიტომ ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ეს სამხედრო ხომალდი, რომლითაც ფრანგები ნოემბრის ბოლომდე პეტერბურგში "პრომო–გასეირნებას'' აპირებენ,, რუსების მიერ შეძენის შემთხვევაში სულ მალე გადავა ჩვენი მტრის შავი ზღვის ფლოტის განკარგულებაში.
ხომალდის ფასი 300 მილიონი ევროა. თუმცა, ვარაუდობენ, რომ იმ აღჭურვილობით, რომელსაც რუსეთი შეიძენს მილიარდ ნახევარი დაჯდება. ასევე, რუსეთი გეგმავს კიდევ სამი ან ოთხი ასეთივე გემი ააგოს თვითონ, ფრანგებისაგან სათანადო უფლების, ტექნოლოგიის შეძენის შემდეგ. რასაც პრინციპში საფრანგეთი ეწინააღმდეგება. მაგრამ ბიზნესი ბიზნესია…
შეუძლებელია რუსეთმა ასეთი თანხები გადაიხადოს ცივი წყლებისათვის არაადაპტირებულ გემში, რომელსაც პრაქტიკულ დანიშნულებას ვერ მოუძებნის და ამით, ამ გარიგებით გამოწვეული შიდაპოლიტიკური ხმაური სკანდალში გადაიყვანოს. საქმე იმაშია რომ ამ გარიგებას რუსეთში ბვრი მოწინააღმდეგე ჰყავს,ისინი თვლიან რომ ამხელა ფულის ფრანგებისათვის გადახდა საკუთარი გემთმშენებლების ღალატს ნიშნავს
.

ფრანგული გემთსაშენი კომპანია DCNS ის არსებობის მანძილზე ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ის ასეთი დონის სამხედრო შეიარაღების "შედევრს" ყიდის საზღვარგარეთ, რუსეთისათვისაც სამხედრო ტექნიკის საზღვარგარეთ შეძენის პირველი შემთხვევაა. ასეთი გარიგებები ძალიან იშვიათია და ის მხოლოდ განსაკუთრებულად ერთმანეთში შეყვარებულ პარტნიორ ქვეყანებს შორის თუ შეიძლება მოხდეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში პოტენციალურ მოწინააღმდეგეებს შორის. როგორადაც რუსეთისა და ნატოს ურთიერთობა ზოგიერთ გულუბრყვილოს წარმოედგინა გასული წლის აგვისტოს ომამდეც და მერეც.
რატომ მაინცა და მაინც ფრანგული "მისტრალი"? ძნელი სათქმელია. ასეთი ტიპის ხომალდებს რამდენიმე დასავლური ქვეყანა აწარმოებს. მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ გადაწყვეტილებაზე ცინიკურმა სამხედრო მარკეტინგმა იმოქმედა:

–მისტრალი (Mistral) არის ჩრდილო დასავლეთის ძალიან ძლიერი ცივი ქარი. მისი სიჩქარე ხშირად 100კ/სთ ში აღწევს, მისტრალის ფენომენი ძირითადად ხმელთაშუა ზღვის ჩრდილო დასავლეთის აუზში გვხვდება: კორსიკაში, სარდინიაში, რონის ხეობაში (vallée du Rhône), რომელიც ლიონსა და მარსელს აკავშირებს.
ვინც ამ რეგიონებში ყოფილა აუცილებლად ეცოდინება მისტრალის შესახებ. მან უცებ, მოულოდნელად მოწმენდილი, ლურჯი ცის დროს ნამდილი გრიგალივით იცის ამოვარდნა. სანამ შეეჩვევით საკმაოდ შემაძრწუნებელია.
როდესაც პირველად შევიტყე ამ ძლიერი ჩრდილოეთის ქარის შესახებ, ირონიულად გამეღიმა, ჩვენ ქართველები უკვე 200 წელიწადია გამუდმებულ მისტრალში, ჩრდილოურ გრიგალში ვცხოვრობთ და მის მიმართ იგნორირების გრძნობა გენეტიკურად გამომუშავებული გვაქვს მეთქი. თუმცა პირველივე ქარიანი ღამე შეშინებულმა უძილოდ გავატარე: მეგონა სახლის წინ მდგარი უზარმაზარი ხე თავზე დამეცემოდა..

ფრანგული ხომალდის კლიენტებს რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტიდან, რა თქმა უნდა ჩემგან არ ესწავლებათ "მისტრალი"–ს ლექსიკონური განმარტება. თითქმის დარწუნებული ვარ რომ ხომალდის დასახელებამ, გადამწყვტი თუ არა "სიმპათიური" გავლენა მაინც იქონია მათ სამხრეთზე ბატონობის ვირუსით საუკუნების წინ დაავადებულ ტვინებში მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

ჩრდილოეთის გრიგალი! 16 ფრანგული სადესანტო შვეულმფრენითა, კატარღებით, აგრეთვე 450 გამხეცებული საზღვაო მედესანტით (პრინციპში, 450 – ეს ფრანგების მიერ თავინთ მედესანტეებზე, ნორმალურ ადამიანურ მოპყრობაზე გათვლილი ციფრია. რუს გენერლებს, სამხედრო დაბალი ჩინის პერსონალის “ბურჟუაზიული“ კომფორტის შემცირების ხარჯზე მედესანტეთა ამ რაოდენობის გაორმაგება ცხადია არ გაუჭირდება)...

ჰილარი კლინტონის პრიმიტიულ სიმბოლიკას ღილაკების შესახებ, მე გადატვირთვას კი არა გადატენას უფრო დავარქმევდი. ან თუ გნებავთ გადაიარაღებას. თუმცა, როდესაც საქმე პოლიტიკასა და შეიარაღებას ეხება ეს თითქმის ერთი და იგივეა. ეს სიმბოლიკა , როგორც ექიმები იტყვიან, მძიმედ, მაგრამ სტაბილურად იკრებს ძალას, ხორცს ისხავს: ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი ბერნარ კუშნერი, რომელიც ხუთდღიანი ომის დროს გმირულად “იმყოფებოდა“ გორში, პირადად იყო ჩართული ხომალდის შესახებ მოლაპარაკებებში. რამდენჯერმე იმყოფებოდა მოსკოვში. და ყველაფერი ისე "ხარისხიანად" მოაგვარა ჩვენს მთავარ გულშემატკივარ სარკოზისთან ერთად, რომ ძალაუნებურად ზემოთ ხსენებული ომის დროს მათი ფასდაუდებელი უანგარო ამაგი გამახსენდა, ღრმა მადლიერების გრძნობით. თბილისელების "სარკო! სარკოს!" ორგანიზებული "პოლიფონიური" შეძახილები, ისტორიულ სარკოზი–მედვევდევის"ტრაქტატზე" ხელის მოწერა...

საინტერესო , როდის ჩაეყარა ამ სამხედრო კომერციულ მოლაპარაკებებს საფუძველი მეხუთე რესპუბლიკასა და რუსეთს შორის? ცხადია ამხელა სამხედრო ხომალდი არც კარუსელია, და არც ყვითელი ავტობუსი, ასეთ გარიგებებზე მოლაპარაკებები კარგა ხნით ადრე, მისი საჯაროდ გახმაურებამდე იწყება. როგორც ჩანს ჩვენმა ომმა ხელი შეუწყო ფრანგი და რუსი სამხედროების მეგობრულ–პარტნიორულ დაახლოვებას. იმ ერთ წელიწადში, როდესაც ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენს გამო მთელი დასავლეთი რუსეთთან უპრეცედენტოდ გაბუტულია , აღმოჩნდა რომ ალიანსის წევრი, ჩვენი პარტნიორი ქვეყანა ჩვენი არეული საქმეების ''მოგვარების" პარალელურად ჩვენივე ოკუპანტთან მშვენივრად თანამშრომლობს სამხედრო დარგში, ჩვენ კი რომ დაგვჭირდეს ჩიტის საფანტსაც არ მოგვყიდის, რადგან რუსეთის მიერ დადებული დეფაქტო ემბარგო შეიარაღების დარგში საკმაოდ სერიოზულად იქნა "პარტნიორებისა" და "მეგობრების" მიერ მიღებული.

საფრანგეთში ამ წლის ბოლოდან დაგეგმილი მასშტაბური კულტურული ღონისძიება “რუსული სეზონი“, როგორც ჩანს თადვაცვის სამინისტრომ გახსნა მისტრალის "მეგობრული" გაყიდვით.

ჩვენ რა თქმა უნდა ხმას არ ვიღებთ. რადგან ვთვლით, რომ ტყუილად მეგობრების განაწყენებას აზრი არა აქვს...

მაგრამ ჩვენ მეგობრები, და მით უმეტეს პარტნიორები არა გვყავს, რადგან ჩვენ თვითონ არ გვინდა მათი ყოლა. ისევე, როგორც სსრკ – ს დროს, ჩვენ ისევ უფროსი ძმა გვყავს, თუმცა განსხვავება იმაშია, რომ ასევე გვყავს სხვა შუათანა ძმები და დები: საფრანგეთი, გერმანია, ბრიტანეთი და ბევრი სხვა, სინამდვილეში არც ისინი არიან ჩვენი ნამდვილი დები და ძმები, ჩვენ მათ დისნეის დაკარგული პატარა აბეზარი იხვივით დავდევთ უკან და ხან კლოუნობით ვდილობთ თავი მოვაწონოთ, ხან კი საცოდავი ტირილით გული ავუჩუყოთ.

პარტნიორობა და მეგობრობა საკუთარი უფლებებს პატივისცემას და პროტესტის გამოთქმის გაბედვას ნიშნავს, არა იმიტომ რომ ამით აუცილებლად რაიმე კონკრეტულ შედეგს მიაღწევ, ამ შემთხვევაში ამ გარიგების ჩაშლას, ეს უბრალოდ ზრდასრული, მიღებული ფორმაა ურთიერთობის. არც ერთი საქართველოზე პატარა , მაგრამ ღირსების მქონე ქვეყანა არ გაჩუმდებოდა, პარტნიორი ქვეყანა მისივე ოკუპანტთან ასეთი დონის სამხედრო კომერციულ გარიგებაში რომ შესულიყო.

რაც არ უნდა მძიმე მოსასმენი იყოს: ჩვენ არა ვართ დასავლეთის ქვეყნების პარტნიორები, და ეს ისევ და ისევ ჩვენივე ლაჩრული, მლიქვნელური საერთაშორისო პოლიტიკის ბრალია.
საქართველო ერთად ერთი ქვეყანაა გაეროს ისტორიის მანძილზე, რომელმაც ამდენი წლის განმავლობაში ამ უცნაურ ორგანიზაციას თითქმის ყველაფერი დაუჯერა თავის სეპარასტისტულ რეგიონებთან მიმართებაში. ჩვენი მხრიდან არ გამიგია ერთი ასე თუ ისე წონიანი საყვედურიც კი არც ამ ხნის განმავლობაში, არც ადრე და არც ამ მორჩილების კატასტროფული შედეგის, აგვისტოს ომის შემდეგ: პირიქით შაგრენის ტყავივით დაპატარავებულნი, მიწას ვურტყამთ თავს მადლიერების გამოსახატავად.
ეს სიტუაცია ერთ ცნობილ ანეკდოტს წააგავს საბჭოთა მდიდარი კლასიკიდან:
До Великой Октябрьской социалистической революции мы, чукчи, испытывали два чувства: чувство голода и чувство холода. Теперь мы испытываем три чувства: чувство голода, чувство холода и чувство глубокой благодарности !"

სანამ არ მივხვდებით რომ დემოკრატიაში ქვეყნის ზომა არ განსაზღვრავს მისი პოლიტიკური გაბედულების ხარისხს, მანამდე საბჭოთა ანეგდოტების პერსონაჟ ჩუკჩად დავრჩებით.
დიდი ქვეყნები წერილობით ნებართვას ხმის ამოღების უფლებაზე არ იძლევიან, ის შენ თვითონ უნდა მოიპოვო. უნდა იყვირო რომ შეგამჩნიონ, და არ იკრუტუნო დივანზე პატრონის კალთაში თბილად მოკალათებული კატასავით. რომელსაც პატრონი რა წუთშიც მოინდომებს, მაშინ გადმობერტყავს იატაკზე, ხან გარეთ გააგდებს სიცივეში, ხან კი შემოუშვებს.
დასავლეთი არასოდეს არ გაგიწევს ანგარიშს, თუ არ აიძულე. ჩემი აზრით ამის მიხვედრა საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც ჯერ ჯერობით ჯერ კიდევ შეცდომებზე სწავლის პროცესშია, სულ ეხლახანს დაიწყო: პრეზიდენტ სააკაშვილს, როგორც civil.ge იტყობინება დაუჩივლია, რომ ევროკავშირი არასაკმარისად აქტიურობს, ზალიან განაწყენებულს ბერლინის კედლის დაცემის 20 წლის თავთან დაკავშირებულ ცერემონიაზე ოკუპანტი მედვედევის მიწვევით, განუცხადებია :”ხვალ მაქვს საუბარი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან. შევუკვეთე სპეციალურად, რომ ამ საკითხზე ველაპარაკო!” აგრეთვე შეუკვეთია სარკოზი... საკმაოდ საინტერესო ჭკუის სასწავლებელი ტექსტია, განსაკუთრებით დიპოლომატიის შემსწავლელი სტუდენტებისათვის.

როგორც ჩანს ხელისუფლება "მეცადინეობს" მაინც დიპლომატიაში. ცდილობს მაინც..ოროსანი მოსწავლესავით, რომელმაც გადაწყვიტა რადაც არ უნდა დაუჯდეს სამოსანი მაინც გახდეს... ცოტა ხნით მაინც.
სამაგიეროდ ქართული არც პროსახელისუფლო და არც ოპოზიციური მედია არ დაინტერესებულა ფრანგული "მისტრალის" თემით. ეს ჩემი აზრით, კიდევ უფრო შემაშფოთებელია ვიდრე თავად ამ ამორალური გარიგების ფაქტი.
ქართული და საერთაშორისო აქტუალობა აცდენილია ერთმანეთზე. ჩვენ სხვადასხვა ათვლის წერტილები გვაქვს პრობლემების დიაგნოსტიკასთან , და აქედან გამომდინარე მათ გადაჭრასთან მიმართებაში.

ჩვენი საგარეო პილიტიკა ყოველთვის მლიქვნელობისა და ისტერიკის ზღვარზე უფრო გადიოდა, ვიდრე თანასწორობისა და პარტნიორობის. დღეს ეს განსაკუთრებით თვალში საცემია, რადგან არასოდეს ამდენი არ ულაპარაკიათ საქართველოზე , როგორც აგვისტოს ომის შემდეგ. ჩვენ კი მთელი ამ ხნის განმავლობაში რუსეთის მტაცებლური მადის გარდა ვერც ერთი ის თემა ვერ წამოვწიეთ, რომელიც შესაძლოა ასევე ყოფილიყო ჩვენი უბედურების ერთ ერთი მიზეზი, ისევე, როგორც რუსეთის აგრესიული პოლიტიკა.
ამიტომაც საფრანგეთი სრულიად დამშვიდებული სინდისით აწარმოებდა ჩვენი პრობლემების მოგვარების პარალელურად ჩვენივე გასანადგურებელ იარაღის გაყიდვაზე მოლაპარაკებებს, რადგან სიტყვა სინდისი , როდესაც საქმე იარაღით ვაჭრობას ეხება ნამდვილად უადგილო და ზედმეტად სენტიმეტალურია. უფრო სწორი გამოთქმა მშვიდი, აუღელვებელი გონებით ბიზნესის კეთება იქნებოდა. ეს ყველამ იცის ჩვენს გარდა.

II.
სიკვდილის სუპერმარკეტი

ორ წელიწადში ერთხელ, პარიზის ჩრდილოეთით ვილპანტის (Villepinte) "საგამოფენო პარკში" იმართებაა მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი სამხედრო შეიარაღების სალონი, რომელსაც "ევრო სატორი" ჰქვა. ეს ერთერთი ყველაზე სურეალისტური გარემოა, რაც ცხოვრებაში მინახავს.

პაციფისტები ამ გამოფენა–სალონს "სიკვდილის სუპერმარკეტს" უწოდებენ. ძნელია სხვა უფრო შესაფერი ეპითეტის მოძებნა. თუმცა მე იარაღით მოვაჭრეებს– ნარკო დილერებს გავუთანაბრებდი და მათ მორალურ შეფასებაში კიდევ უფრო შორსაც წავიდოდი : თუ ვინმე დამიმტკიცებს, რომ მარიხუანას, ან თუნდაც კოკაინს უფრო მეტი ზიანი აქვს კაცობრიობისათვის მოტანილი ვიდრე "კალაშნიკოვს," მზად ვარ კამუფლიაჟში ჩაცმულმა დარჩენილი სიცოცხლე ვაკის პარკში, "უცნობი ჯარისკაცის" გვერდით წამოწოლოლმა გავატარო.

