13 mars 2009

პრომეთე

1
ცხოვრება აუტანელი ხდება, როცა პირველად იგრძნობ, რომ ყველაფერი, რაც აქამდე შენი გეგონა, სხვისია... შენი მეზობლის, მეგობრის, ნათესავის, რომელსაც ვერ იტან... ან ვიღაც ჯერ არ დაბადებულის, არ არსებულის. უცნობის, რომელსაც ყოველ დილას ქუჩაში ხვდები და იმავე წუთს ივიწყებ... ან იქნებ - ეს ვიღაც სულაც სადღაც  , საკუთარ ოჯახში ან სამსახურში ძის, ათასობით კილომეტრის იქით... შენს ქვეყანაში ცხოვრება არც უფიქრია. აზრადაც არ მოსდის, რომ ერთ დღეს, შენი ტელევიზორი, რომელსაც ყოველ საღამოს უყურებ, მისი გახდება, ღამის ნათურაც, რომლის შუქზე წიგნს, ან ჟურნალს კითხულობ. მაცივარიც, სადაც ცივ ლუდს ინახავ, საწოლიც, რომელზეც ყოველ ღამე ცოლთან ერთად წვები... ცოლიც...შვილებიც მისი გახდებიან! შენი საკუთარი შვილები, რომლებიც ყველაფერს, ღმერთსაც კი გერჩივნია!...ბოლოს მიხვდები, რომ შენც აღარ ეკუთნი საკუთარ თავს და გული აღარაფერზე დაგწყდება. გაუგებ ნივთებსაც და ადამიანებსაც, მათ სასაცილო სწრაფვას სხვების ერთგულებისაკენ... ვისაც ჯერ არც კი იცნობენ და როგორც კი გაიცნობენ, დაუყოვნებლივ თადარიგს იჭერენ, მორიგი უცხოს  სიყვარულისა და ერთგულებისათვის... შენ კი იძულებული ხდები, სხვისა თუ არა, საკუთარ გაუცხოებას მაინც გაუგო, დაუჯერო, შეეგუო... თუ არა... დარჩე საცოდავი, გულჩვილი, ნაწყენი და ისტერიული... საგნები ისევ დაწყებენ შენსკენ სვლას, ცოლიც, შვილებიც... მხოლოდ სულ სხვა პირობებით – დღითი დღე უფრო უცხოები გახდებიან, შენ კი უფრო ერთგული... უფრო მიჯაჭვული, როგორც პრომეთე...

2
დამოუკიდებლობა არ არის თავისუფლება.
თავისუფლება არ არის ბედნიერება,
ბედნიერება არის გაელვებები, 
როდესაც თავისუფლებაზე აღარ ფიქრობ.
როდესაც თავად ხარ თავისუფლება...
                                                                                     
ბედნიერების  გაელვებები ყველას ემართება 
-მეფესაც და მონასაც... 
 სულ რამდენიმე წამი, ან უფრო ნაკლები  გრძელდება... 
მაგრამ საკმარისია... 
სრულიად საკმარისია... 

3
ჰო...მართლა, პრომეთე...- საუკუნეების მანძილზე კავკასიონის მთას მიჯაჭვულს ბოროტი არწივი  ღვიძლს უკორტნიდა. მისი ერთგული ძაღლი კი განუწყვეტლივ ლოკავდა ჯაჭვს, რომელიც გაწყვეტის პირზე მისული, ისევ მთელდებოდა და უსასრულო ტანჯვა ისევ თავიდან იწყებოდა. სანამ ერთხელ, სასოწარკვეთილი პრომეთე ამ აბსურდული პროცესის რეორგანიზაციის შესაძლებლობაზე არ დაფიქრა და არ მიხვდა, რომ ერთგულ ძაღლს სულ ტყუილად აკარგინებდა დროს ჯაჭვების ლოკვაში – პირველ რიგში არწივს მიუქსია და დააგლეჯინა. მერე ისევ ჯაჭვების ლოკვა დაავალა, რომლებიც ცხრა წლის შემდეგ ისევ გათხელდნენ. ბოროტი ფრინველისაგან მოსვენებულ პრომეთეს ჭრილობები მთლიანად მოუშუშდა,ჯან–ღონე მოიკრიფა. ისე მოღონიერდა, რომ ჯაჭვების ბოლომდე გათხელებას, აღარც დაელოდა, ერთ ნაშეადღევს ორივე მაჯაზე დაიხვია, და ისე დაწყვიტა, იქაურობას სულ ბდღვირი აადინა.
შეშინებული ძაღლი, კარგა ხანს იმალებოდა დიდი ლოდის უკან და საცოდავად წკმუტუნებდა. სანამ პრომეთემ კუდით არ გამოათრია. სიხარულით აღგზნებულმა ძაღლმა შემთხვევით ცხვირზეც კი უკბინა  საყვარელ პატრონს, თუმცა ამისათვის არ დასჯილა.
დიდ ხანს უალერსეს ერთმანეთს, ბოლოს, როცა თავისუფლების  ეიფორიამ გადაუარათ, პრომეთე დაფიქრდა. მიიხედ მოიხედა, მერე კიდევ დაფიქრდა, ამჯერად დიდი ხნით... თითქმის ცხრა წელი ფიქრობდა. ბოლოს წამოდგა და მღვიმის დალაგებას შეუდგა. ძაღლი სიყვარულით, მაგრამ ნაკლები ერთგულებით ადევნებდა თვალს – ჭკვიანი იყო,  მაშინვე მიხვდა: არსადაც არ წავიდოდნენ.
პრომეთე დღესაც იქ, კავკასიონის მიუვალი კლდის მღვიმეში ცხოვრობს, რომელიც შეძლებისდაგვარად, არც თუ ისე ცუდად მოაწყო. ბედს არ უჩივის. მხოლოდ, ხანდახან მარტოობის სევდა შემოაწვება ხოლმე, რადგან ერთგულმა ძაღლმა მიატოვა – ერთ წვიმიან გაზაფხულს, ცხვრის ფარას გაჰყვა და მთელი დარჩენლი სიცოცხლე ერთგულად ემსახურა ერთ ლოთ სვან მწყემსს, სანამ ბოლოს, ბებრი და გაზანტებული მგლებმა არ დაგლიჯეს.
პრომეთეს დღესაც გონია, რომ ერთ მშვენიერ დღეს ერთგული მეგობარი დაუბრუნდება, მაგრამ ამაზე, სულ უფრო და უფრო იშვიათად ფიქრობს... ეს მისი სასჯელის უკანასკნელი, მარადიული ეტაპია, რომელსაც ღმერთმა, თავისუფლება დაარქვა... თავისუფლება, რომელიც არ იცი რაში გამოიყენო.


პაატა ქურდაძე
29 ნოემბერი 1998
Paris