თავისი მასშტაბით სამხედრო შეიარაღების ეს სალონი–რეფერანსი მართლაც ძალიან შთამბეჭდავია: 50 ათას კვადრატული მეტრი პავილიონები, უზარმაზარი პოლიგონი "პროდუქციის"გამოსაცდელად. 850 ინდუსტრიალური გიგანტ მსოფლიოს 130 მდე ქვეყნიდან. მაგრამ ყველაზე გასაოცარი მაინც აქ გაფეტიშებული ცინიზმის მასშტაბებია.

განსაკუთრებით შთამბეჭდავია ადამიანებსაგან ცარიელი პავილიონები დილით, ამ დროს ისინი ერთი შეხედვით თითქოს არაფით განსხვავდებიან სხვა სალონებისაგან, მაგალითად პარფიუმერიის, შოკოლადის, ან საყოფაცხოვრებო ტექნიკის.

დიზაინის ბოლო სიტყის მიხედვით შესრულებული დიდი და პატარა სტენდები, განათებული ვიტრინები, უზარმაზარი სადემონსტრაციო ეკრანები, ზურმუხტისფერი და წითელი ხალიჩები, ძალიან ბევრი და ლამაზი ეგზოტიკური მცენარეები, საიდანაც დაუზარელი ერთგულებით ნაზად გიღიმიან : ტყვიამფრქვევები, ავტომატები, ქვემეხები, ყველა ზომის ტანკები, ათასნაირი ჭურვები...გამოფენილ პროდუქციაში ძირითადად ხაკისფერი ჭარბობს. აქ არის ყველაფერი რაც ადამიანის მოკვლას უფრო მოხერხებულს, კომფორტაბელურსა და ესტეტიურს ხდის: პისტოლეტები, რევოლვერები, დანები, ხანჯლები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საველე პირობებისათვის განკუთვნილი ქალთა ჰიგიენაც კი.
8:30 დან პავილიონებში და გარე სტენდები ნამდვილ მეგამარკეტს ემსგავსება. პირველი წარმოდგენილი კომპნიების ელეგანტურ კოსტიუმებში გამოწყობილი პერსონლი მოდის. მათ უმეტესობას, განსაკუთრებით ქალებს აშკარად ეტყობათ, რომ უნიფორმას უფრო შეჩვეულნი არიან, ვიდრე ელეგანტურ ტაიორს. სალონისათვის აუცილებელი ღიმილიც რაღაც უჩვეულოდ ცივი აქვთ, არც თუ ისე კომერციული, თვალებითაც ისე გხვრეტენ, თითქოს დაკითხვაზე იყოთ საიდუმლო ბუნკერში: 130 ქვეყნის გაღიმებულ მულტინაციონალურ აგენტურაზე თვალყურის დევნება ბევრ რამედ ღირს.
ძნელია სხვაგან ასეთი რაოდენობით შპიონის ხილვა– ისინი ყველგან არიან, ხილულნიც და უხილავნიც. არ ვიცი რას აკონტროლებენ, მაგრამ დაბალ მომსახურე პერსონალს, რომელის დიდ ნაწილს სალონის მიმდებარე პარიზის "დეფავორიზირებული"გარეუბნის სენ– დენის უმუშევარი ახალგაზრდები შეადგენენ, სულაც არ უჭირთ ამდენი ქალბატონი და ბატონი ბონდის ცხვირ წინ სტენდებიდან კომპიუტერების, და ტელეფონების აწაპვნა. ყოველ ასეთ სალონზე ათასი რამ იკარგება... ალბათ იარაღიც, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობენ,ალბათ რაღაც ასეთი ჯენტლმენურ–შპიონური შეთანხმება აქვთ ერთმანეთში. ყველაფრის ქურდობას სენ დენის ქუჩის ბიჭებს აბრალებენ, მათ შორის ალბათ ტექნოლოგიებისაც.
რამოდენიმე წლის წინ, ჩემი იქ ყოფნის დროს რუსულ დელეგაციას დიდი პლაზმური ეკრანი მოპარეს მუშებმა. მართლაც იმდენი შპიონი ირევა, ძნელია გაარკვიო ვინ ვიზე მუშაობს, ვინ არის მუშა, ვინ გენერალი და ვინ სერიალ კილერი. საერთოდ გაჯეტების სადარაჯოდ აქ არავის ცალია. ევროსატორი ნამდვილი კანის ფესტივალია, მხოლოდ საიდუმლო აგენტების, სამხედროებისა და ათასგვარი სიკვდილით მოვაჭრე გარეწრის ფესტივალი. აქ, ისევე, როგორც კანში , ვენეციაში და ბერლინში "მშვიდობის" იდეა დომინირებს: ნერვი არავის შეუტოკდება, ისე აგიხსნიან, რომ მთელი გამოფენილი საშინელება მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას ემსახურება. რომ მათი წარმოებული იარაღი მხოლოდ თავდაცვისთვის არის განკუთვნილი და არა თავდასხმისათვის. არც იტყუებიან. ყველა ომი თავდაცვის პრეტექსტით იწყება: მესამე რაიხზე რომ არ ვილაპარაკოთ, რომელიც გერმანიას ათასგვარი ბარბაროსისაგან იცავდა, ჩვენი შარშანდელი ერთჯერადი და "გადაგდებული" ომიც საკმარისია მაგალითისათვის, რომლის ყველა მონაწილე მხოლოდ თავდაცვის მიზნით ისროდა კასეტურ ბომბებს, მხოლოდ ვინ ვისგან იცავდა თავს, ამას დღემდე არკვევენ "ევრო სატორის" იარაღით მოვაჭარე გულჩვილი ვარსკვლავები.
საერთოდ ეს ერთ ერთი ყველაზე ფუნდამეტალური კითხვაა ადამიანისათვის, ჩვენ ხომ არაფრით არ შეგვიძლია მორალური გამართლების გარეშე მკვლელობის ჩადენა, ჩახმახზე გამოკვრის, თუ თავში ქვის ჩარტყმის წინ, ჯერ აუცილებლად ანგელოსად გადავიქცევით ხოლმე და მხოლოდ მერე ვაყენებთ ბავშვებისა და უმწეო მოხუცების დაცვის პრეტექსტით სისხლის ზღვას.

ადამიანების ეს თანდაყოლილი სამხედრო მარკეტინგული პატარა ეშმაკობა, შეიარაღების სალონზე აბსოლიუტურ ჭეშმარიტებამდეა აყვანილი.
აქ ყველაზე დიდი მოთხოვნა მესამე ქვეყნების დელეგაციებზეა. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს რატომ: ისინი ყველაზე ხშირად იცავენ თავს ერთმანეთისაგან. ასევე დემოკრატიებს აშენებენ. ვის გაუგია "დემოკრატის" შენება სროლისა და სისხლის გარეშე! აქ იარაღი პურზე მეტად ფასობს.

ევროპელი არისტოკრატი სამხედროები ლამის წელში ტყდებიან გაბღენძილი ვულგარული სამხრეთ ამერიკელი, აზიელი, აფრიკელი კარიკატურული მოოქროვილი გენერლების დანახვაზე: მათ ყველა თავისი სტენდისაკენ ექაჩება, ყველა თავის იარაღს ჩრის.

გამოსაცდელ საველე პოლიგონის სპეციალურ ტრიბუნაზე თავშეყრილ მესამე ქვეყნების გენერლებს– პოტენციალურ კლიენტებს- ამერიკელები უცნაურ სპექტაკლს უჩვენებენ _ ორი ჯარისკაცი, გამურული სახით და ყველა საჭირო კინემატოგრაფიული ატრიბუტით მალვით მიხოხავს სახლისაკენ, რომელიც კლასიკური თეატრის სცენის ყველა წესით არის აგებული, ანუ ფასადი მოხსნილი აქვს. შიგნით კი მსახიობების ნაცვლად ორი ფიტული ტერორისტია. პოლიგონის სიღრმეში უზარმაზარ პლაზმურ ეკრანზე ჩანს ყველაფერი რასაც ჯარისკაცები ხედავენ ჩაფხუტებზე თვალების წინ დამაგრებულ პატარა ციფრულ ეკრანებზე. საქმე იმაშია. რომ ავტომატებს რომლითაც შეიარაღებილნი არიან, ლულაზე პატარა ვიდეო კამერა აქვს დამაგრებული. რომელიც ჩაფხუტის ეკრანზეა ჩართული გადამცემით. ამიტომაც სანგრიდან თავის ამოუყოფლად ან შენობის კუთხიდან გამოუსვლელად ჩეუძლია საკუთარი ფანტაზმის მიხედვით სხეულის ნებისმიერ ნაწილში დააჭედოს ტყვია ვისაც გნებავთ –პაკისტანელს, ინდოელს თუ რუანდელს – იარაღს რასიალური უპირატესობის გრძნობა არ გააჩნია, და როგორც ერთმა ნაკითხმა და ფატალურმა პოლკოვნიკმა მითხრა – ადამიანს ადამიანი კლავს და არა იარაღი.

მოკლედ ამერიკელმა ჯარისკაცებმა პირნათლად შეასრულეს ქვეყნის ეკონომიკის მიერ დასმული ამოცანის მიზანსცენა; დიქტორის ორენოვანი გულისამრევი კომერციული კომენტარების თანხლებით ,,ნეიტრალიზება,, მოახდინეს ,, მოწინააღმდეგის,, მერე "კულისებში" მდგომ ჯიპში ჩახტნენ და გაუჩინარდნენ..
აპლოდისმენტები არ ყოფილა. ეს სხვანაირი თეატრია, აქ ტაშს არ უკრავენ. აქ მხოლოდ ოცნებობენ – თითქმის ყველა კონფლიქტური ქვეყნის სამხედრო ელიტა, გვერდიგვერდ, სულ ერთი ხელის გაწვდენაზე დგას ტრიბუნაზე.. ერთმანეთს დემონსტრაციულად არ უყურებენ. ისეთი გრძნობა გიჩნდება, თითქოს ერთი სული აქვთ სასწრაფოდ იყიდონ ეს ავტომატები და აქვე პარიზის ევროსატორის პოლიგონზე დაცხრილონ ერთმანეთი. მაგრამ ძვირია ამერიკული ბედნიერება, ამიტომ გულდაწყვეტილნი მაინც რუსული და უკრაინული სტენდებისაკენ ბრუნდებიან, რომ ყველაზე მარტივი, საიმედო და იაფი კალაშნიკოვით გავიდნენ იოლად...

ყოველი მეხუთე ნაყიდი ყუმბარა უფასოდ! იჩქარეთ!... უკრაინის დელეგაციის საავიაციო "რამდენიღაც მილიმეტრიანი" ყუმბარები ხარისხისა და ფასის პრინციპით საუკეთესო იყო: მხოლოდ ერთ ჭურვს მთელი სოფლის განადგურება შეუძლიაო ამიხსნეს. ფასი სულ რაღაც 750 ევრო .. ფრანგულ ყველაზე დაბალ ხელფასზე სამასი ევროთი ნაკლები... ტანკებსაც ძალიან იაფად ყიდდენ უკრაინელები. თან ტრაბახობდნენ რომ რუსულ ტანკებს ბევრად ჯობდა მათი "საქონელი". რუსები კი ეჭვიანობდნენ და ბრაზობდნენ, რომ "ხახოლები" საბჭოთა კავშირის დროინდელი რუსული ტექნოლოგიით აშენებულ ქარხანაში აწარმოებენ ამ ტანკს.

თუმცა ძველი კოლეგები და დღევანდელი კონკურენტები მაინც ერთად სვამდნენ "ვოდკას", შიგა და შიგ მეზობელი სტენდებიდან უცხოელებსაც ეპატიჟებოდნენ და უმასპინძლდებოდნენ.

მოძმე სლავი ქვეყნების დელეგაციებს უკვე დილის 9 საათზე იაფი ძეხვისა და არყის სუნი ასდით, ბრეჟნევის ეპოქის სტილის ქალებს კი ღამენათევი თვალები ეშმაკურად უჟუჟუნებთ. მათი შემხედვარე ხვდები, რომ არაყი მართლაც აუცილებელი ვიაგრას ტიპის მნიშვნელოვანი კომპონენტია მათ შეიარაღებაში...
ეს ის სსრკ– ა რომელიც მე ადრე არ მინახავს, რადგან არც ჯარში ვყოფილვარ, და მით უმეტეს არც უცხოეთში საბჭოთა სამხედრო დელეგაციასთან ერთად.
ხანდახან შეიძლება რაღაც წითელი მაზოხისტური სევდაც კი შემოგაწვეთ, მათ დანახვაზე : თითქმის ყველას კეთილი და გულუბრყვილო სახე აქვს, ისე სასაცილოდ გამოიყურებიან, თითქოს მატრიოშკებისა და მურაბიანი ბლინების გასაყიდად იყვნენ ჩამოსულნი: რატომღაც ყველას ახალი საგანგებოდ პარიზის მივლინებისათვის ნაყიდი კრემისფერი ნასვრეტებიანი საზაფხულო გრძელი ოთხკუთხედ ცხვირიანი ფეხსაცმელები , ზუსტად ასეთივე ფერის წინდები, საზაფხულო კოსტიუმი, პერანგი აცვია, ჰალსტუკიც რა თქმა უნდა შესაბამისად კრემის ფერი უკეთიათ.. მათი ცნობა კილომეტრზე შეიძლება.

რუსები, რომლებიც ევროსატორიზე პირველად 1997 წელს დიდი ზარზეიმით დაუშვეს, აქ განუზომელი პოპულარობით სარგებლობენ, ზუსტად ისე, როგორც ჩვენი ჰოლივუდელი ახლა უკვე მეგობარი ვარსკვლავები კანში.

მათ პოპულიარობას ჩრდილს ვერაფერი აყენებს. მე რუსების ტრიუმფი გროზნოს მიწასთან გასწორების პერიოდშიც ნანახი მაქვს, და ბესლანის ტრაგედიის დროსაც. ეს ქვეყანა რატომღაც, რაც უფრო მეტ ბარბაროსობას ჩადის, დასავლეთში უფრო და უფრო მეტად ხდება მისი იდენტიფიცირება ჩეხოვთან და ჩაიკოვსკისთან...რომლებსაც პუტინი დარწმუნებული ვარ საკუთარი ხელით ამოაძრობდა სულს ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ... პრინციპში ჩეხოვთან და ჩაიკოვსკისთან, განსაკუთრებით პუშკინთან, რუსეთი საქართველოშიც ასოცირდება, მხოლოდ სრულიად საპირისპირო კონტექსტში, მაგრამ ეს სხვა თემაა..
რუსეთთან დასავლეთის ტრადიციულად მიმტევებელი დამოკიდებულების ტენდენცია რომ ურყევია, ამას საქართველოს ოკუპანტ ქვეყანისათვის დღეს "მისტრალის" მიყიდვაც მოწმობს. აგრეთვე ისიც, რომ რუსეთის მიერ ჩვენზე გამოცხადებული იარაღით ვაჭრობის ემბარგო ფაქტიურად წარმატებით ფუნქციონირებს. როგორც ჩემთვის ცნობილია, ჩვენთან იარაღის კომერციას ბევრი ქვეყანა თავს არიდებს. ევროპის ამ ლოიალური ტენდენციას კომერციული და პოლტიკურის გარდა , ღრმა კულტურული ფესვები აქვს, რისი გაუთვალისწინებლობა ერთ ერთი დიდი უგნურებაა ქართული საგარეო პოლიტიკისა. ინტელექტუალური ევროპა რუსეთში იმ არტისტულ თავზეხელაღებულობას, ერთადერთ ჯერ კიდევ ცოცხალ, საკუთარ, თეთრი ადამიანის თავდავიწყების უნარს,"სიგიჟეს", ეგზოტიკას ხედავს, რომელიც თვითონ დიდი ხანია დაკარგა. და ამას ასე ადვილად ვერ შეელევა...

''ევრო სატორი'' ჩვენი იპოკრიტული ეპოქის სარკეა, : ყველა ის ფირმა, რომელიც ნორმალურ ადამიანებში უთოების, სარეცხი მანქანებისა, მობილური ტელეფონებისა და პრეზერვატივების უბოროტო მწარმოებლად ასოცირდება, აქ ინკვიზიციის ტექნოლოგიურად სრულყოფილი შემზარავი პროდუქციით არის წარმოდგენილი. რაოდენობა და არჩევანი განუზომლად დიდია: ისეთი ქვეყნებიც კი, რომლებიც ჩემნაირ გულუბრყვილოებს მშვიდობის მექა გონიათ, მაგალითად ფინეთი, ნორვეგია, შვეიცარია... შეიარაღების ბიზნესში კისრამდე არიან ჩაფლულნი.

კითხვა რისთვის არის ეს ყველაფერი განკუთვნილი, თუ არა ომისათვის? აქ იმდენად გულუბრყვილოდ ჟღეს, რომ სირცხვილით ვერ დაუსვამთ ვერავის.

თითქოს ყველამ ვიცით, რომ ომი დღესაც ისეთივე ბიზნესია, როგორიც ალექსანდრე მაკედონელის დროს, მაგრამ როდესაც ამ სალონზე, ამ სიკვდილის კულისებში ხვდები, არ შეძლება არ დაგზაფროს ამდენი შრომისა და სისხლის ხარჯზე მიაღწეულმა
ადამიანის გენიის სისასტიკის, უგუნურებისა და სიძულვილის თითქმის აბსოლიუტურმა სრულყოფილებამ, აქ ნათლად ჩანს, რომ რაც არ უნდა პროგრესული გახდეს კაცობრიობა, თუ ამ იარაღის ოფიციალურ დილერებს სიკვდილის სერიული წარმოება და ვაჭრობა არ აუკრძალა, ატომური ბომბის აკრძალვის შემთხვევაშიც კი ვერ გაუძლებს დიდხანს ადამიანი საკუთარ უგუნურებას და გადაშენდება. ხანდახან მგონია, რომ ბირთვული შეიარაღება მხოლოდ ყურადღების გადასატანი სატყუარაა, რომ არ ვილაპარაკოთ ყველა დანარჩენ იარაღზე, რომელმაც მილიონები გაანადგურა ჰიროსიმას "ნათების" შემდეგ, და რომელიც სახელმწიფო მონოპოლიის ქვეშ მყოფი ბირთვულისაგან განსხვავებით, უზარმაზარ ბიზნესს წარმოადგენს მთელს მსოფლოში.

შეიარაღების მსგავს სალონებზე, რომლებიც მრავლად იმართება მთელს მსოფლიოში, შეგიძლიათ ისეთი ტექნოლოგიურად სრულყოფილი ბარბაროსობის პერსპექტივა იხილოთ, რომ ატომური ბომბით სწრაფი სიკვდილი მასთან შედარებით ჰუმანურად მოგეჩვენებათ.

80 წლებში ჩემი ფიზიკოსი ძმა ხშირად დადიოდა რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში ჭაჭითა და სამედიცინო სპირტით გატენილი ჩემოდნით, იქიდან კი როგორც ყოველთვის, სურეალისტული ისტორიებით დატვირთული ბრუნდებოდა. ერთ–ერთი , რომელმაც მაშინ ჩემზე წარუშლელი კვალი დატოვა, თუ არ მეშლება, მგონი მოსკოვის რომელიღაც კვლევითი ინსტიტუტიდან ჩამოიტანა, ვიღაც ალკოჰოლიკ გამომგონებელზე, რომელსაც ტანკზე უკან გრძელი "მუხლით" მოსაბმელი დიდი რკინის ბორბალი გამოუგონებია, დაახლოვებით ისეთი, ცხელ ასფალტს რომ აბრტყელებენ.
ინსტრუქცია ასეთი იყო: მას შემდეგ რაც სანგარს ტანკი გადაუვლიდა უკან მობმული ბორბალი სანგარში ჩაგორდებოდა,იქ დამალულ შემთხვევით გადარჩენილ მტრის ჯარისკაცებს ლობიოსავით დაჭყლეტადა,გასრისავდა, მერე ისევ "ამოგორდებოდა" და მხიარული ხტნვითა და ხრიგინით გაყვებოდა უკან ტანკს შემდეგ სანგრამდე....
ხომ წარმოგიდგენიათ: საბრალო ჯარისკაცი, ომში, სანგარში, თავზე ამხელა რკინის მასა რომ გადაუვლის, რომ გონია, გადავრჩიო და რკინის "კატოკი''რომ პიცასავით გააბრტყელებს. ღმერთო ჩემო! რის ატომური ბომბი!... რუსული "სამეცნიერო ინტელიგენციის" უცნაურობების კარგად მცოდნე ჩემი ძმაც კი შოკში იყო. პატარა, სათვალეებიანი და მეჭეჭებიანი მეოცნებე ინტელიგენტი ლოთიაო , მითხრა, ამ თემაზე ისე გატაცებით ლაპარაკობდა, რომ იმ წუთში ქარში თმაგაწეწილ პუშკინს დაემსგავსაო... რას ვიფიქრებდი, რომ ჩემი ძმის მონაყოლ ამ საშინელებას წლების შემდეგ პარიზში, ევრო სატორის სალონზე ვნახავდი მშვენივრად განხორციელებულს,სათბურში გამოყვანილი პალმების "ჩრდილში"! და არა მარტო რუსულ სტენდზე. იდეამ როგორც ჩანს საერთაშორისო მოწონება დაიმსახურა და ადამიანების საჭყლეტი "კატოკის" ბიზნესიც აყვავდა ...

როგორც უკვე აღვნიშნე, ამ გარყვნილებას, როგორც წესი ყველა ქვეყანა თავდაცვას უწოდებს: შესაბამის უწყებებს თავდასხმის კი არა თავდაცვის სამინისტროები ქვიათ. მათ პოლიტიკოსები ხალმძღვანელობენ და არა სამხედროები, რადგან როგორც ცნობილია, "ომი ძალიან სერიოზული საქმეა იმისათვს რომ ის სამხედროებს ანდო". არც არის გასაკვირი– ყველა ომი რომ თავდაცვაა, ამის დმტკიცებას პოლიტიკური უტიფრობა უფრო სჭირდება ვიდრე სამხედროების ლიმიტირებული შესაძლებლობების ბრიყვული ცივი ლოგიკა.

მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ რომ მოზარდი, რომელიც საკუთარი ნებით სამხედრო კარიერაზე, ყაზარმულ ცწოვრების წესსზე ოცნებობს, ცოტა შეზღუდული გონების პატრონი უნდა იყოს. ასევე შეზღუდული გონების პატრონები მგონია იარაღის მოყვარულთა დიდი ნაწილი, თუმცა მათ შორის სამწუხარო გამონაკლისი ბევრია. ეს რა თქმა უნდა მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია, და იმედი მაქვს ამის გულისათვის კადიროვივით კბილებამდე შეიარაღებული ჩემი ზოგიერთი თბილისელი მეგობარი არ გამინაწყენდება.
ის დრო, როდესაც იარაღი გარდა პირდაპირი დანიშნულებისა, მნიშვნელოვან წილად სამკაულს, რაღაც "ბიჟუტერიასაც" წარმოადგენდა, დიდი ხანია ისტორიას ჩაბარდა.იარაღს დღეს მხოლოდ თავისი პირდაპირი და მკაცრად განსაზღვრული დანიშნულება აქვს: მას ერთხელ მაინც ეშმაკი ტენის და ისვრის... ეს საქართველოში ყველაზე კარად იციან.

საფრანგეთი სწორედ ასეთი ეშმაკი აღმოჩნდა დღეს: მან რუსული ჟანგიანი ზარბაზანი ჰილარი კლინტონის იდიოტური ინსტრუქციით "გადატენა", ჩვენ კი, არ ვიცი ვისი უთავმოყვარეო ინსტრუქციით, ამის საპასუხოდ ავღანისტანში, მაინცა და მაინც ფრანგულ ნაწილებში 150 ჯარისკაცს ვგზავნით, რომ ფრანგებზე ტალიბების მიერ კალაშნიკოვით ნასროლ რუსული წარმოების ტყვიას შუბლი შეუშვირონ...

2001 წელიდან საფრანგეთმა ავღანისტანში 35 ჯარისკაცი დაკარგა. და უამრავი დაიჭრა.
ფრანგები ჩვენი მეგობრები არიან. ისინი რუსებს აიარაღებენ. რუსებ ჩვენი მტრები არიან, ჩვენ გვესვრიან და თავის მხრივ თალიბებს აიარაღებენ. თალიბები კი რუსების მეგობარ ფრანგებს ესვრიან, ეხლა ეს ტყვიები შიგა და შიგ ჩვენც მოგვხვდება რადგან ფრანგები ჩვენი "პარტნიორები" და მეგობრები არიან, თუმცა ჩვენს მტრებს მაინც აიარაღებენ... მოკლედ


როგორც ჩვენზე ბევრი ფიქრისა და ზრუნვისაგან დაღლილი პრეზიდენტი იტყოდა: "სრული ბეზპრედელია", და მართალიც იქნებოდა. უფრო მეტიც : "ბეზპრედელი" სწორედ მისი კოლეგების მიერ არის ორგანიზებული. ისე კარგად, რომ მესამე ქვეყნებში, რომელთა რიგს საქართველო უდავოდ განეკუთნება, კითხვასაც კი არავინ სვამს ამ შეიარაღებული პორნო ორგიის შესახებ.

ამიტომაც განვეკუთვნებით მესამე რანგის ქვეყნებს, როგორც ზევით აღვნიშნე– პირველ რიგში სწორედ : ჩვენი მლიქვნელობაზე დაფუძნებული დიპლომატიის სკოლის, “უფროსკლასელების, ძმებისა და დების“ მიმართ ჩვენი სილაჩრის, სამარცხვინო მორჩილების გამო : საკუთარ "და–ძმას" კითხვის დასმასაც კი ვერ ვუბედავთ, როდესაც ის ჩვენი და ჩვენი შვილების მკვლელისათვის "აბოიმის გადატენვას" ხან ბიზნესს ეძახის, ხანაც პოლიტიკურ გადატვირთვას.

ჩვენი და დასავლეთის ჰუმანიტარული ინტერესების, ღირებულებების სფეროები, და განსაკუთრებით შინაგანი გამბედაობა როგორც ჩანს საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან.

ჩვენ არასოდეს გვაინტერესებდა ჩვენს საზღვებს გარეთ მომხდარი ტრაგედია, სამაგიეროდ ყოველთვის ცუდად გაზრდილი ბავშვივით ჭირვეულად ვითხოვთ, რომ ყველას აინტერესებდეს ის, რაც ჩვენთან ხდება.

გამოვკითხოთ საქართველოს მოსახლეობა, რას ფიქრობს ავღანისტანზე, ერაყზე, სხვის ომებში ჩვენს მონაწილეობაზე, გარდა იმისა, რომ მათ შვილებს იქ უკეთეს ხელფასს უხდიან ვიდრე ქართულ არმიაში. საინტერესოა რამდენ პაციფისტს იპოვით საქართველოში, რომელიც ამ ორი ომის წინააღმდეგი იქნებოდა. დღემდე საქართველოს ნატოში შესვლის მართებულობაზე კითხვის დასმა რაღაც მეორე მსოფლიო ომის დროინდელი "კინომატოგრაფიული მოღალატის" სტატუსის მიღების სრული გარანტიაა.

ერთადერთი ინვესტიცია, რაც საქართველომ საერთაშორისო საერთო პრობლემებში გააკეთა, ერაყსა და ავღანისტანსი, ომში მონაწილეობა იყო.
ადამიანებს ლხინზე მეტად საერთო პრობლემები აერთიანებთ.მაგრამ არა აუცილებლად ომი. ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე სამართლიანი სამხედრო ალიანსის საბოლოო შედეგი, მაინც გამარჯვებულთა მიერ აღმართული ''ბერლინის კედელია''.

ჩვენს და დასავლეთის პრობლემებს შორის კი საერთო უფრო და უფრო ცოტა რჩება. ჩვენ ვთვლით, მარადიული თემები, საერთო ჰუმანიტარული ღირებულებების დასაცავად ბრძოლა მხოლოდ ეკონომიურად ძლიერი სახელმწიფოების ფუფუნებაა. სამწუხაროდ სწორედ ასე ვფიქრობთ, და გულიანად ვიცინით ტელევიზიით "გულუბრყვილო" გრინ ფისის ან პაციფისტების დანახვაზე. თავად რაც შეიძლება დიდ ცილინდრიან მანქანებს ვყიდულობთ როგორც კი საშუალება მოგვეცემა, და შეძლებისდაგვარად ვაბინძურებთ ატმოსფეროს რომელშიც ვცხოვრობთ. ომის ბოროტება მხოლოდ მაშინ გვახსენდება, როდესაც ჩვენი მეზობლის ბიჭს მოკლავენ ოსი მოროდიორები და მთვრალი რუსი სალდათები...
სამოქალაქო საზოგადოებას ვერაფრით ვერ შექმნის ადამიანი, რომელიც თავს მსოფლიო საზოგადოების წევრად არ გრძნობს. თუ ელემენტარულ პასუხისმგებლობა არ გააჩნია იმ უცხო კონტინენტზე ჩადენილი სისასტიკის გამო, რომელზეც არასოდეს ფეხი არ დაუდგამს, ბოლოს დაბოლოს, საკმევლის სუნიანი სიყვარულის თუ არა თანაგრძნობის გრძნობა მაინც თუ არ გააჩნია უცხო ადამიანების მიმართ. ვაღიარებ, ყოველივე ამას "მართლმადიდებლური მარქსიზმის " სუნი ასდის, მაგრამ ეს სწორედ ის დასავლური "ღირებულებებია", რომელიც ასე გულით სურთ ჩვენი საზოგადოების პრო დასავლურ იდეოლოგებს ხალხს ჩაუნერგონ, და სამწუხაროდ ვერ ახერხებენ, რადგან ყველა გზა, რომლებიც ამ ღირებულებებამდე მიდის სულ ახლახანს მოასფალტებულია და ჯერ მასზე სიარული აკრძალულია– სანამ გაშრება, რა თქმა უნდა.

რა იცის საქართველომ იმ მსოფლიო კონტექსტის შესახებ რომელშიც ცხოვრობს? ფაქტიურად არაფერი. მოსახლეობის მონაწილეობა მსოფლიო პროცესებში მხოლოდ ქართველი მითომანი პოლიტიკოსების მიერ საკუთარ ზომაზე შეკერილი გამოგონილი დასავლეთია, რომლის ერთი ნაწილი, პრეზიდენტს თუ დავუჯერებთ, ქართველების ბედს შენატრის, მასში რატომღაც ბიზნესის დაწყების სიმარტივის, კარგი გზების, უნიკალური განმუხურის პლიაჟისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ლამაზი დაგრეხილი შენობის გამო , ხოლო თუ ოპოზიციას დავუჯერებთ – დასავლეთში ნაციონალების მსგავს პოლიტიკოსებს და განსაკუთრებით სააკაშვილისნაირ პრეზიდენტებს ადგილზე ისე ხვრეტენ ,
უკანასკნელი სურვილის შესახებაც კი არაფერს ეკითხებიან.

მე რა თქმა უნდა არ მყავს მხედველობაში ამ წერილის მკითხველთა უმეტესობა. მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება არ არის მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი ინტელექტუალები, რომლებმაც ყველაფერი უჩემოდაც კარგად და უკეთესად იციან. ქვეყანა სადაც ელემენტარული ცოდნა ელიტარული მონაპოვარია, ჩემთვის 21 საუკუნეში რაღაც შემთხვევითი გაუგებრობის წყალობით არის მოხვედრილი. სწორედ ასეთ "შემთხვევით" ქვეყნებს უწოდებენ მესამე ქვეყებს, სადაც პოლიტიკოსები ზუსტად ისეთივე კეთილი ტონით უყვებიან თავის მოსახლეობას რაღაც აბსტრაქტული, უტოპიური მსოფლიოს შესახებ, როგორც ჩვენთან, საქართველოში.

ქართული მედია, რომელსაც პირველ რიგში ევალება ადამიანები მსოფლიო კონტექსტში ჩართოს, რატომღაც ისე გაუბის საერთაშორისო თემატიკას როგორც უმანკო პატარა გოგონა ვულგარული მთვრალი მამაკაცების ბინძურ მზერას. ხშირად ვეჭვობ, რომ ბევრს თავად არ გააჩნიათ სათანადო კომპეტენცია, მსოფლიოს ნაწილად რომ საკმარისად იგრძნოს თავი, და მერე ეს გრძნობა საქართველოს ეგრეთწოდებულ ელიტარულ კი არა, მთელ მოსახლეობას გაუზიაროს.

საკმაოდ ვიცნობ საქართველოს მედიას იმისათვის, რომ ასეთი შეფასების უფლება მივცე თავს. მე არ მინახავს არც ერთი ტელე დებატი რომელიც უცხოეთში მიმდინარე ისეთ მოვლენას მიეძღვნებოდა, რომელიც ერთი შეხედვით არც ჩვენს პრეზიდენტის ყოფნა არ ყოფნასთან იქნებოდა პირდაპირ კავშირში და არც ჩვენს სეპარატისტულ რეგიონებთან თუ რუსეთთან. დაახლოვებით ისეთ დებატებსა და განხილვებს ვგულისხმობმ როგორიც დასვლურ არხებზე იმართებოდა საქართველო რუსეთის ომის დროს.

ჩვენ თითქმის არასოდეს. ადამიანისათვის ჩვეული იპოკრიტობითაც კი არ განვიცდით სხვის ტკივილს, რადგან ამის შესახებ არაფერი ვიცით. უფრო გასაგები რომ იყოს – სხვის პანაშვიდზე არ დავდივართ.

მიუხედავად ამისა, ხშირად ვსაყვედურობთ მსოფლიოს, რომ ჩვენს შესახებ ბევრი არაფერი იცის და არც აინტერესებს...ამასთან, არ გვინდა ვაღიაროთ, რომ თავად ძალიან ზედაპირული ცოდნა გვაქვს მსოფლიოს შესახებ, და არც ვცდილობთ მის გაღრმავებას. ვერ ვხვდებით, რომ პატარა ქვეყნის მოქალაქე უფრო მეტად უნდა ერკვეოდეს საერთაშორისო კონტექსტში რომელშიც ცხოვრობს ვიდრე ტექსასელი კოვბოი, რომელსაც კინო და ნაყინი ექსკლიუზიურად ამერიკული პროდუქტი გონია და ამით მის მარტივ ცხოვრებას არაფერი არც აკლდება და არც ემატება.

უნდა ერკვეოდეს, რადგან ცოდნას მისთვის, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, მართლაც ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს. ქართულ ენოვანი უცხოური რადიო " თავისუფლების" გარდა, საქართველოში ვერ ნახავთ ხარისიან ვერც დაწერილ , ვერც ტელე რაპოტაჟს უცხოეთის აქტუალობიდან – ყველაფერი ჯერ კიდევ შუასაუკუნეების მოხეტიალე სოვდაგრებისა და ვაჭრების ჩამოტანილ "ნიუსების " დონეზე ფუნქციონირებს: დასავლეთში მცხოვრებ ნებისმიერ ჩვენთაგანს შეუძლია საკუთარი ''კომპეტენტური''ფანტაზია სუფრაზე, სატელევიზიო სტუდიაში და საერთოდ სადაც გნებავთ, უპრობლემოდ გაასაღოს საერთაშორისო რეალობათ.
ასეთები, “ჩვენნაირები“ კი, საქართველოს დღეს ასეულ ათასობით ჰყავს: დასავლეთში რამოდენიმე წლის გატარება არ არის საკმარისი კომპეტენციის შესაძენად... არც ორ კვირანი სტაჟები ცნობილ ორგანიზაციებში.

ჩვენში განსაკუთრებით საქართველოს მოყვარული უცხოელები ფასობენ, რომელთა კომპეტენტურობა "ბიბლიურ პირველ სიტყვასთან" არის გაიგივებული. ქართული მედია კი, რომლის პირდაპირი მოვალეობაც ამ ზედაპირულ ზეპირსიტყვიერების ფაქტებითა და ანალიზით ჩანაცვლებაა, თავად არის აბსოლიუტურად აცდნილი იმ რეალობას რომელსაც აღწერს. ამიტომ მათი იშვიათი აუდიო– ვიდეო , თუ წერითი უცხოური რეპორტაჟების ყურებისას თუ კითხვისას, მე პირადად ისეთი გრძნობა მიჩნდება, თითქოს დასავლეთი და საქართველო ერთ პლანეტაზე, მაგრამ სხვადასხვა პარალელურ რეალობებში ცხოვრობენ.
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა პირდაპირ აისახება საზოგადოების მოქალაქეობრივი შეგნების ხარისხზე , რომლელიც შესაბამისად ძალიან დაბალია, და ეს მისი პროტესტის გამოხატვის უცნაურ ფორმებში, სპონტანურობასა და არამეთოდურობაში აისახება. ყოველივე ამაზე, პასუხისმგებელი არ შეიძლება მხოლოდ ხელისუფლება იყოს – პირიქით, ის მხოლოდ საზოგადოების მოქალაქეობრივად განუვითარებლობის მომხმარებელია: არაფერი ისეთი საშიში არ არის , გარდაქმნისა თუ სახელმწიფოს უხარისხო მშენებლობის პროცესში მყოფი ნებისმიერი ხელისუფლებისათვის, როგორც პოლიტიკურად კარგად გათვითცნობიერებული საზოგადოება. ამიტომ დღევანდელი სამწუხარო დაბალი დონის სტატუს კვო პირველ რიგში სწორედ ჩიხში შესულ ხელისუფლებას აძლევს ხელს. მიუხედავად ამისა, დიდი შეცდომა იქნება, პასუხისმგებლობა მხოლოდ მას დაეკისროს. სახელისუფლებო ელიტის მიერ ერთგულების ნიშნით დანიშნულ კადრი და სამი ყველაზე დიდი სატელებიზიო არხის კონტრლის მცდელობა არ შეიძლება გადავაქციოთ აბსოლიუტური მიზეზად საზოგადოების პოლიტიკური გულუბრყვილობისა. ჩემი აზრით, უპასუხისმგებლო და არაპროფესიონალ მედიას გაცილებით დიდი უარყოფითი როლი აქვს ნათამაშები ქართული საზოგადოების პოლიტიკურ უწიფრობაში ვიდრე ამა თუ იმ ხელისუფლებას.

არც ერთი ეგრეთ წოდებული ოპოზიციური არხი არ წარმოადგენს ინფორმაციის მიღების ალტერნატიულ წყაროს. მათი ჟურნალისტების ინტერესის სფეროები ისევე არ სცილდება ლოკალურ აქტუალობას როგორც ყველა დანარჩენის.

ქართულ მედიაში არ იგრძნობა ის სოლიდარობა, რომელიც წესით ჟურნალისტებს აერთიანებთ ხოლმე მათი პოლიტიკური მრწამსისა და იმის და მიუხედავად, მარჯვენა პრესას ემსახურებიან, მარცხენას, კერძო, თუ საზოგადოებრივ ტვ– ის. მე სწორედ მათ დავაკისრებდი ქართული საზოგადოების გათიშულობის ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას , რადგან სწორედ მათ ფართო პლანს ვუყურებთ ყველაზე ხშირად, სწორედ ჟურნალისტები არიან ყოველ დღიური აქტიური გამტარები, შეამავლები საზოგადოებასა და პოლიტიკას შორის. სწორედ ისინი არიან ის მეოთხე ძალაუფლება, რომლის შეხსენებაც ასე უყვართ თავადვე საკუთარი მნიშვნელობის ხაზგასასმელად, თუმცა იშვიათად მინახავს ამ ყბადაღებული მეოთხე ხელისუფლების, ანუ საკუთარ პასუხისმგებლობაზე ელაპარაკოთ. რამდენადაც ვიცი, სწორედ ამ დღეებში შეხვედრები გაიმართა ჟურნალისტული ეთიკის კოდექსის მისაღებად. მაგრამ ამ შეხვედრების შესახებ რაიმე ცნობების მოპოვება არც ისე ადვილია: რაც მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ჟურნალისტთა დიდ ნაწილს ეს თემა რბილად რომ ვთქვათ არც თუ ძალიან აღელვებს. არაეთიკურობა ხომ დაუძაბავი შრომის შედეგად აბსოლიუტურად უგნური რეპორტაჟების გამოცხობის საშუალება, პურია, მათი არსობისა.

მაგალითად, ქართული რეპორტაჟები დასავლეთიდან, მიუხედავად იმისა თუ რომელი არხი ან გაზეთი აკეთებს, თბილისური ავტობუსებივით უსიცოცხლო, მკვდარი ყვითელი ფერისაა. მათი ინტერესების დიაპაზონი ამოიწურება ამა თუ იმ ქვეყნის მოდების, კინოს, ფეხბურთის ვარსკვლავების შესახებ ახალი ამბებითმ ოსკარების გადაცემით, სტიქიური უბედურიბებით...უკეთეს შემთხვევაში საქართველოზე ნათქვამი რამოდენიმე წინადადებით ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში. აგრეთვე ჩვენს ხელისუფლების წარმომადგენლების უცხოური ვიზიტების დეტალური აღწრით.ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს თუ პეტრე ცისკარიშვილი, დავით ბაქრაძე და გოკა გაბაშვილი არ ჩავიდნენ , ისე საინტერესო არსად არაფერი ხდება მსოფლიოში.
თუ ქართულ ენოვან და დასავლურ რადიო "თავისუფლებას" არ ჩავთვლით, ეს დარგი ქართულ ჟურნალისტიკაში ფაქტიურად არ არსებობს.

მე არ მინახავს არც ერთი რეპორტაჟი სოციალური, ან ისტორიული თემატიკით. ან თუნდაც პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური მოვლენის ღრმა ანალიზის მცდელობით. არა მგონია ამ მოსაბეზრებელ ზედაპირულობას მათ ვინმე "ზევიდან"ავალებდეს, როდესაც ამ ყვითელ რეპორტაჟებს უყურებ და მათ მიერ შეთხზულ OF –ს უსმენ, ძნელი არ არის მიხვდე, რომ ეს უბადრუკი რეპორტაჟი მხოლოდ მათი კომპეტენციისა და პირადი გაბედულების ზღვარია და არა ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან.

კიდევ ერთი პატარა მაგალითი: ორი კვირის წინ ჟაკ შირაკს იმუნიტეტი მოუხსნეს და მასზე საქმე აღიძრა– პარიზის მერობის დროს თავისი თანაპარტიელი თანამებრძოლების მკვდარ სულებად გაფორმებაში ბრალდებით. ეს თემა, ქართველი პრეზიდენტების დიაბოლოზაციის, ქართულ ანგაჟირებული პროკურატურასა და სასამართლოზე გაუთავებელი ლაპარაკის პირობებში, თითქოს პარალელების გასავლებად მაინც, ალბათ აქტუალური უნდა გამხდარიყო ქართული მედიისათვის, თუმცა ეს საქმეც მისი ინტერესს მიღმა დარჩა, ისევე, როგორც უამრავი სხვა, ქართველი მკითხველისა და ტელემაყურებლის ინტერესების სფეროს გასაფართოებლად აუცილებელი უამრავი თემა, რომელიც მას დასავლელ მედია მომხმარებელთან ინტერესების გაზიარებით ბევრად უფრო დააახლოვებდა, ვიდრე ენდი გარსიასათვის დადგმული ცირკი რუსთაველის გამზირზე.

ხუთდღიანი ომიდან წელიწდზე მეტი გავიდა. არც ერთ ქართულ ტელე არხს, რც ერთ ქართულ პროდუქციას არ გაუკეთება დოკუმენტური ფილმი ამ ომის შესახებ. . არც ერთ ქართველ ავტორს არ დაუწერია დამოუკიდებელი დოკუმენტალური კვლევა ამ თემაზე და არ გამოუცია წიგნად... ჩვენ მხოლოდ უცხოურ პროდუქციებს შევყურებთ ხელებში. და " ევრო კავშირის მორალური და ფინანსური ''მხარდაჭერის" გარეშე საკუთარ "მიცვალებულის გაპატიოსნებას არც კი ვცდილობთ – გახრწნამდე ვინახავთ ევროპელი ექსპერტი–მესაფლავეების ჩამოსვლამდე.

ეს ფაქტი ჩემი აზრით ერთ ერთი განსაკუთრებულად ნიშანდობრივი მაგალითია, რომელის გამოც ჩვენ არა მარტო ეკონომიური და სამხედრო სისუსტის მიზეზით, არამედ ინტერესების კატეგორიითაც, შემოქმედებითი სწრაფვითაც მესამე ქვეყნების რიგს განვეკუთვნებით: ვინ აღარ გადაიღო დოკუმენტური ფილმი ჩვენი ტრაგედიის შესახებ... რუსებმაც კი. ყოველ ასეთ ფილმის გამოჩენაზე წერაკითხვის უცოდინარი ველურებივით ვხარობთ, რომ მსოფლიო ჩვენს შესახებ სიმართლეს სხვისი საშუალებით შეიტყობს და დარწმუნებულნი ვართ რომ სხვისი სიმართლე უფრო დამაჯერებელია ვიდრე ჩვენი საკუთარი. რა არის ეს ? ტოტალური შიდა უნდობლობა, თუ ჩვენი ნაციონალური სიბრიყვის ახალი ფორმით გამოვლინება?

უცხოელ ავტორებს მოჭარბებული ათრთოლებული მადლიერებით ვხვდებით, მათ სახელებს ქუჩებს ვარქმევთ, ორდერებს ვკიდებთ, ჩვენს ბავშვებს ერთად სამახსოვრო ფოტოებს ვუღებთ ... მათი ქართველი კოლეგები კი ენდი გარსიას დასდევენ პაპარაცული კადრების გადასაღებად. კადრების, რომელიც არავის სჭირდება.

კითხეთ ნებისიერ ნორმალურ უცხოელს, მათ შორის პირველ რიგში რუსს : რა უფრო აინტერესებს ქართული წარმოების ფილმი ქართული რეალობის შესახებ, თუ ფრანგულ–გერმანული არტეს წარმოების, და რაოდენ კურიოზულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, აღმოაჩენთ, რომ ქართული ბევრად უფრო მიმზიდველი აღმოჩნდება, რადგან ამ ომიდან თოთხმეტი თვის თავზე, კონფლიქტის ქართული ვერსია, მხოლოდ ჩვენი ინგლისურენოვანი პოლიტიკური "ელიტის" ინტერვიუების ემოციურ საგანს წარმოადგენს. ქართველი საზოგადოების აზრი, მისი ვერსია, კი, დანახული საკუთარი ამ ომის უშუალო მონაწილეს თვალით– დღემდე უცნობია, თითქოს ის არც არსებობს.
დავანებოთ თავი უცხოელ მაყურებელს, რომელსაც თუ საქართველო თავად არ შესთავაზებს ასეთ ფილმს, გარწმუნებთ არასოდეს გაახსენდება არა მარტო ჩვენი აზრი, არამედ საერთოდ ეს ომიც... ომით ვის გააკვირვებ დღეს, თანაც ასეთი "მოკლემეტრაჟიანით".

დავუბრუნდეთ ისევ შიდა "ინტელექტუალურ ბაზარს" : შესთავაზა თუ არა ვინმემ პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობას მათთვის გასგებ ენაზე, გასაგები ფორმით გაკეთებული ამ კონფლიქტის მთლიანი დამოუკიდებელი ანალიზი? რა თქმა უნდა არა! ეს ომი საშუალო ქართველის შემეცნებაშიც სატელევიზიო დებატებისა და პრეზიდენტის პათეტიური განცხადებების სიუჟეტად რჩება მთელი ამ ხნის მანძილზე. აგრეთვე, რაოდენ "ცინიკურადაც" არ უნდა ჟღერდეს– საშუალებათ, რომ მსოფლიომ "გაგვიცნოს" და ჩვენზე ილაპარაკოს: ყოველ შემთხვევაში ამ სამწუხარო "პოპულიარობით" არაერთხელ უტრაბახია საქართველოს ხელისუფლებას.
იგივე შეიძლება ითქვას წერით მედიაზე, რომელთა ნაწილი , ჩემი აზრით, ბევრად უფრო კომპეტენტურია, ვიდრე მათი ტელე კოლეგები: საქართველოში გაცილებით უკეთ წერენ ვიდრე იღებენ. თუმცა რეალობის ჰორიზონტის გაშლას ვერც ერთი ქართული გამოცემა ვერ ახერხებს. ჩემი ვარაუდით, იმიტომ, რომ ისინი საერთაშორისო ახალი ამბების დიდი სპექტრიდან არჩევანს ვერაფრით ვერ აკეთებენ: ვერ ხვდებიან, რომელი დასავლური პრობლემა შეიძლება აღმოჩნდეს პერსპექტივაში გადამკვეთ ხაზზე– ქართულ პრობლემებთან, რომ ის გააშუქონ , ანალიზი გაუკეთონ და მკითხველამდე თუ მაყურებლამდე გასაგები ენით მიიტანონ.

იარაღით ვაჭრობის თემა ამ წერილში, მხოლოდ ერთ ერთია მაგალითია, იმ მნიშვნელოვანი თემებიდან, რომლებიც ქართველ ჟურნალისტებს უმნიშვნელო წვრილმანამდე უნდა აინტრესებდათ, და რომლის მიმართ დაინტერესება ფაქტიურად ნულია. ევროსატორისა და იარაღით ვაჭრობის შესახებ სტატია სათაურით "POP ARME ანუ კალაშნიკოვის სევდა" 2002 წელს მაშინ ახლად შექმნილ გაზეთ 24 საათსაც შევთავაზე. სტატიას ერთვოდა მიხეილ კალაშნიკოვთან ჩემი ექსკლიუზიური ინტერვიუ, რომელიც თბილისში ჩამოსვლამდე სულ ერთი კვირით ადრე ჩამოვართვი სწორედ ევრო სატორის სალონზე. იქ რუსი იარაღის ოსტატი ნამდვილი ჰოლივუდის ვარსკვლავის რანგში იყო მიწვეული. არ დაინტერესდნენ. ჩავთვალოთ რომ ცუდი სტატია იყო. (ამ ინტერვიუს ნაწილს ქვემოთ, ამ წერილის ბოლოს შემოგთავაზებთ)

ჩემთვის სამუდამო ენიგმად რჩება ქართული მედიის, და მისგან გამომდინარე საზოგადოების ინტერესების სფეროები. დროის ნებისმიერ მონაკვეთში, როდესაც ქართულ მედია–აქტუალობას თვალს გადაავლებ, ხვდები, რომ ამ ქვეყანასა და დასავლეთს შორის საერთო შეხების წერტილები კატასტროფულად მცირდება. თუმცა გვარწმუნებენ, რომ პირიქით პოლიტიკურად, ეკონომიურად და განსაკუთრებით კულტურულად დღითიდღე მტკიცედ ვუახლოვდებით ამ კარჩაკეტილ, არც თუ სტუმართმოყვარე "ევროპულ ბურჟუაზიულ ოჯახს".


III
ფრონტის წინა ხაზზე

რამოდენიმე კვირის წინ საფრანგეთში საქართველოს საელჩოში კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ, პარიზში ეგრეთ წოდებულ კულტურის სფეროში მოღვაწთა ნაწილთან რიგით მეორე შეხვედრა გამართა . პირველი ასეთი შეხვედრა მისი დანიშვნიდან ერთ თვეში შედგა.
მინისტრმა ამჯერადაც გაგვაცნო და გაგვახარა კულტურისა და სპორტის დარგში მიღწეული მაღალი შედეგებით. განსაკუთრებით გამოყო ფოტო სააგენტო მაგნუმის მიერ გამოშვებული ფოტო ალბომი საქართველოს შესახებ, ასევე ქართული კინოს აღორძინება და გვამცნო, რომ დღე დღეზე ამერიკელი ცნობილი რეჟისორი იწყებდა ფილმის გადაღებას ჩვენი ომის შესახებ ენდი გარსიას მონაწილეობით.

როგორც მინისტრის ნახევარ საათიანი მოხსენებიდან მივხვდი, საქართველოში ნამდვილი კულტურული რენესანსია. ღმერთმანი! სიამოვნებით დავიჯერები სულ ერთი არგუმენტი მაინც რომ მომცეს ვინმემ საამისოდ.
მისი საქართველოში დაბრუნებიდან რამოდენიმე კვირის შემდეგ ტელევიზიით მართლაც ვიხილეთ საქართველოში კინოს "აღორძინების" გასაოცარი კადრები– თითქმის ყველა საინფორაციო არხით.
ის, რომ ასეთი გაუგონარი მასშტაბის, ასეთი ტოტალური პროვინციალიზმი მხოლოდ მოწყალე ღიმილს იწვევს დასავლელ ტელემაყურებელში ალბათ უჩემოდაც ნათელია. გასაოცარი ის არის, რომ ქართველი სახელმოხვეჭილი ტელე ჟურნალისტები დღემდე ამ ფილმის “მეიქინგ ოფ“ ის რეჟიმში ცხოვრომენ, უთავმოყვარეოდ დაძვრებიან თბილისის აეროპორტის ბუჩქებში და პაპარაცობანას თამაშობენ. ვიცი რომ ბევრს ეწყინება, მაგრამ ამ მასშტაბური მასობრივი გამოსულელების დასახასიათებლად ქართული ანდაზის, ''უნახავმა რა ნახაო''– ს მეტი არაფერი მახსენდება.... პრინციპში ნაწყენებს შეუძლიათ თავი დაიმშვიდონ, მეც "უნახავი" ვარ– ცოცხალი გარსია ჯერ არსად შემხვედრია. თუმცა ჩემს ამ ნაკლზე არასოდეს არ მიფიქრია.
სამწუხაროდ უნახავები არა მარტო ჟურნალისტები, არამედ თვით ძლევამოსილი უმრავლესობის ლიდერებიც აღმოჩნდენ, რომელთაგან ერთს, გიგი წერეთელს გაკვირვებული მსახიობის, დინ კეინისათვის პერანგის სახელოს სამაგრებიც კი უჩუქებია, და სავარაუდოდ ამ ''ქართული სახალხო დიპლომატიის" წყალობით “თითქმის დამეგობრებია“ კიდეც გადაღების დროს. გარდა ამისა, გარსიასთან მიახლოვება და ერთი ფოტოს გადაღებაც კი მოუხერხებია! ბოლოს კი დაღლილს, მაღალ საზოგადოებაში ტრიალის ასეთი მდიდარი გამოცდილების საფუძველზე კი იმედიც გამოთქვა "კვირის პალიტრის ჟურნალისტთან, რომ ფილმი ძალიან კარგი გამოვა და ამაში დარწმუნებულია… წარმოგიდგენიათ? სულ რაღაც წყვილი პერანგის სამაგრითა და გარსიასთან გვერდით ატუზული ერთი ფოტოთი ჰოლივუდის ჯეთ სეტში ''მოხვდა" და ინტერვიუსაც იძლევს ვარსკვლავების მძიმე "ცხოვრებისა" და მათი უბრალო და თავმდაბალი ხასიათის შესახებ... ღმერთო, კიდევ კარგი ამ კაცს თანამდებობა ზუსტად არ ვიცი... ისედაც ისეთი უაილდის შუშხუნასავით ღირსშესანიშნავად უჭირავს ამ ინტერვიუში თავი, რომ საკუთარი არარაობის შეგრძნებისაგან ნამდვილად ღრმა დეპრესიში ჩავარდებოდი.

კითხვაზე, მართლა დააფინანსა თუ არა სახელმწიფომ 40 მილიონი დოლარით ეს 100% იანი ჰოლივუდის პროდუქცია, არც თუ ისე შეცბუნებულს ეს თანხა ცორტა არ იყოს ებევრა, მაგრამ კერძო და სახელმწიფო ფინანსური მონაწილეობა რა თქმა უნდა გამართლებულად მიაჩნია..... ამ ინტერვიუს წაკითხვამდე, რამოდენიმე დღით ადრე შევიტყე მედიიდან, მათ შორის ევრონიუსიდან, რომ ჰოლივუდმა მართლაც მიიღო საქართველოსაგან "ჰუმანიტარული" ფინანსური დახმარება. ძალიან მაინტერესებდა, ატყდებოდა თუ არა ამის გარშემო სკანდალი. რა თქმა უნდა, ელემენტარული ლოგიკით– არა, მაგრამ მაინც მოცდა ვამჯობინე.

ნორმალური სიტუაციაში, მოსალოდნელი იქნებოდა, რომ თავად ქართველ "აღორძინებულ'' კინემატორაფისტებს, რომელთა უმეტესობას უკვე მეორე ათეული წელია კინოკამერა თვალით არ უნახავს, სერიოზული კითხვები, უფრო მეტიც– პროტესტის გრძნობა გაუჩნდებოდა ხელისუფლების მიმართ, ... 40 მილიონად საქართველოში 40 ფილმს მაინც გადაიღებდნენ და ამ 40 ფილმიდან დარწმუნებული ვარ სულ ცოტა 5 ს მაინც უფრო მეტი შანსი ექნებოდა კანის ფესტივალზე წარმატების, ვიდრე “კერკეტი კაკალის“ ავტორს. მე პირადად არ გამიგია, რომ კანის ფესტივალზე ასეთი ტიპის რეჟისორებს რაიმე წარმატება ჰქონდეთ.

ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს კერძო ინვესტიციებია: ვერაფრით დავიჯერებ, რომ ქართველი ანონიმი ბიზნესმენები, რომლებმაც კინობიზნესს რომ თავი დავანებოთ, ფილმის შინაარსის შესახებაც კი იმდენივე იციან, რამდენიც მე მათი ბნელი ბიზნესის შესახებ, ჰოლივუდმა, გასაგები ენით რომ ვთქვათ– წილში შეიყვანა, და ფილმის მოგების პროცენტს, რომელიც წესით არც თუ ისე მცირე უნდა იყოს (პროექტი კატასტროფული თუ არ გამოდგა), ჩვენს გამჭრიახ საქმოსნებს დაურიგებს. მათ მეცენატობას კი გადაჭრით ვერაფრით დავიჯერებ.. და მადლობა ღმერთს, თორემ მართლა უსინდისობა იქნებოდა მათი მხრიდან ამერიკელების ნებაყოფლობითი სპონსორობა, როდესაც ქართველ რეჟისორების უმეტესობას , გადასაღებ კი არა კინოში შესასვლელ რამოდენიმე ლარს არავინ აძლევს.
ყოველივე ამას დიდი ტყუილის უსიამოვნო სუნი ასდის.

ეს თემა ნებისმიერი ინვესტიგაციის ჟურნალისტისათვის ნაპოვნი ოქროს ტოლფასია... მხოლოდ საქართველოში ასეთი ჟურნალისტები არ აღმოჩნდნენ.
მსგავსი კითხვები არც მაგნუმის ფოტო ალბომის შესახებ გასჩენია არავის, ნორმალური რეცენზიაც კი არავის დწერილა წიგნის შესახებ, რომელიც სახელმწიფომ 100 % დააფინანსა , საავტორო უფლებები კი მთლიანად მაგნუმსა და მის 10 ფოტოგრაფს ეკუთვნის (ალბომის გასაყიდი ფასი საფრანგეთში 39 ევროა).
ალბომის გამოცემა რათქმა უნდა გაცილებით ნაკლები დაუჯდა საქართველოს ვიდრე სააკაშვილის სოზად ტრანსფორმირებული გარსიას კომიკური ორდღიანი გამოცხადება, სხვადასხვა მონაცემებით 500 ათასიდან 1 მილიონ ევრომდე. ზუსტი ციფრი არავინ იცის. მე მხოლოდ ის ვიცი დანამდვილებით წიგნის ერთ ერთი ავტორისაგან , რომ ამ პროექტში საქართველოს 100 % იანი ინვესტიციის მიუხედავად ერთი პროცენტიანი უფლებაც არ გააჩნია. მისი გამოცემის მიზანი სტრატგიულია: მსოფლიოს უთხრას სიმართლე საქართველოს შესახებ და მოიზიდოს ჩვენი გულშემატკივრები, ინვესტორები და ტურისტები... მოკლედ ის, რასაც პიარს ეძახიან, მხოლოდ უნდა გითხრათ, რომ ეს ალბომი აღიქმება როგორც მაგნუმის ფოტოგრაფთა საავტორო ნამუშევარი, რომელიც მათ ნებისმიერ ქვეყანაში შეეძლოთ გადაეღოთ და არა როგორც საქართველოს “რეკლამა« . ნამუშევართა ნაწილი მართლაც შესანიშნავია, ისევე, როგორც გამოცემის პოლიგრაფიული დონე, მაგრამ შიგ განსაკუთრებულად მიმზიდველი საქართველო და “სიმართლე ომის შესახებ“ მე ვერ დავინახე. სამაგიეროდ ჭარბი დოზით გვაქვს მიხეილ სააკაშვილისა ფოტოები : რაშიც გასაკვირი არაფერია: ჩვენს სუპერ პრეზიდენტთან საქართველოს იდენტიფიცირების გარეშე, ცხადია ამ ალბომს არავინ დააფინანსებდა.

განა გასაოცარი არ არის, ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვევით ცხოვრობს, და მათ შორის უამრავი არტისტი, ფოტოგრაფი, მწერალი, მუსიკოსი.. ჟურნალისტებს კითხვა არ უჩნდებოდეთ ასეთი დანახარჯების შესახებ?

შესაძლოა მე ვცდებოდე კიდეც, ისევე როგორც ყველა სხვა ვინც ჩემამდე ეს ამბები მოიტანა, მაგრამ მედიის საქმე ხომ სწორედ ეს არის, რომ ინფორმაცია, თუ საჭიროა ქვესკნელიდან ამოაძვრინოს და საკუთარ რეპორტაჟებში ეს უცნაური გამოთქმა, რომელსაც ასე ხშირად ვხვდებით ქართულ მედიაში: ''როგორც ამბობენ"– აღარ იხმაროს..

მე არანაირი საფუძველი არა მაქვს კატეგორიულად არ ვენდო იმ წყაროებს, საიდანაც ასეთ "ჭორებს" ვგებულობ : ქართული მედიის გარდა მე სხვა წყარო პრინციპში, არც გამაჩნია, სწორედ აქედან ვიგებ, უფო სწორად ვაკოწიწებ ამ სკანდალურ ამბებს... რომლებიც პრინციპში სკანდალური მხოლოდ ჩემთვის არის. მიუხედავად ამისა, რა უფლება მაქვს ქართული მედიის სრული იგნორირების, მით უმეტეს, რომ მედია საშუალებებს შორის შორის განსაკუთრებულ განსხვავებებს ვერ ვხედავ, და ვცდილობ შეძლებისდაგვარად ყველა სერიოზულად აღვქვა, ყოველგვარი მედია– სნობიზმის გარეშე.

მიუხედავად ამისა, მაინც ძნელია მედიაზე დაყრდნობით რაიმეზე დაბეჯითებით ლაპარაკი: საქართველოში მკვეთრად გამოკვეთილი სერიოზული არც გაზეთი არსებობს და არც რადიო–ტელევიზია. მათი ინტერესის სფეროები მართლაც ძალიან ლიმიტრებულია, ინფორმაცია ხშირად აბსოლიუტურად გაუგებარ კონტექსშია წარმოდგენილი, აქცენტები გასაოცარი კრიტერიუმებით არის დასმული.

ჟურნალისტები მიუხედავად თითქმის დისიდენტური შემართებისა, სწორედ პოლიტიკოსების თამაშს თამაშობენ: საქართველო საკუთარ პოლიტიკური «ნიუსების « ქარბორბალაში ტრიალებს თავბრუ დამხვევი სისწრაფით დ ვერ ასწრებს დაინახოს რა ხედება მის გარშემო.
ხელისუფლებისათვის და მისი ოპოზიციისთვისაც, ცხადია ასეთი ამომრჩეველი ხელსაყრელია: მათ ყოველთვის შეუძლიათ პირდაღებულ ამომრჩეველთან, მარტივად გაუსვან ხაზი საკუთარ უნიკალურობასა, ცოდნას, კომპეტენციას... შესადარებელი სანდო ალტერნატივა თითქმის არ არსებობს. ნებისმიერს შეუძლია საკუთარი გამოგონილი პრიმიტიული ''კონცეფცია" – “ცივილიზებულ ქვეყნებში მიღებულ და დანერგილ მეთოდად გაასაღოს’’ და თან საკუთარი უცხოელი ექსპერტი– “ჟიგოლოები“ დაიმოწმოს.
ეს გასულ საუკუნეში კარგად გამოცდილი აპრობირებული მეთოდია : ფორმატირბულ ტვინიანი და უნიფორმირებული 5 მილიონიანი მოსახლეობა ბევრად უფრო ადვილი სამართავია, ვიდრე საკუთარი თავისუფალი აზრის მქონე იგივე რაოდენობის სხვადასხვა ფერად ჩაცმული ადამიანი. ამის ყველაზე მომხიბლავი მაგალითია მაოს და ბეღურების ცნობილი ისტორიაა: ჩინელი ერის თავმჯდომარემ ერთ მშვენიერ დღეს ღმოაჩინა, რომ ბეღურები


პარაზიტები არიან – მშრომელი ჩინელი ხალხის მიერ მძიმე შრომის შედეგად მოყვანილ ბრინჯს თავხედურად კენკავენ. ამიტომ თავმჯდომარემ თავის მილიარდიან მოსახლეობას საბრალო ბეღურების მასიური გაჟლეტისაკენ მოუწოდა: არც ერთი ბეღურა სოციალისტური ჩინეთის ცაზე!
.,საერთოდ თავმჯდომარე მაო ჩვენი სუპერ პრეზიდენტისა არ იყოს, დიდად მოყვარული გახლდათ კოლექტიური და ჭკუის სასწავლებელი სახალხო ეგზიბისიონიზმისა: მარტო მისი საყოველთაო კოლექტიური «ცურვა« რად ღირს.



ნიკა რურუამ კულტურის მინისტრად დანიშვნის პირველივე დღეს განაცხადა, რომ საქართვლოში ფრონტის ხაზი კულტურაზე გადის. მისი ეს სლოგანი მაშინ შეგვეძლო ორნაირად გაგვეგო: პირველ მარტივ ხარისხში, როგორც გასული საუკუნის წითელი ეპოქის კულტურის ნარკომის მრისხანე ლოზუნგი. უფრო მაღალ ხარისხში კი როგორც მინისტრის ნათქვამი, რომელიც პირველად საქართველოს ახალი ისტორიის მანძილზე მიხვდა კულტურის მნიშვნელობას.

ჩემი აზრით ქართული კულტურის პოლიტიკაში მკვეთრი ცვლილებების დაწყებიდან ერთი წლის თავზე ორივე ეს ხარისხი რეალობას შეესაბამება: ერთის მხრივ , პოლიციის მსგავსად , მოხდა კულტურის სფეროს საბოლოო პოლიტიზირება, ხოლო მეორეს მხრივ კულტურის სამინისტრო მართლაც, მინისტრთა კაბინეტის რაღაც პატარა მარგინალური დანამატიდან იმდენად მნიშვნელოვან უწყებად გადაიქცა, რომ მისი ხელმძღვანელი უშიშროების საბჭოს წევრიც კია, რაც ჩემი აზრით მართლაც უცნაური , ცოტა არ იყოს არატრადიციული ორიენტაციის პრეცედენტია.

შესაბამისად, კულტურის მნიშვნელობის კონტურები მართლაც გამოიკვეთა– ჯერ ნაზი აკვარელის ვარდისფერით, ხოლო შემდეგ – ნელ ნელა უფრო გამძაფრდა თამამად მოსმული, თითქმის წითელში გადასული ზეთის საღებავით .

დღეს კულტურის სფეროში არსებობს ყველაფერი, რაც ფრონტის ხაზს ახასიათებს: პატრიოტიზმი,პროპაგანდა, შანტაჟი და რეპრესიები. ოთხივე ფაქტორი ხელოვნებისათვის ნელი მოქმედების საწამლავია, რომელიც კრუნჩხვებით, წამებით სიკვდილით მთავრდება:
–არტისტი, პოეტი, მუსიკოსი...ზოგადად ხელოვანი გამუდმებულ სასტიკი ომის პროცესშია საკუთარ თავთან, ამასთან, ბრძოლის ველს ის თავად ირჩევს. მისთვის გარეშე მხრიდან ნებისმიერი პრეტექსტით ახალ ომში იძულებით ჩართვა მეორე ფრონტის გახსნას უდრის, რასაც ყველა ვერ უძლებს და შედეგად, ყველაზე მთავარი: ხელოვნება მარცხდება. კვდება.

მეორე ფრონტს მხოლოდ ისინი უძლებენ, ვისაც საკუთარი ომი არ გააჩნია, ვისაც სული არა აქვს დასერილი ამ ბრძოლაში მიღებული ათასი შეუხორცებელი ჭრილობით. ესეთები მხოლოდ ჯარისკაცები არიან და არა პოეტები.
როდესაც საკუთარ არჩეულ "ომში" ვლადიმერ მაიაკოვსკის პარტიამ მეორე ფრონტი გაუხსნა, 1925 წელს დაწერა "საბავშვო "ლექსი ЧТО ТАКОЕ, ХОРОШО. И ЧТО ТАКОЕ, ПЛОХО? -
ხუთი წლის შემდეგ კი თავი მოიკლა: შეგახსენებთ, მაიაკოვსკი კომუნისტური პარტიის წევრი არასოდეს ყოფილა. (მე პრეტენზიას არ ვაცხადებ დიდი პოეტის სიკვდილის მიზეზების ცოდნაზე, ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია)

" სტრატეგიულ დარგად" გადაქცეული კულტურა– ეს ის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი თემაა, რომელიც ქართულ მედიას სამწუხარო ტრადიციულობით ყველაზე ნაკლებად აინტერესებს. ხელისუფლებისაგან განსხვავებით კულტურის დიდ მნიშვნელობას ის ჯერ კიდევ ვერ ხვდება.
მას მხოლოდ ამ "სტრატგიული დარგის'' ერთად ერთი სფერო– რეპრესიები იზიდავს, ისიც თავისი სკანდალური დრამატულობის სიმძაფრის ხარისხის მიხედვით და არა მისი არსის გამო. "რეპრესირებულებს" ცნობადობის მიხედვით სამოწყალოდ უთმობს მცირე ყურადღებას: პაატა ბურჭულაძე, ქეთი დოლიძე, ზაზა აზმაიფარაშვილი.. მე არ წამიკითხავს არც ერთი მეტნაკლებად ნაფიქრი ტექსტი იმის შესახებ, თუ როგორ ხდება, რომ მომღერალს სიმღერის გამო მოღალატედ აცხადებენ, ამავე მომღერლის კონცერტის დირიჟორობის გამო დირიჟორს სამსახურიდან ითხოვენ, ასევე ცოტა ხნით ადრე, თეატრის დირექტორს, იმის გამო, რომ ფესტივალს ბოიკოტს უცხადებს სასწრაფოთ ათავისუფლებენ სამსახურიდან.

ეს ყველაფერი სხვა თეატრის დირექტორებისათვის, მუსიკოსებისა და არტისტებისათვის სხვა არაფერია თუ არა რეპრესიების მაგალითი, შანტაჟი, სწორედ ისეთი , რომელიც ჩემს თაობის წითელი კოშმარია. ერთად ერთი წერილი სადაც ეს თემა განიხილებოდა, რადიო თავისუფლების ბლოგზე, ია ანთაძის ''პასტორის გაკვეთილი" იყო... წერილი ბევრს მოეწონა, თუმცა მალე დაივიწყეს..

ამ თემას სოციალური კუთხით თუ შევხედავთ, ის კიდევ უფრო საინტერესო სახეს იღებს: მე პირადად საბოლოოდ გამიქარწყლდა ეჭვები საქართველოში მოქმედი შრომის კანონის უსუსურობის შესახებ, რომელზეც რამოდენიმე წლის წინ სააკაშვილი ამბობდა, რომ ის ევროპაში ყველაზე ''მაგარი''და ლიბერალურია.
მე მაშინ, რა თქმა უნდა, მისი ერთი სიტყვაც კი არ დავიჯერე. დღეს კი უნდა ვაღიარო– საქართველოს შრომის კანონი მართლაც საოცრად "ლიბერლურია" შრომის დამკვეთისათვის: რა წუთშიც სურს იმ წუთში გადააწნავს მაგრად მათრახს ხელქვეითს და სამსახურიდან გააგდებს! ისე რომ არც ახსნა განმარტებას მისცემს, არც დროს სხვა სამსახურის საშოვნელად, მით უმეტეს ფინანსურ დახმარებას... უბრალოდ გადააწნავს მათრახს, გააგდებს და მორჩა, დაივიწყებს... და რაოდენ მწარე მოსასმენიც არ უნდა იყოს – ახიც იქნება გაგდებულზე: სანამ საკუთარი უფლებების დაცვასა და სოლიდარობას არ ისწავლიან ქართველები, მანამდე იცხოვრებენ ბატონყმური – ხელის მოჯამაგირის "შრომის უფლებებით".

ქართული თეატრალური საზოგადოების ნაწილისათვის, ვგონებ ნაცნობი უნდა იყოს პარიზის გარეუბანში ,,სადგურის თეატრის'' სახელი, აქ რამოდენიმე მოკლე ქართული პიესა დაიდგა, 90 იან წლებში თეატრმა მონაწილეობა მიიღო ბაქო–თბილისი–პარიზის თეატრალური ქარავანში . ამ თეატრის მთავარი ლოზუნგი, სლოგანი, რომელსაც ის ყველა თავის აფიშას, ბილეთს, რეკლამას აწერს არის " ჩვენ არ წავალთ ავინიონში"!ავინიონში კი მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თეატრალური ფესტივალი იმართება ყოველ წელს. გარწმუნებთ ამის გულისათვის ამ თეატრის დირექტორი, რომ ქალაქ ავინიონის ან საკუთარმა მერიამ, და მით უმეტეს კულტურის სამინისტრომ , ანტისახელმწიფეობრიობის ბრალდებით სამსახურიდან დაითხოვოს, მისდამი სოლიდარობის ნიშნად ავინიონში ბევრი
სადგურის თეატის აფიშა

ისეთი თეატრალური დასიც არ წავა, რომელსაც ამ პატარა თეატრის
არსებობის შესახებ დღემდე არაფერი სმენია.
კიდევ უარესი მოხდებოდა ოპერა გარნიეს სამხატვრო ხელმძღვანელი რომ მოეხსნათ სამსახურიდან რომელიმე ისეთი მომღერალთან ორკესტრის დირიჟორობისათვის, რომელიც კულტურის მინისტრს, ფედერიკ მიტერანს, ან თუდაც ნიკოლა სარკოზის თვალში არ მოსდის, და რესპუბლიკის მოღალატედ მიაჩნია.

მინისტრის ტელე სამხედრო–კულტურული პატაკიდან ერთი წლის თავზე, უნდა ვაღიაროთ, რომ ქართული კულტურა მართლაც კამუფლიაჟირებულ სამხედრო სტრატეგიულ ობიექტდ იქცა, კულტურის დარგში მომუშავენი კი ჯარსკაცებად, ზურგში მომუშავე პერსონალად, პროპაგანდისტებაბად, ჯაშუშებად, მოღალატეებად და გმირებად. თავად კულტურის კომისარიატად ტრანსფორმირებული სამინისტროც, თავის ფუნქციებს სამხედრო ხეპრეული სიზუსტით ასრულებს: განსაკუთრებით სიამოვნებას მოღალატეების გამოაშკარავება და სამარცხვინო ბოძზე მათი გაკვრა ანიჭებს.

საბოლოო ეჭვები კულტურის სფეროს გასამხედროების შესახებ თავად პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაფანტა 6 ნოემბერს უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას, როდესაც მან ახალი კულტურულ საგანმანათლებლო ხაკისფერი დოქტრინა შემოგვთავაზა:
”სამხედრო-პატრიოტული აღზრდა” არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იმ ”ორი მთავარი ქვაკუთხედისა, ორი სამკუთხედისა, რომელზეც დგას თანამედროვე საქართველო,”
ამ გასაოცარი სამხედრო უბრალოებით შედგენილი ქვაკუთხედების გეომეტრიული დოქტრინის "ფილოსოფიურმა" აზრმა საბოლოოდ განსაზღვრა საქართველოს ტყავის ლაბადაში გამოწკეპილი "მაუზერიანი" კულტურული მომავალი და პირადად ჩემი დამოკიდებულება ამ უგუნურების მიმართ: იძულებული ვარ ვაღიარო, რომ მე ამ დოქტრინის კულტურული ოპოზიცია ვარ და ყოველთვის ასეთად დავრჩები. თუმცა გულწრფელად ვწუხვარ მის გამო, რადგან ოპოზიციონერობა არანაირი ფორმით არ არის ჩემი გატაცების საგანი.
მე არ ვიცი რომელ "ბრძენ" ევროპელ მრჩეველთან ან ადგილობრივ “ლიბერალ“ იდეოლოგთან განიხილა და გადაწყვიტა პრეზიდენტმა კულტურისა და განათლების სფეროში ფაქტიურად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება: სამაგიეროდ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს პრეზიდენტისათვის დამახასიათებელი სპონტანური ნათქვამი არ იყო.
გამოთქმა: სამხედრო–პატრიოტული აღზრდა უსიმოვნო,მეტიც თითქმის შიშის ჟრუანტელს იწვევს თავისი საბჭოთა ჩრდილოური ცივი ნიავის შეგრძნებით. მართალია საბჭოთა ერთპარტიული სისტემიდან თითქმის უპარტიო სისტემა მივიღეთ (ძნელია ჩვენში გავრცელებულ პოლიტიკის მოყვარულთა უიდეოლოგიო "კრუჟოკებს"პარტიები დავარქვათ), მაგრამ როგორც ჩანს, სამშობლოს პატრიოტული სამხედო ძახილი სულაც არ საჭიროებს განსაკუთრებული იდეოლოგიის არსებობას. აქვე, სამართლიანობისათვის საჭიროა პატივი მიეგოს პრეზიდენტის სიმამაცეს: საბჭოთა უახლესი წარსულის მქონე ქვეყანაში ასეთ დოქტრინაზე ლაპარაკს ან ძალიან დიდი გამბედაობა სჭირდება, ან...
ევროპელებში ასეთი აღმზრდელობითი და კულტურული მგზნებარე პერსპექტვა კიდევ უფრო უსიამოვნო– ან ყავისფერ მუნდირიან მოგონებებს გააღვიძებდა, ან ზემოთ ნახსენებ მაოს ცურვის გაკვეთილებსა და ბეღურებზე ნადირობას– "დიად ჩინურ კულტურულ რევოლიუციას".
რაც შეეხება ჩვენს გზასაცდენილ აფხაზ და ოს “დებსა და ძმებს,” ცხადია, ასეთი "ბრძნული" ხაკისფერი კონცეფტუალური შეგონებები მათ კიდევ უფრო მეტად დააფიქრებს – "კომპიუტერულ" საჯარისო ნაწილებში მომსახურე ჩვენს პატრიოტ ინგლისურად მოსაუბრე შთამომავლობასთან სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივაზე; თანაც , რა დასამალია:
სააკაშვილის "კულტურულ–საგანმანათლებლო დოქტრინის" იდენტური ბრწყინვალე იდეების ნაკლებობას არც კოკოითი განიცდის, და არც ბაღაბში, თანაც ამისათვის მათ არც კოლუმბიის უნივერსიტეტში მოუკლავთ თავი მეცადინეობით და არც "გმოჩენილი" ევროპელი მემარცხენე რვოლიუციონერი მრჩეველების აზრი გაუთვალისწინებიათ: მათ სულ რამოდენიმე ტვინგაყინული რუსი გენრალი ასწავლის ჭკუას, რომლებიც თავად მსგავს დოქტრინებზე გაიზარდნენ. მათემატიკა, ენა, კომპიუტერი, და სამხედრო პტრიოტიზმი! მარში ბატონებო! როგორც ჩანს რაღაც იდეები მაინც აქვთ საერთო მთავადსარდალ სააკაშვილსა და პოლკოვნიკ ვლადიმერ პუტინს!

სტენლი კუბრიკის მიხედვით.- You Tube
მინისტრ რურუას მიერ გახსნილი მეორე ფრონტი, სწორედ პრეზიდენტის საგანმანათლებლო დოქტრინის მნიშვნელოვანი შემადგენლი ნაწილია. ეს ფრონტი ისედაც აგონიაში მყოფ ქართულ კულტურას უმძიმეს დარტყმას მიაყნებს. ჩვენ რამოდენიმე წელიწადში ნოუთბუკებით შეიარაღებულ არმიას, გამოთაყვანებულ პატრიოტთა თაობას მივიღებთ.
ქუჩაში უფასო ყვითელ მიკროფონებს დავაყენებთ საეჭვო მოქალაქეების შესახებ პოლიციისათვის ცნობების დაუყოვნებლივ მიწოდების მიზნით, ამას მოქალაქეობრივ შეგნებას დავარქმევთ, არც თუ შორეულ მომავალში კი შეიძლება კომპაქტური და კოხტა


ყვითელი მუნიციპალური რომანტიული სახრჩობელებიც კი აღვმართოთ რევოლიუციის მონაპოვარის მოღალატეების საჯაროდ დასასჯელად…

ბრიყვულ პატრიოტიზმსა და ნეონაცისტურ იდეებს შორის სულ ერთი ნაბიჯია. ჩვენ რატომაც გვგონია, რომ "ყავისფერი ვირუსი" საქართველოში ვერ შემოაღწევს... რუსებსაც ასე ეგონათ.
საქართველო დღეს ისევე ავად არის "ყავისფერი ცხელებით" როგორც რუსეთი, 90 იან წლებში. სასულიერო და საერო იერარქიის ფლირტი, ერთის მხრივ რელიგიური , მეორეს მხრივ კი პოლიტიკური ექსტრემიზმი, რომელიც ხშირად მხოლოდ პირველთა გულის მოსაგები კორუმპირებული აქტია, პოლიტიკური მორალის იმუნიტეტის ნარჩენებს ძალიან სწრაფად, შიდსის ვირუსივით გაანადგურებს, და მერე თავგადაპარული დაკუნთული ქართველი იდიოტების ატანა ისევე მოგვიწევს როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ღვთის რჩეულ პატრიოტებით სავსე ქვეყნებს. მხოლოდ, რომ რუსეთისა და უკრაინისაგან განსხვავებით, ნეონაცისტური პანდემია საქართველოს ძალიან სწრაფად მოუღებს ბოლოს.

ქართველი ჟურნალისტებისათვის და ინტელექტუალებისათვის, მრავალრიცხოვანი ''ექსპერტებისატვის"არც ეს თემაა აქტუალური, ან თუ გნებავთ საკმარისად აქტუალური.
ქართველები ჯერ კიდევ უნიკალური ქვიშის ციხე სიმაგრეებს ვაშენებთ პატარა წითელი პლასტმასის ნიჩბებით განმუხურის პლიაჟზე , ჩვენი პრეზიდენტის არქიტექტურით რა თქმა უნდა, და ვცდილობთ საკუთარ ქვიშის მონუმენტთან ფოტოს გადაღება მოვასწროთ , პირველივე მეტნაკლებად ძლიერი ტალღის მოვარდნამდე.


IV
ნადიმი შავი ჭირის ჟამს.

თემებს, მათი გაშუქების, ანალიზის მცდელობის მეთოდებს, რომლებსაც ამ ბოლო პერიოდში რაღაც აღტკინებული თუ ისტერიული ინტენსიობით აშუქებდა ქართული მედია, ჩემი აზრით ძალიან ცოტა საერთო გააჩნია იმ რეალურ პრობლემებთან, რომლებიც ქართულ საზოგადოებას დანარჩენ მსოფლიოსთან ინტელექტუალური ინტეგრაციის საშუალებას არ აძლევს. ენთუზიაზმი, რომლითაც ქართველი ჟურნალისტები რამოდენიმე პრიმიტიულ სკანდალს აშუქებდნენ, თავისი ინფანტილური გულუბრყვილობით, მხოლოდ სევდის მომგვრელია.
ვერ ვიტყვი, რომ ქართველი ჟურნალისტების მიერ წამოწეული თემები აბსოლიუტურად ინტერესს მოკლებულნი იყვნენ თავიანთი სიმძაფრით, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ღირდა იმათ, რომ ყველაფერი დანარჩენი შთაენთქა.

რამოდენიმე კვირის წინ, ქართულმა მედიამ ფსევდოლიბერალიზმის ნეკნიდან საკუთარი სალმან რუშდი შექმნა. უამრავი სიუჟეტი, აურაცხელი წერილი , პეტიცია, ლანძღვა, ექზორსისტული სტატია– შელოცვები...

საქართველოს "ღვთისმოშიშმა" პროკურატურამ საქმე აღძრა ვინმე მამა ბუასილის წინააღმდეგ, ამას ქართველ ლიბერალთა გააფთრებული საპროტსტო მოძრაობა მოჰყვა, მათი აზრით გამოხატვის თავისუფლების დასაცავად…
რელიგიისა და გამოხატვის თავისუფლების მარადიულ კონფლიქტში ყველაზე კარგად გარკვეულებმა 2005 წელს დანიაში გამოქვეყნებული მუჰამედის კარიკატურების სკანდალი გაიხსენეს… მხოლოდ დაავიწყდათ, რომ დანიურ კარიკატურებს თავისი რეალური ავტორები ჰყავდათ, რომელთა გაბედულებასთან ვიღაც «ანონიმური პრიმიტიული ვიდეო გზავნილების« მხდალი ავტორის შედარება არც მეტი არც ნაკლები, მართლაც " გამოხატვის თავისუფლებისათვის" მამაც მებრძოლთა შეურაცხყოფაა.

არც ქართველ «ქალბატონ რუშდის« დაუწერია «სატანის ლექსები« : როგორც ჩანს საქართველოში გმირობისათვის ტელეფონზე ანონიმური შეგინება და ყურმილის სწრაფად დაკიდებაც საკმარისია.

ასევე არსად გამიგია ნინია კაკაბაძისა და გიორგი მაისურაძის რადიოინტერვიუს გარდა კითხვა დაესვა ვინმეს, რას ნიშნავს სიტყვა «არასახელმწიფოებრივი« მიმართული ნებისმიერი პირის, მათ შორის პატრიარქისადმი, მის მიერ 2008 წლის ომის მიზეზების შესახებ საკუთარი აზრის გამოხატვის სანაცვლოდ? რაზე მიანიშნებს «ომში დაღუპული ბიჭების სულებით« აზრის გამოთქმისა თავისუფლების შანტაჟი ქართული ლიბერალური აზრის მექაში, თავისუფლების ინსტიტუტის კედლებში? იქნებ არც ისე ინფანტილურად მარტივია ეს ყველაფერი, იქნებ ქართველი «ქალბატონ რუშდის« მიერ პატრიარქის წინააღმდეგ მიმართული ეს ლიბერალისათვის ძალიან უცნაური ბრალდება, ქრონიკულად «რელიგიურ ექსტაზში« მყოფ ქართველ ამომრჩეველ–მრევლს შეახსენებს, რომ სწორედაც, თავისუფალი აზრის გამოთქმა ომთან დაკავშირებით თავად პატრარქსაც კი ეკრძალება, არა თუ ჩვეულებრივ ცოდვილ მოკვდავებს... ჩემთვის ძალიან გასაკვირია, რომ ამ გასაოცარი სკანდალის ეს ვერსია, რომელიც დასავლელი ჟურნალისტისათვის აუცილებლად გახდებოდა აქცენტის დასმის საბაბი, საქართველოში ფაქტიურად ხელშეუხებელი დარჩა. ისევე, როგორც
ზემოთ ნახსენები ჯერ კიდევ არ გადაღებული ამერიკული ფილმის წარმატების ჰალუცინაციური ფენომენი … როგორც ჩანს ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ტექსასელმა "კერკეტი კაკლის" პუბლიკამ აღიაროს რომ "მიშაც მაგარი კერკეტია". მე პირადად ამის მეტი ამ უცნაური ფენომენიდან ვერანაირი დასკვნა ვერ გამოვიტანე. ნამდვილად აღარ გამიკვირდება ბრუს სპრინგსტინს ქართული მლიქვნელობის განუმეორებელი მუსიკალური შედევრი "მიშა მაგარია'' რომ შეუკვეთონ ჩვენმა "მეცენატმა'' ბიზნესმენებმა... ბოლოს ერთ დღეს იქნებ "ბორატის" ავტორი, სახელგანთქმული ''პიარისტი''– საშა ბარონ კოენიც დაინტერესდეს გარსიასავით ჩვენი პრეზიდენტის პერსონაჟის განსახიერებით.

საერთოდ, – რენი ჰარლინის ფილმი ჩემი აზრით კომედიის ჟანრს უნდა განეკუთნებოდეს. უნდა ვაღიარო, გარსია მართლაც ძალიან სასაცილოდ შლიდა ხელებს ჩვენი უშნო სოფლის კლუბის წინ მიტინგზე, მაგრამ კოენამდე მაინც ბევრი უკლია. ვილოცოთ, ბორატის ავტორმა გადაიღოს რამე სააკაშვილზე! პიარი და წარმატება მერე ნახეთ, . ჩვენც, «გმირი ყაზახი ხალხისა« და ავსტრიის შემდეგ ჩვენც გაგვითქვამს სახელს.

სრული სერიოზულბით მჯერა, თუ ასეთი ტემპებით გავაგრძელეთ თავბრუ დამხვევი კულტურულ–აღმზრდელობითი "წარმატებები", დარწმუნებული ვარ შორს არ არის ის დღე, როდესაც საშა კოენი ქართველი «ჟმოტი« ბიზნესმენების უანგარო «ინვესტიციების« გარეშეც მოგვევლინება პრეზიდენტის როლში ჩვენს უნიკალურ პლიაჟებზე და ისეთ კინო პიარს გაგვიკეთებს ენდი გარსიას რომ არ დასიზმრებია.
კიდევ ერთი ძალიან სერიოზული თემა – გამსახურდიების სატელევიზიო «საპნის ოპერის« ახლი ეპიზოდები გახდა: კოკო პარლამენტში შევიდა. ცოტნე ციხეში, მანანა კი პროკურატურის წინ თავისი ვეტერანი ზვიადისტებით მორიგ მარაზმში.
საერთოდ, გამსახურდიების საგა , ამ ოჯახის "მარტოობა", ხან მარკესის ას წლიან სევდას, ხან "ადამსების ოჯახის" მხიარული მისტიკის ასოსიაციებს აღძრავს ჩემში. უფრო ხშირად კი სინანულს , რომ დღემდე ამ ოჯახის ზოგიერთი ქარიზმატული წევრის როლი საქართველოს გამოთაყვანებაში ჯეროვნად არავის შეუფასებია, სამწუხაროდ არა მაქვს იმედი, რომ პარლამენტარი ნეოზვიადისტები ამ კომისიას მართლაც რაიმეს შეფასების მიზნით ქმნიდნენ. მკვლელობის გამოძიება კი,ისედაც არ მესმის –რატომ არის უფრო ახლოს პარლამენტის საქმიანობასთან, ვიდრე პროკურატურის.


რა თქმა უნდა ექს პრეზიდენტის სიკვდილის ამბავი გამოძიებული უნდა იქნას, ისევე, როგორც სხვა არანაკლებად გახმაურებული მკვლელობები 90 იანი წლების ველურ და დღევანდელ ვარდისფერ საქართვლოში, გამოძიებული უნდა იქნას ასევე ასობით გაუხმაურებელი ბარბაროსული მკვლელობა , რადგან ამ უკანასკნელთა უკან ისეთივე ტრაგკული ბედის შვილები დგანან, როგორიც დეპუტატი კონსტანტინე გამსახურდიაა. მათ პარლამენტში რა თქმა უნდა ასე იოლად არავინ შეუშვებს. ამ კომისის წევრებს კი ერთი ჟურნალისტიც არ შეეკითხება, რა მოხდებოდა, ზვიად გამსახურდია, შუა საუკუნეების ისტერიული მონარქივით მთავრობის სასახლის ბუნკერში რომ არ ჩაკეტილიყო, რომ გადამდგარიყო, ისე როგორც ამას ფორს მაჟორული სიტუაციისას ყველა ცივილიზებური პრეზიდენტი აკეთებს, საკუთარი შუასაუკუნეობრივი ამბიციური სიჯიუტისათვის ჯერ მთელი საქართველო არ შეეწირა, მერე საკუთარი ოჯახი, ბოლოს კი სიცოცხლე.
91 ში, სულ რაღაც რამოდენიმე კვირიანი უკომპრომისო სისხლიანი სამოქალაქო ომით ქართული სოდომი და გომორის ეპოქა დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება გარკვეული ფორმით. ამაში არანაკლებად დამნაშავეა უკომპრომისო ხელისუფლება და პრეზიდენტი – ვიდრე მისი მოწინააღმდეგენი,და მით უმეტეს გავამპირებული ორივე მხარეზე მებრძოლი უგნური ადამიანები. უფრო მეტიც: პასუხისმგებლობა ნებისმიერი პრეზიდენტის მთავარი პროფესიული ტვირთი, მისი ძალაუფლების სიმბოლოა, მაშინაც კი როდესაც ცამდე მართალია, როდესაც თავად მსხვერპლია. ჩემი აზრით ზვიად გამსახურდიას სწორედ ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ გააჩნდა. მისი სიჯიუტით გამოწვეული დაპირისპირების მყრალი სუნი დღესაც ვერ მოიცილა საქართველომ. და დღევადელი ნეო ზვიადისტური საპარლამენტო კომისიებით ვერც მოიცილებს. რადგან ექს პრეზიდენტი ისეთივე ყალბ ინდულგენციად გადააქციეს ბოლო წლებში, როგორც რელიგიური ფარისევლობა. ეს თემა პირველ რიგში მედიის, ინტელექტუალების მსჯელობის საგანი უნდა გამხდარიყო და მერე კონფორმისტი და არც თუ ისე დამოუკიდებელი პარლამენტარების. მხოლოდ მე ნამდვილი მსჯელობა და დისკუსია მაქვს მხედველობაში, და არა ის ტრაგიკომიკური ტელე «კავეენები« როგორიც მრალად ვიხილეთ ექს პრეზიდენტის თბილისში გადმოსვენებისას 2007 წელს.

ამ წერილში მოყვანილი თემები მცირე ნაწილია იმ განსხვავებებისა, რომელიც ჩემი აზრით ქართულ და დასავლურ მედიის მიერ მოვლენათა შეფასებების, ღირებულებათა ათვლის საერთო წერტილების სიმცირეზე მიანიშნებს.

რა თქმა უნდა საქართველოზე მრავალი უცხოელი მედია ექსპერტია "მომაგრებული", რომელთა აზრი შესაძლოა განსხვავდებდეს ჩემი შეხედულებებისაგან.
მე ევროპული მრისხანე ორგანიზაციების მიერ მანდატირებული ექსპერტი არა გახლავართ. საერთოდ, მადლობა ღმერთს, არაფრის ექსპერტი არა ვარ: აზრის თავისუფალი მანევრის უფლებას ვერ ველევი, თორემ იქნებ მეც მეცადა თავი რაიმე სერიოზული დარგში, მაგალითად პოლიტიკოსების ცოლების გავლენების სფეროების კვლევისა და ანალიზის ცენტრი შემექმნა, ან რაღაც ამდაგვარი... ამბობენ კარგად იხდიანო.მაგრამ უკვე გვიანია, ექსპერტი ჩემგან აღარ გამოვა.

სამაგიეროდ პოლონელი, გერმანელი და ფრანგი ექსპერტებისაგან განსხვავებით, ქართველი ასისტენტების ინგლისურად დაწერილი რაპორტი არ მჭირდება იმისათვის, რომ ვიცოდე თუ რას "ლაპარაკობს და უჩვენებს ქართული მედია", რას წერს. მე თავად ვკითხულობ, თავად ვუყურებ, მესმის. თავად ვარ ორივე, ქართული და დასავლური რეალობების ცოცხალი ნაწილი – მე ამ რეალობას ვსუნთქავ!


როდესაც ნაბახუსები ექსპერტები საქართველოში ზუსტად იგივე «ხის ენით « აკეთებენ ხოლმე კომენტარს , « მედიის როლზე რეგიონალური დემოკრატიის განვითარების დარგში«, როგორითაც კოსოვოში, უკრაინაში და სხვა "ექსპერიმენტალურ" ქვეყნებში, ეს მოკლე ტვ "ტრაგედიები" ჩემში პირადად ერთგვარ სიბრალულის გრძნობას იწვევენ: სულ მგონია რომ შიშისაგან გამუდმებით მუხლები უკანკალებთ, ვინმეს მათი უბადრუკი ცოდნა ყელში რომ არ მოუვიდეს და მოულოდნელად უმუშევრები არ დატოვოს. საინტერესოა, ვინ მოიგონა?...– მედიის ექსპერტი!…რაღაც პოლიციის პოლიციას გავს ამერიკული ფილმებიდან.

საქართველში ზუსტად ისეთივე ხელმისაწვდომია საერთაშორისო აქტუალობის წერითი, ტელე და რადიო ვერსიები როგორც აქ პარიზში. ქართველი ჟურნალისტებს ინფორმაციის დაახლოვებით ისეთივე არჩევანი აქვთ, როგორიც მათ დასავლელ კოლეგებს. ჩემი აზრით განსხვავება მხოლოდ გამბედაობის , სწორედ იმ «გამოხატვის თავისუფლების« ძალიან დაბალ ხარისხშია, რომელის გამოც ამასწინათ ვინმე მამა ბუასილი ანონიმურ იესოდ შერაცხეს, სასწრაფოდ საგულდაგულოდ მიაჭედეს მედია ჯვარზე, თვითონ კი ხელები გადაიბანეს და ვალმოხდილნი შალვა ნათელაშვილის მესამე და მეექვსე ასისტენტის მიერ გამართულ მეტად «აქტუალურ« პრესკონფერენციაზე გაეშურნენ.


ნადიმი შავი ჭირის ჟამს

POP ARME ანუ კალაშნიკოვის სევდა (აგვისტო. 2003)

პ.ქ. მიხაელ ტიმოფეევიჩ, გუშინ TF1( საფრანგეთის ტელევიზიი 1 არხი) საღამოს საინფორმაციო გადაცემამ სამ წუთუანი სიუჟეტი აჩვენა თქვენს შესახებ, სადაც თქვენთან ინტერვიუსა და საარქივო მასალის საშუალებით შეეცადნენ მოეთხროთ ავტომატ კალაშნიკოვის ისტორია, უფრო კურიოზული შემდეგი სიუჟეტი მომეჩვენა – როგორც გადმოსცეს, გუშინ, დილის ათ საათზე პარიზის დისნეილენდის ერთერთ ფულის გადასახურდავებელ ბიუროს მძარცველები დაესხნ.
ღაც, ბილეთების რიგში მდგომა ტურისტებმა თავიდან დისნეის მორიგ სპექტაკლად მიიღეს, სანამ დროზე მოსულ პოლიციელებს ,, ბანდიტებმა ცეცხლი არ გაუხსნეს კალაშნიკოვებიდან,,. ხომ არ გწყინთ ხანდახან, რომ თქვენს ვარს ასე ხშირად იხსენიებენ მსგაგვს კონტექსტში?
კალაშნიკოვი– ბანდიტებიც ხომ ყველაზე მარტივ და საიმედო იარაღს იყენებენ.. უფრო უბრალო და უტყუარი იარაღი კი მსოფლიოში დღემდე არავის შეუქმნია. რა თქმა უნდა არ მსიამოვნებს , როცა ჩემს იარაღს ასეთი მიზნებისათვის იყენებენ, მაგრამ... ამავე დროს, ბანდიტებიც ყოველთვის იმას ირჩევენ, რაც არასოდეს უღალატებთ.
პ.ქ. ე.ი. გუშინდელი ძარცვა დისნეილენდში, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ კალაშნიკოვი საუკეთესო ავტომატური იარაღია მსოფლიოში...
კალაშნიკოვი–მე ეს იარაღი კრიმინალებისათვის კი არა სამშობლოს საზღვრების დასაცავად შევქმენი. იარაღი მხოლოდ სამხედროებს უნდა ჰქონდეთ. Aარ უნდა გადადიოდეს ასე, ხელიდან ხელში... კარგად დაცულ ოთახში დიდი კლიტით უნდა იყოს ჩაკეტილი.
პ.ქ. გუშინდელ რეპორტაჟში კიდევ ერთხელ ახსენეს, რომ მსოფლიოში დღეს, 100 მილიონი ავტომატია ცირკულაციაში, რომელიც თქვენს სახელს ატარებს. Dდამეთანხმებით ძალიან დიდი ციფრია, მაიკლ ჯექსონისა და მადონას გაყიდულ დისკების რაოდენობას თუ შევადარებთ მხოლოდ...
კალაშნიკოვი–(იცინის) ეს მასმედიას სტატისტიკაა, ზოგი 70 მილიონს ამბობს, ზოგი ასს... რა მნიშვნელობა აქვს, ჩემთვის ეს ცარიელი ციფრებია, რადგან არც ერთ მათგანში კაპიკიც არავის მოუცია.
პ.ქ. თქვენი გვარი მეოცე საუკუნის ერთ - ერთ კულტად იქცა - ჩაპლინი, მონრო, კენედი...კალაშნიკოვი. საუკუნის ერთერთი ფეტიში საგანი თქვენი შექმნილია, როგორც კალამი ბიკი, კოკა კოლა ან ფილტრიანი სიგარეტი. ნამდვილი როკ ვარსკვლავივით პოპულარული ხართ, მხოლოდ არც თუ ისე მდიდარი. დღესაც, ამ სალონზე, თითქოს ყველაფერი თქვენს გარშემო ბრუნავს... რას ნიშნავს თქვენთვის ასეთი მატერიალურად აუნაზღაურებელი საბჭოთა პოპულიარობა ?
კალაშნიკოვი–ჩემი პოპულიარობა არ არის მწვანეებზე(დოლარი) აგებული, ეს არასოდეს მქონია ჩვევაში. ჩვენ სამშობლოს სიძლიერისათვის ვმუშაობდით. სამამულო ომის მონაწილე, ყოფილი ტანკის მეთაური ვარ, ერთ ერთ ბრძოლაში დაჭრილი, სწორედ მაშინ ავიღე ფანქარი, რომ რაიმე სასარგებლო შემექმნა ჩვენი ჯარისკაცებისათვის – გერმანელები მთლიანად ავტომატებით იყვნენ შეიარაღებულნი, ჩვენ კი მხოლოდ ვინტოვკებით, ისიც ერთით ორ-სამ ჯარისკაცზე... აი, ამიტომ გამიჩნდა სურვილი კონსტრუქტორი გავმხდარიყავი, და არა ფულის გამო... გერმანელების დამსახურებაა, მე რომ სამხედრო კონსტრუქტორი გავხდი.
პ.ქ. შეგიძლიათ თქვენი თავი, რაიმე უფრო მშვიდობიანი საგნის კონსტრუქტორად წარმოიდგინოთ?
კალაშნიკოვი–ჩემი აზრით დედამ კონსტრუქტორად გამაჩინა. გლეხების ოჯახში დავიბადე, და ალბათ ომი რომ არა, მათი მძიმე შრომის შემა...
...მე...არა...მე...შემამსუბუქებელ რაიმე მანქანის შექმნას შევეცდებოდი... მაგრამ გერმანელები...
პ.ქ. გამოდის, რომ საკუთარი თავის საწინააღმდეგო იარაღი თავადვე შექმნეს, თითქოს მესამე რეიხის მადლობელიც კი უნდა იყოთ, ასეთი წარმატებული კარიერით, თქვენ თუ არა სამშობლო მაინც...
ეს მამულის ტკივილით გამოწვეული იძულებითი ნაბიჯი იყო.
პ.ქ. ბატონო კალაშნიკოვ, საერთოდ ადამიანების იარაღთან დამოკიდებულება რადიკალურია - ან ძალიან უყვართ ან ვერ იტანენ. დავივიწყოთ რომ იარაღის ყველაზე ცნობილი ოსტატი ბრძანდებით, თქვენ თვითონ რა დამოკიდებულება გაქვთ იარაღთან ?
კალაშნიკოვი–
მე ბევრ კოლექციონერთან ვყოფილვარ საზღვარგარეთ, რომლებსაც სახლში საბრძოლო ვაზნებით აღჭურვილი ტყვიამფრქვევები აქვთ, ქვემეხებიც კი მინახავს ზოგიერთ მათგანთან, მხოლოდ ეს ყველაფერი კანონის ფარგლებშია მოქცეული, ამიტომ მათი არავის ეშინია...რა მოხდა, ადამიანს ქვემეხი ექნება თუ ტყვიამფრქვევი...საერთოდ, უნდა შევეცადოთ, რაც შეიძლება მეტი კოლექციონერი იყოს, მათი არ უნდა გვეშინოდეს. უბრალოდ კანონს უნდა ვიყენებდეთ მკაცრად იმათ წინააღმდეგ, ვინც იარაღს არა სწორი დანიშნულებით იყენებს, და ამისათვის მკაცრად უნდა ვსჯიდეთ.
პ.ქ. თვლით, რომ მაინც ღირს იარაღის ლეგალიზებაზე ფიქრი, როგორც, ვთქვათ ამერიკაში?
კალაშნიკოვი–
რა თქმა უნდა, და არა მხოლოდ ამერიკაში... ერთ კოლექციონერთან ვიყავი შვეიცარიაში, რომელსაც სახლში ქვემეხი აქვს, გვერდით კი ჭურვები უწყვია. – ეს როგორ, ჩვენთან ამაზე ფიქრიც კი აკრძალულია მეთქი, ვუთხარი, ის კი მპასუხობს, რამე რომ მოხდეს , იციან ვისაც მიაკითხონ, პასუხისმგებელი მე ვარო. ..აი ასე..
პ.ქ. თქვენ თვითონ თუ გაქვთ რაიმე კოლექცია?
კალაშნიკოვი–
ძალიან პატარა, სულ რამოდენიმე ნაჩუქარი იარაღი.
პ.ქ. რომლები?
კალაშნიკოვი–
სხვადასხვა... კარაბინები, ჩვენი და უცხოური წარმოების. ხშირად ვმოგზაურობ საზღვარგარეთ, ვხვდები კონსტრუქტორებს. Aამერიკაში ხუთჯერ ვარ ნამყოფი.
პ.ქ. საბჭოთა პერიოდში, საავტორო უფლებები, რბილად რომ ვთქვათ, ხშირად ირღვეოდა, იშვიათი გამონაკლისების გარდა. როგორ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ავტომატზე თქვენი, და არა რომელიმე ბელადის სახელის მინიჭების შესახებ?
კალაშნიკოვი–
საავტორო უფლებები მართლაც არ იყო დაცული, მაგრამ მაინც, მიღებული იყო , იარაღს ავტორის სახელს არქმევდნენ. მაგალითად, მაკაროვის პისტოლეტი, დეგტიაროვის ტყვიამფრქვევი, შპაგინის პისტოლეტები და ტყვიამფრქვევები, სემიონოვის კარაბინი...მეც, მათ შორის - კონკურსზე გამარჯვების შემდეგ, იარაღს ჩემი სახელი მიანიჭეს.
პ.ქ. ე.ი. თვლით, რომ საბჭოთა საავტორო უფლებების კოდექსში იარაღი გამონაკლისს წარმოადგენდა?
კალაშნიკოვი–
რა თქმა უნდა... იყო გარკვეული ფასეულობები, ტრადიციები.
პ.ქ. ბატონო კალაშნიკოვ, თქვენი ცხოვრება და კარიერა მთლიანად სამხედრო საქმესთან არის დაკავშირებული. რას ფიქრობთ იმის შესახებ, რომ ევროპაში, ამერიკაში, რუსეთშიც კი არმია სულ უფრო და უფრო ნაკლებად პოპულიარული ხდება – ადამიანები ნაკლებად ამაყობენ თავიანთი ჯარის სიძლიერით...
კალაშნიკოვი–
მე ვფიქრობ, რომ არც ერთი წესიერი ქვეყანა არ არსებობს კარგი არმიის გარეშე, იმისათვის, რომ მას ღირსეული ადგილი ეჭიროს პლანეტაზე, აუცილებელია, რომ თავდაცვის სიმძლავრე უმაღლეს დონეზე ჰქონდეს აყვანილი... ჩვენ სწორედ ეს დავკარგეთ საბჭოთა კავშირის დაშლის გამო – საკუთარი არმიის პატივისცემა.
იგივე ხდება საფრანგეთში, ამერიკაში... მიუხედავად მათი სისტემების სტაბილურობისა...
ეს პოლიტიკა დაატრიალეს ასეთი. მე მაინც მჯერა, რომ სამხედრო მაგალითი უნდა იყოს ყველასათვის, სამშობლოს ფარი...მამაკაცი იმისათვის იბადება, რომ საკუთარი ოჯახი დაიცვას, აქედან გამომდინარე, საკუთარი სამშობლო.
დაუვიწყარი შეხვედრა კალაშნიკოვთან. 2003

პ.ქ. ამისათვის კი, რა თქმა უნდა ყველაზე საიმედო და მარტივი იარაღი სჭირდება, ასე არ არის?
კალაშნიკოვი– ..... . .
პ.ქ. ფარი და სამშობლო ახსენეთ – მამული, იარაღი, თავდაცვა... პრაქტიკულად ყველა ამ სამი სიტყვით ჟანგლიორობს, განსაკუთრებით თავდაცვით, მაგრამ, დამეთანხმებით, ერთ ერთი მხარე აუცილებლად თავდამსხმელია, ხოლო ყოველი თავდასხმა შეგვიძლია თავდაცვათ გადავათამაშოთ, და პირიქით. Dღევანდელი მრავალრიცხოვანი კონფლიქტების ყველა მხარე თავდაცვის დროშით ომობს – ბუში, ჰუსეინი, ბენნადენი, არაფატი, შარონი... ჩვენი სალონის შესასვლელთან თეთრებში ჩაცმული პაციფისტების მანიფესტაცია უკვე მესამე დღეა გრძელდება, ისინი ყველაფერში იარაღის ბიზნესს ადანაშაულებენ... იქნებ რაღაც ვერ გაიგეს, რაღაცას ვერ მიხვდნენ ამ სამი სიტყვის თამაშში... რას ეტყოდით მათ?

კალაშნიკოვი–მე... მე ვიტყოდი... ვეტყოდი რომ...ყველა ქვეყანას, რომელსაც არსებობა უნდა, საიმედო და ძლიერი არმია უნდა ჰყავდეს... დიახ, ასე ! ამიტომ არმიას მოექცე ისე, როგორც რაღაც მეორე ხარისხოვანს, ჩვენი პოლიტიკოსების დიდი შეცდომაა. რაღაც სამასხარაო მოაწყეს, დედოვშინებს და ეშმაკმა იცის კიდევ რას არ უგონებენ( აქ ბტ. კალაშნიკოვს ცრემლი მოადგა თვალზე) რა თქმა უნდა, წესრიგი არ არის, ძნელია ყველა პრობლემების ერთად გადაჭრა, გადაწყვეტილებების მიღება ყველა სფეროში... მაგრამ მაინც, არმია იმისთვის არსებობს, რომ ქვეყანამ მშვიდი ძილი შესძლოს.
პ.ქ. თვლით თუ არა თქვენს ცხოვრებას რეალიზებულად და დაგრჩათ თუ არა რაიმე ისეთი გასაკეთებელი, რასაც მნიშვნელოვნად თვლით?
კალაშნიკოვი–
უამრავი რამ დამრჩა გასაკეთებელი, მე ხომ ურთულეს პირობებში მიწევდა ყოველთვის მუშაობა – საკუთარი საკონსტრუქტორო ბიუროც კი არ მქონდა, არც ქარხანა, სადაც ცდებს ჩავატარებდი,ამერიკაში ჩემს კოლეგებს სულ ცოტა სამი ქარხანა ემსახურებოდა, მე კი მხოლოდ ფანქარი და ქაღალდი...
პ.ქ. სამაგიეროდ თქვენ ისეთი ორი ვარსკვლავი გაქვთ, რომელიც არც ერთ ამერიკელს არ ღირსებია.
კალაშნიკოვი–
ისინი ყველაფრის მწვანეებით აფასებენ, ჩვენ კი სხვა ფასეულობები გვქონდა. მე ვამაყობ, რომ მსოფლიოს ბევრმა ხალხმა თავისუფლებას ჩემი შექმნილი იარაღით მიაღწია, ჩემი ავტომატი ზოგიერთი მათგანის დროშაზეც კია გამოსახული. აბა დამისახელეთ სადმე მსოფლიოში ერთი კონსტრუქტორი მაინც, რომელსაც სიცოცხლეში ბრინჯაოს ბიუსტი დაუდგეს, მომიძებნეთ თუნდაც ერთი უცხოელი კონსტრუქტორი, რომელთანაც პრეზიდენტი მიდის სახლში დაბადების დღის მისალოცად, ვის უშენებენ სხვას მუზეუმს სიცოცხლეში,
განა ეს ფასეულობები არ არის? იჟევსკში მიშენებენ მუზეუმს, მართალია ძალიან გაჭიანურდა, მაგრამ მაინც... ჩემი სახელობის მედლებიც კი არსებობს.
პ.ქ. ხართ თუ არა რელიგიური?
კალაშნიკოვი–(გრძელი პაუზა)ჩემი თაობა ათეისტურ სულისკვეთებით არის აღზრდილი, გვასწავლიდნენ, რომ ღმერთი არ არის. მეფე ცუდია და ა.შ... კარგად მახსოვს, დამიან ბედნიმ ქრისტეს ბრალდება დაუწერა, რაზედაც ესენინმა ასეთი პასუხი გასცა:
. . .


და აქ ბატონმა კალაშნიკოვმა ჩვენს გარშემო მყოფი თაყვანისმცემლების გასაოცრად, სავარაუდოდ ცნობილი ათეისტის, დამიან ბედნისაგან ესენინის მიერ, იესოს დასაცავად დაწერილი ცნობილი გრძელი ლექსი წამიკითხა, სევდიანი, და ცოტა აკანკალებული ხმით. არა მგონია ჩემს მიერ გადაჭარბებული ყოფილიყო გრძნობა, რომელიც ამ ლექსის მოსმენისას, უფრო სწორად ყურებისას გამიჩნდა. პრინციპში, ეს იყო მთავარი, რაც ამ პატარა ოთხმოცს კარგა ხნის წინ გადაცილებული კაცისაგან მაინტერესებდა, და პირდაპირ კითხვის დასმა ვერ შევძელი - ალბათ დელიკატურობის გამო – ასი მილიონი ავტომატი კალაშნიკოვი, რომელიც დღეს მთელს მსოფლიოშია მოფენილი, ამას დამატებული კიდევ რამოდენიმე მილიონი, რომელიც მეოცე საუკუნის სისხლიან ისტორიაში ჩაიმარხა აფხაზეთში დაღუპულ ჩემს მეგობრებთან ერთად, თვითონ აფხაზებთან და კიდევ სხვა უამრავ პატრიოტიზმისა და თავდაცვის პრეტექსტით მოკლულ უგნურებისა და იარაღის ბიზნესის მსხვერპლებთან ერთად. ვიგრძენი, რომ მათი ფანტომები მიხაილ ტომოფეევიჩს ცხოვრებას უმწარებენ.
ლექსის დამთავრება ძლივს მოასწრო., დაიღალაო ამიხსნეს და ოქროს ვარსკვლავებიანი პატარა მოხუცი ცუნცულით წაიყვანეს პავილიონის გასასვლელისაკენ. გზაში ვიღაც ამერიკელ ორმეტრიან გენერალს გადაეყარა., რომელიც ლამის შუაში გადატყდა პატივისცემის გამისახატავად... მე კი წარმოვიდგინე ის , რაც ალბათ ჯონ ლენონისათვისაც კი წარმოუდგენელი იყო ყოველთვის, იმიტომ, რომ არასდროს უნახავს, როგორ გადაიქცევა ხოლმე პარიზი ორ წელიწადში ერთხელ მსოფლიო შეიარაღებული მარაზმის დედაქალაქად... წარმოვიდგინე, რომ ერთ მშვენიერ დღეს მესამე ქვეყნებმა უცებ, პირველი და მეორე ქვეყნებისათვის მოულოდნელად, ერთმანეთთან ჩხუბს და ურთიერთობების გარკვევა შეწყვიტეს და , შერიგდნენ, წარმოვიდგინე როგორ სვამენ ჩაის გაზას ჩაიხანაში შარონი და არაფატი, როგორ ლოცულობენ გვერდიგვერდ ინდოელი ბუდისტები და პაკისტანელი მუსულმანები, ან როგორ აშენებენ ერთად ახალ სოციალიზმს და დანგრეულ დედაქალაქს ჩეჩნები და კრასნოიარსკელი კაზაკები... ჩემდა გასაკვირად არც კი გამეცინა, რადგან დისნეილენდის ძარცვასა, და კალაშნიკოვზე გაკეთებულ სიუჟეტზე ადრე, იგივე საინფორმაციო პროგრამაში ბენზინზე ფასის აწევა გვამცნეს ღამის თორნეტი საათიდან, ზუსტად ჩემი ინტერვიუს დღეს.
უკვე საღამოს ექვსი საათი იყო და ჯობდა დროზე მეზრუნა ჩემი მანქანის თითქმის ცარიელი ბენზინის ავზის ავსებაზე. ამიტომ მეც ჩემი სახელოვანი მეავტომატეს კვალს გავყევი, გზაში კი ვფიქრობდი, რომ პრინციპში, ჯონ ლენონი სწორედ და საკმაოდ მალე მიხვდა, რომ თუ ხალხი ყველაფერს ზუსტად ისე წარმოიდგენდა, როგორც ის მარტოობის საუკეთესო წუთებში ისურვებდა , მაშინ მის საუკეთესო მყიდველებს, ევროპასა და ამერიკაში ცენტიც არ დარჩებოდათ ჯიბეში გენიალური დისკის – Imagine - ის საყიდლად.
Paris 2003

------------------------